ბიზნეს სიახლეები
„ხუთშაბათის შეხვედრები“ ქუთაისში - იმერეთი, როგორც მიზიდულობის ცენტრი
ბიზნეს ბლოგი
26 თებერვალი 2024
visibility 688


22 თებერვალს ქუთაისში თიბისი ბიზნესის რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართა სერიიდან — „ხუთშაბათის შეხვედრები“. ამჯერად მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და მათი მთავარი სასაუბრო თემა ეხებოდა იმერეთს, როგორც მიზიდულობის ცენტრს.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ღონისძიების სპიკერები იყვნენ: მარი დევიძე — DMO (Destination Management Organization) იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო თვალთვაძე — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი; თამარ გულედანი — ქორდიალ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი; ლაშა ბერეკაშვილი — Travel To Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და ტუროპერატორი.

ღონისძიებამ, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ინდუსტრიის წარმომადგენელთა დიდი ყურადღება მიიპყრო, შექმნა უნიკალური პლატფორმა რეგიონის ტურისტული ლანდშაფტის შესახებ დისკუსიის გასამართად და მოსაზრებების გასაზიარებლად.

 

შეხვედრა კაფე „პალატიში“, ძალიან სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, რამაც სპიკერებსა და დამსწრეებში საკითხის შესახებ გულწრფელად მსჯელობის მოტივაცია აღძრა. მთავარ თემაზე გადასვლამდე სპიკერებმა მოწვეულ სტუმრებს უკეთ გააცნეს საკუთარი თავი და თავიანთი საქმიანობის არსი. შემდეგ კი შეხვედრის მოდერატორმა, აკო ახალაიამ, დისკუსიის მონაწილეებს მიმართა კითხვებით, რომლებზე გაცემულმა პასუხებმაც შესანიშნავად წარმოაჩინა ტურიზმის სექტორის სპეციფიკა იმერეთის რეგიონში — მისი გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

სპიკერების განსხვავებულმა გამოცდილებებმა და პერსპექტივებმა შექმნა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო კოლექტიური, უფრო სრული შეხედულებები, რომლებიც ასახავდა ტურიზმის აწმყოსა და მომავალს იმერეთის რეგიონში.

დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთს გააჩნია როგორც ისტორიული, ასევე ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, თუმცა აუცილებელია სტრატეგიული ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში ამ ადგილების ხელმისაწვდომობისა და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

 

ინფრასტრუქტურასთან ერთად, საკვანძო საკითხებად გამოიკვეთა ტურიზმის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ქმედითი სტრატეგიის არსებობა და უფრო დიდ მასშტაბებზე ფოკუსირება.

 

უფრო მეტიც, დისკუსია შეეხო თანამშრომლობისა და ინოვაციების მნიშვნელოვან როლს ტურიზმის სექტორში გამოწვევების დაძლევისა და შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ხაზი გაესვა საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ასევე მარკეტინგისა და ვიზიტორების ჩართულობისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.

 

A person holding a phone in front of a group of people

Description automatically generated

რა ტურისტული პოტენციალი გააჩნია ამჟამად იმერეთს და რა არის ის უნიკალური რამ, რაც ამ მხარეს ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის?

ლაშა ბერეკაშვილი: პირველ რიგში, ეს არის დაბალბიუჯეტურობა — ჰორეკას სექტორი 30%-ით იაფია იმერეთსა და კონკრეტულად ქუთაისში, ვიდრე საქართველოს წამყვან ტურისტულ ქალაქებში — თბილისსა და ბათუმში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობა სხვა ქალაქებთან შედარებით, რაც ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, ცოტა დრო დაყონ ტრანსპორტში და მეტი დრო გაატარონ სხვადასხვა ტურისტულ ატრაქციაზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ნებისმიერი ტურისტისთვის. გარდა ამისა, დიდი უპირატესობაა ის, რომ საქართველოს მთავარი ტურისტული ატრაქციების უმეტესობა ან იმერეთში ან მასთან ახლოს მდებარეობს. აღარაფერს ვამბობ აეროპორტზე, რომელიც ამ სექტორში მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

 

A group of people sitting at a table

Description automatically generated

თქვენი აზრით, ტურიზმის მიმართულებით რა არის ამ რეგიონის მთავარი გამოწვევა და რა შესაძლებლობები არსებობს აქ, რომლებიც სექტორის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ?

