ბიზნეს სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით თბილისში Sturgeon Capital-ის ქართველ ინვესტორთა სამიტი გაიმართა
ბიზნეს ბლოგი
16 თებერვალი 2024
visibility 4104

12-13 თებერვალს თიბისის პროექტის, სტარტაპერის, მხარდაჭერით თბილისში Sturgeon Capital-ის ქართველ ინვესტორთა სამიტი გაიმართა. კომპანიამ დამსწრეებს ჯერ საკუთარი საქმიანობა გააცნო, ღონისძიების შემდეგ ნაწილში კი პანელური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა საქართველოს სტარტაპეკოსისტემა მიმოიხილეს. ბოლოს ქართულ სტარტაპებსა თუ კომპანიებს ინვესტორებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ.

 

Sturgeon Capital-ის შესახებ

Sturgeon Capital ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ზრდის პოტენციალის მქონე ნაკლებად ცნობილ სტარტაპებსა თუ გუნდებს ეხმარება. იგი ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მუშაობს. 

12 თებერვლის გამოსვლები სწორედ Sturgeon Capital-ის თვითწარდგენით დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ჯერ თავიანთი გუნდი გაგვაცნეს, შემდგომში კი თავიანთი კომერციული წამოწყებების შესახებ ისაუბრეს და იმასაც გაუსვეს ხაზი, თუ რა გავლენა იქონია ფირმის საქმიანობამ რეგიონულ ბაზარზე.

 

Sturgeon Capital-მა სამიტის ფარგლებში ახალი წამოწყების შესახებაც გვამცნო: კომპანია Swift Launch-ს იწყებს — ახალ პროგრამას, რომელიც უზბეკეთის დამწყები ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ნაცვლად არსებულების ამორჩევისა, პროგრამის ფარგლებში ახალი გუნდები შეიქმნება, რომელთაც კომპანია განვითარებაში შეუწყობს ხელს. Swift Launch შემდგომში სხვა არეალსაც შეეხება და უფრო მეტ ანტრეპრენიორს დაეხმარება. 

 

პანელური დისკუსიის მთავარი აქცენტები

A group of men sitting in chairs

Description automatically generated

Sturgeon Capital-ის გამოსვლა პანელურმა დისკუსიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ირო ცაგარეიშვილი, აქსელის აღმასრულებელი დირექტორი, უძღვებოდა.

 

ერთ-ერთი სპიკერი დავით ჩეჩელაშვილი, GITA-ს წარმომადგენელი, გახლდათ. იგი სტარტაპერის ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის უძღვება კურსს. სპიკერის ამპლუაში დისკუსიაში Startup Connect-ის სახელით მონაწილეობდა კოლინ დონოჰიუც, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს. სპიკერი გახლდათ პედრო ვიერირაც, რომელიც 500 Georgia-ის ფარგლებში საინვესტიციო ინიციატივებს უძღვება. 

სამეულმა პირველ რიგში საქართველოს მდგომარეობა მიმოიხილა სტარტაპეკოსისტემის კონტექსტში და არსებული მოლოდინებისა თუ შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის 500 Georgia-ს წვლილზე აღნიშნული ეკოსისტემის შენებაში. როგორც გავიგეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი კუთხით განიცადა პროგრესი, სტარტაპების რაოდენობა იქნება ეს თუ მათი ხარისხი.

 

ცნობისთვის, საუბრისას სპიკერებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ქართული სტარტაპები, როგორც წესი, შემოქმედებითობით გამოირჩევიან და კომპლექსური პრობლემების გადაჭრაც ნაკლებად უჭირთ. 

სპიკერები ქართულ თუ რეგიონულ სტარტაპებში ინვესტირების სპეციფიკასაც შეეხნენ. მათი ხედვით, ამ მხრივ კავკასიას არაერთი ხელსაყრელი მახასიათებელი აქვს: რეგიონი დიდია, სწრაფად იზრდება ეკონომიკა და ბევრ ისეთ პროდუქტზეა მოთხოვნა, რომლებიც ადგილობრივად ჯერ ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.


A person speaking into a microphone

Description automatically generated

მათ ამასთან დაკავშირებული რისკები თუ გამოწვევებიც განიხილეს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ტრენინგებითა და ექსპერტთა ჩართულობით საკმაოდ კარგად იმართება. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ რეგიონი ფრაგმენტირებულია, ამის გადასაჭრელად კი საერთო სტრატეგიით მოქმედებაა საჭირო. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების შესახებ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს, ინვესტიციების მოსაზიდად კი მათი დამსხვრევაა საჭირო. 

იმის ფონზე, რომ ქართული სტარტაპები საკმაოდ დიდი შემოქმედებითობითა და ამბიციით გამოირჩევიან, როგორც დისკუსიიდან გავიგეთ, პრობლემები ხშირად გამოუცდელობის კუთხით იჩენს ხოლმე თავს. რისკია სწორედ ის, რომ სტარტაპმა საწყის ეტაპზე კარგად არ იცის, რას აკეთებს, რა პოტენციალი არსებობს და რაზე უნდა ფოკუსირდეს.

 

როგორც გავიგეთ, სტარტაპების კუთხით აღნიშნული რისკი დროებითია და ხშირად მარტივად გადაიჭრება. ამისათვის GITA-ს წამოწყებები საკმაოდ კარგი პერსპექტივაა. 

დისკუსიის ბოლოს იმ კითხვასაც გაეცა პასუხი, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს უჩნდება: მაინც რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ქართულ წამოწყებაში? — ამის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში ბევრი პროდუქტის ნაკლებობაა, ამის საპასუხოდ კი საქართველოში უამრავი ინიციატივა ჩნდება — სადაც ინიციატივაა, იქ უნდა იყოს ინვესტიციაც. 

იმისათვის, რომ ინვესტორებს საქართველოში რესურსის ჩადება გაუმარტივდეთ, სპიკერებმა მათ ერთი რჩევა მისცეს: ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას, იგრძნონ თავი კომფორტულად, მოშინაურდნენ და გაუჩნდეთ ნდობა — სწორედ ნდობაა ინვესტირების მთავარი წინაპირობა.

 

გასაუბრება ინვესტორებთან

A group of people sitting in a row

Description automatically generated

 

დაბოლოს, რაც მთავარია: ღონისძიების ბოლოს ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრები დაიწყო. ამ დროს ღონისძიებაზე დამსწრე ქართული კომპანიები 20-30 წუთის განმავლობაში აცნობდნენ თავს საერთაშორისო ინვესტორებს.

 

დაფინანსების მოპოვების გარდა, ეს მათ საშუალებას მისცემს, უკუკავშირი მიიღონ, სანაცნობო წრე გაიფართოონ და, ვინ იცის, იქნებ ახლო მომავალში გლობალურ ბაზარზეც შეძლონ გასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი შესაძლებლობა კომპანიებისთვის საკმაოდ კარგი გამოწვევაა.