ბიზნეს სიახლეები
ღვინის ბარმა Wine Not გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი - რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა
ბიზნეს ბლოგი
19 მარტი 2024
visibility 1110



"ღვინო“ ის სიტყვაა, რომელიც დღეს, უცხოელის წარმოსახვაში, ყველაზე ხშირად და ძალდაუტანებლად ასოცირდება საქართველოსთან. ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესის ასეთ ქვეყანაში წამოწყება, წესით, გაჯერებულ ბაზარზე მორიგი მოთამაშის გაჩენას და კარგად გაკვალული გზის არჩევას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ღვინის ბარ Wine Not?-ის დამფუძნებლები, ნინო აბულაძე და ნინო ჭყოიძე, საქმეს სხვაგვარად მიუდგნენ.


ღვინის ბარის გახსნის იდეა ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას გაჩნდა, სადაც ორივე ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. ნინო აბულაძის თქმით, ბევრი აღარ უყოყმანიათ და შესაფერისი ადგილის ძებნას მაშინვე შეუდგნენ.


2019 წელს ღვინის ბარები თბილისში პოპულარული არ იყო. უფრო მეტიც, ასეთი ბარი საერთოდ არ არსებობდა. გვინდოდა, ტრადიციისაგან განსხვავებული, ახლებური მიდგომა დაგვემკვიდრებინა, რომ სამსახურის შემდეგაც შეგიძლია ღვინის საყვარელ ბარში შეიარო და ჭიქა ღვინო მიირთვა. ეს აქაურობისთვის სიახლე იყო“.


Wine Not?-ის კონცეფცია, სიმარტივის მიუხედავად, სრულიად ახალია საქართველოსთვის. ის გულისხმობს ღვინის მოყვარული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრას და ადგილობრივი მცირე და საშუალო მარნების ღვინოების შეთავაზებას, რომელთა დაგემოვნებისთვის სტუმარს მთელი ბოთლის შეძენა არ უხდება – მხოლოდ ჭიქა ღვინის შეკვეთაც შეუძლია. ეს არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბარი, დაახლოებით, 300 მარნის ღვინოებს აერთიანებს, რომლებიც  სომელიეების მიერაა შერჩეული.


Wine Not?-ი 2019 წელს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა და მალევე ბევრი ერთგული სტუმარიც გაჩნდა, შესაბამისად – გაფართოების საჭიროებაც. ღვინოსა და წასახემსებელ დაფებს უკვე სრული სამზარეულო უნდა დამატებოდა. ამის განხორციელება ახალ ადგილას, გუდიაშვილის მოედანზე არსებულ სივრცეში მოხერხდა, რომელიც პეტრიაშვილზე მდებარე ბარზე უფრო დიდია. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას, შენობაში 300 წლის წინანდელი მარანი აღმოაჩინეს და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ეს აღმოჩენაც კონცეფციის ნაწილად ექციათ.


„ღვინის ბარის კონცეფცია აქაც, გუდიაშვილზეც გადმოვიტანეთ, დავამატეთ სრული სამზარეულო და, გარდა ამისა, გვაქვს ეს უძველესი მარანი. უცხოელ სტუმრებს ვაჩვენებთ, როგორია ქვევრი, რა არის მარანი, რა არის, ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიცია.“




Wine Not?-ის ღვინის ბარებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს – ორივე ძალზე ინტერაქციული სივრცეა. აქ მუდმივად ტარდება ღვინის დეგუსტაციები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, კომედიური სთენდაფები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. სცენა ხშირად ეთმობათ ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებსაც დიდ აუდიტორიასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ. დამფუძნებლებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ინტრაქცია განაპირობებს, რომ ბარად ან რესტორნად Wine Not?-ის მოხსენიება ბოლომდე ზუსტი არაა. ის უფრო მეტია – სივრცე, სადაც ღვინის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები სხვადასხვა გასართობ თუ საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან.


„ძალიან ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით და ამან ჩვენც გაგვზარდა და ჩვენი თანამშრომლებიც. ვცდილობთ, ჩვენთან დავასაქმოთ მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაეცნონ ბაზარზე არსებულ ღვინოებს. დეგუსტაციები ჩვენთან რეგულარულად ტარდება და სტუდენტებს ეს გამოცდილება ძალიან ეხმარება. იგივე გვინდა გავაკეთოთ გასტრონომიული მიმართულებით. გვინდა, კულინარიის კურსდამთავრებულებმა დაიწყონ ჩვენთან მუშაობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი, ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა – როგორც ღვინის, ასევე სამზარეულოს და მუსიკის მიმართულებით.“


Wine Not?-ში ახალი ღვინოების შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. ორ კვირაში ერთხელ დამფუძნებლები, თანამშრომლები და სტუდენტები იკრიბებიან და, სომელიეს ხელმძღვანელობით, ხდება ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მარნიდან შემოსული ახალი ღვინოების დეგუსტაცია. ღვინო სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, უპირველეს ყოვლისა, გემოვნური თვისებებით, მაგრამ ეტიკეტს თუ საფასო კატეგორიასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ასეთი საფუძვლიანი შეფასების შემდეგ წყდება არსებული ღვინის ბარათისთვის ამა თუ იმ ღვინის დამატება.




რაც შეეხება სამზარეულოს, აქ ღვინოსთან შეხამებული გათანამედროვებული ქართული კერძების პრინციპი მოქმედებს. წიწილა გოზინაყში, ბადრიჯანი ბაჟეში თუ ხარჩო მობრაწული ღომით იმ ორიგინალური კერძებიდან რამდენიმეა, რომლებიც Wine Not?-ის სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს.


პირველი ფილიალი დამფუძნებლებმა თავიანთი რესურსით გახსნეს, მაგრამ 2023-ში, მეორე ფილიალის გახსნისთვის, უკვე თიბისის მიმართეს: «მეტი რესურსი დაგვჭირდა და მივმართეთ ბანკს, რომელმაც საკმაოდ კარგი პირობებით მოგვცა ბიზნეს-სესხი. ასევე ვსარგებლობთ «აწარმოე საქართველოს» სუბსიდირების პროგრამით». «Wine Not?»-ის სამომავლო გეგმებში ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის საქართველოს სხვა ტურისტული რეგიონების ათვისება.