თამარ გულედანი: რეგიონში არის აეროპორტი, რომელიც წლებია ფუნქციონირებს და საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ განხორციელებული რეისებიდან უმეტესობა სწორედ ქუთაისის აეროპორტზე მოდის. ამასთან, ეს ტენდენცია მუდმივად მზარდია. ეს არის ის მთავარი პოტენციალი, რომელიც სექტორმა უნდა გამოიყენოს. ამჟამად კი, ჩემი აზრით, რეგიონი ამას ვერ ახერხებს. ჩამოსული ტურისტები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ისე, რომ შეიძლება ქუთაისში საერთოდ არ გაჩერდნენ. პირველ ეტაპზე მხოლოდ ამაზე რომ კონცენტრირდეს სექტორი და ამ აეროპორტში ჩამოსული ადამიანების რეგიონში გაჩერების დრო გაზარდოს, ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესი იქნება.

 

მეორე პრობლემატური საკითხი არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, იქნება ეს სატრანსპორტო ხაზის მოწესრიგება, თუ დიდი ზომის სასტუმროების რაოდენობის ზრდა. ეს აუცილებელია დიდ მასშტაბებზე გასასვლელად. დიდი ზომის განთავსების საშუალებების არარსებობა, ავტომატურად აჩერებს მსხვილი მოთხოვნის გაჩენას. დიდი მასშტაბებისთვის კი საჭიროა მასობრივი, ორგანიზებული ტურიზმის დაწყება.    

 

A person holding a microphone

Description automatically generated

რა ირიბი თუ პირდაპირი გავლენა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შექმნილ შესაძლებლობებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე?

ნინო თვალთვაძე: დავიწყოთ იმით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის აკადემიური ინსტიტუცია, ამიტომ მისი პირდაპირი და უშუალო ფუნქცია არ არის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. თუმცა დღესდღეობით უკვე ვხედავთ ამ მიმართულებით ირიბ გავლენებს. კერძოდ, უნივერსიტეტი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელია — დღემდე ჩვენ ვუმასპინძლეთ სამ საერთაშორისო ოლიმპიადას და წელს კიდევ ერთია დაგეგმილი. ეს კი გულისხმობს ქალაქში ძალიან ბევრი სტუმრის ჩამოსვლას.

 

გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააფუძნა და ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს. ამასთან, მუდამ ვცდილობთ, ვიყოთ კულტურული ღონისძიებების თანამონაწილენი. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა Tbilisi Mural Fest-თან, რომლის ფარგლებშიც ჩვენი საცხოვრებლის კედლები ძალიან ცნობილმა სტრიტ არტისტებმა მოხატეს. ეს ნამუშევრები დატანილია სტრიტ არტის რამდენიმე მნიშვნელოვან რუკაზე და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტურისტები უნივერსიტეტს სწორედ ამ ნამუშევრების სანახავად სტუმრობდნენ. 

გარდა ღონისძიებების მასპინძლობისა, დასაქმებული გვყავს უცხოელი პროფესორები და ველით უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდას, რაც ქალაქის ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

 

ბოლოს აღვნიშნავ იმასაც, რომ უახლოეს მომავალში KIU-ს ექნება სამი დიდი საკონფერენციო სივრცე, რომლის ნაკლებობასაც ქალაქი ნამდვილად განიცდის. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და საშუალებას მოგვცემს, მომავალში მეტ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ.

A person sitting at a table

Description automatically generated

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები და რა როლს თამაშობს ისინი ტურიზმის ეკოსისტემის განვითარებაში?

მარი დევიძე: ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ამ ტიპის შეხვედრები, კომუნიკაცია და მოსაზრებების გაცვლა ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იტყვიან, ჭეშმარიტება კამათში იბადება და, შესაბამისად, ყოველთვის მხარს დავუჭერ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ ასეთი ღონისძიებების ინიციატორი და, რა თქმა უნდა, ვემხრობი იმ აზრს, რომ ასეთი დისკუსიები აუცილებელია ტურიზმის ეკოსისტემის განვითარებისთვის.