ბიზნეს სიახლეები
სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასი - გზა სილიკონის ველამდე
ბიზნეს ბლოგი
01 ივნისი 2023
visibility 4036



“ახალი კავშირების დამყარება ქსელის გაბმას ჰგავს. თუ ვინმე ისეთს შეხვდები, რომელიც შენი საქმით გაოცდება, მას შეუძლია სხვა, უფრო მაღალი დონის პროფესიონალებთან დაგაკავშიროს. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, გასაოცარი სანაცნობო წრე აქვთ სილიკონის ველზე. შეკითხვა კი შემდეგნაირია — საკმარისად მოხიბლავ მათ 30 წამში ისე, რომ კიდევ 5 წუთი მოუნდეთ შენთან ლაპარაკი? და თუ ესაუბრები 5 წუთის განმავლობაში, ნამდვილად აინტერესებთ მათ მეტი შენზე? გისვამენ შეკითხვებს შენს საქმიანობაზე?” — ასე გვიხსნის სტარტაპ ეკოსისტემაში კავშირების დამყარების ხელოვნებას კოლინ დონაჰიუ, სტარტაპების მსოფლიო თასის წარმომადგენელი. 


სწორედ უპრეცედენტო კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ ქართულ სტარტაპებს 27-28 მაისს, ბათუმში, საქართველოს სტარტაპ სამიტსა და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნულ შეჯიბრზე. ღონისძიება, რომლის მხარდამჭერი თიბისის პროგრამა სტარტაპერია, სილიკონ ველის წამყვან ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებსა და საერთაშორისო ტექ-ლიდერებს მასპინძლობდა, გამარჯვებულ ქართულ სტარტაპს, Artisio-ს, სან ფრანცისკოში, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ-შეჯიბრზე ბრძოლის შანსი მიეცა.



სტარტაპების მსოფლიო თასის მთავარ შეჯიბრზე საპრიზო ფონდი 1.000.000$-ს შეადგენს. რეგიონული შეჯიბრებები მთელს მსოფლიოში —  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში მიმდინარეობს, საქართველოში ეროვნულ შეჯიბრს კი ბათუმი მასპინძლობდა, სადაც 11 ქართული სტარტაპი ასპარეზობდა. ესენია Arena Games, Artisio, Awork • ევორქი, CALEN AI, Cargon • კარგონი, Datamind — დატამაინდი, Elven Technologies, კერნელი • Kernel, Kikliko — Clips & Memes, Kovzy • კოვზი და Wempler • ვემპლერი.


გამარჯვებულის ტიტული კი Artisio-ს ერგო.




კოლინ დონაჰიუ აღნიშნავს, რომ ღონისძიების მიზანია, ქართული სტატაპები უმაღლესი დონის საერთაშორისო ინვესტორებს შეახვედრონ, გლობალურ სტანდარტებს დაუახლოვონ ქართული სტარტაპები და სილიკონის ველის “ვეტერანებთან” ურთიერთობით, მონაწილეებმა იგრძნონ, რას ნიშნავს, იყო სტარტაპერი.


“ბევრ ადამიანს კარგად არ ესმის, რას ნიშნავს სტარტაპი და რას ეძებენ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები. ამიტომ გვინდა, ამ საკითხზე ცნობიერება ავამაღლოთ”, — ამბობს ორგანიზატორი და ღონისძიების სამ ძირითად ამოცანას გამოყოფს:


  • გამოვავლინოთ ტოპ სტარტაპი, რომელიც გლობალურ შეჯიბრზე, სან ფრანცისკოში, სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალის ასობით ინვესტორის წინაშე, საქართველოს წარადგენს.

  • მივცეთ მონაწილეებს “სილიკონის ველზე ვიქენდის” გამოცდილება, რათა ნახონ სილიონის ველის ტოპ ლიდერების პერსპექტივები.

  • შევქმნათ გარემო, სადაც ტოპ სტარტაპები ხვდებიან საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს და თავიანთ იდეებზე უკუკავშირს იღებენ.




“მჯერა, რომ ღირებულია შედარებით პატარა ღონისძიებები, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იპოვო და ესაუბრო სპიკერებს, რომლებიც შთაგაგონებენ და, საერთო ჯამში, კარგი ადამიანური კავშირები დაამყარო. ჩვენი მიზანია, ავაგოთ ხიდები ქართველ სტარტაპერებსა და გლობალურ ლიდერებს შორის. ეს კი “ერთი-ერთში” საუბრების დროს ხერხდება და არა დიდ, ბრჭყვიალა ღონისძიებებზე”, — აღნიშნავს კოლინ დონაჰიუ.


ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართა, გააძლიერებს ეკოსისტემის საფუძველს, რაშიც სტარტაპ კომუნა და ურთიერთობები იგულისხმება.


“სტარტაპ კომუნა არის ის, რაც ეკოსისტემას ღირებულებას სძენს. თუკი დამფუძნებლებს გავაგებინებთ, რას ეძებენ სილიკონის ველის ინვესტორები, თუკი ისინი ჰობი-სტარტაპების ნაცვლად, უფრო მსხვილმასშტაბიანი სტარტაპების შექმნას დაიწყებენ, ეკოსისტემაზე ამას უდიდესი ზემოქმედება ექნება. ასევე, თუ ჩვენ სილიკონის ველის ტოპ წარმომადგენლებს ქართულ სტარტაპებში ინტერესს გავუჩენთ, მეტი ინფორმაცია გავრცელდება და ქართველ სტარტაპერებს მეტი კარი გაეხსნებათ”, — ამბობს დონაჰიუ.



ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაც სწორედ ესაა — აქ თავს იყრიან მაღალი დონის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან: Ron Weissman – Angel Capital Association-დან; Zach Coelius — კოალიუს კაპიტალის დამფუძნებელი და ლინქდინის Top Voice; Bill Reichert - Pegasus Tech Ventures-დან; Diana Koziarska აქსელერატორ ReaktorX-ის თანადამფუძნებელი; Luke Kowalski — ორაკლის კორპორაციული ლიდერი და UC ბერკლის ბლოკჩეინ ლაბორატორიის დირექტორი და სხვები. ისინი ხელოვნურ ინტელექტზე, ინვესტიციებსა და სტარტაპების განვითარებაზე საუბრობდნენ. 


“ამ კავშირებიდან ინვესტიციები აუცილებლად მოვა, თუმცა ინვესტორები აქ არ მოდიან ფულით სავსე ჩემოდნით. ყველაფერი ურთიერთობებსა და ნდობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ზაკ კოალიუსი სტარტაპებში ინვესტიციებს დაუყოვნებლივ არ დებს — ის ეცნობა ადამიანებს, აკვირდება, რას აკეთებენ და თუ შეამჩნევს, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან, ამის შემდეგ ახორციელებს ინვესტიციას”, — აღნიშნავს დონაჰიუ და ამატებს, რომ ამ ღონისძიებაზე სტარტაპერები საოცრად მხარდამჭერ ადამიანებს შეხვდებიან, მათ, ვისაც სასარგებლო რესურსებზე ან ინვესტორებზე წვდომა აქვთ.


“ასეთი გამოთქმაც არსებობს, თუ ინვესტორს ფულს სთხოვ, ის რჩევას მოგცემს, ხოლო თუ რჩევას შეეკითხები, სავარაუდოდ, ფულს მოგცემს”. 


ღონისძიების პარტნიორია თიბისის პროგრამა სტარტაპერი, სადაც აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში გამართვა სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებისკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯია. 


“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სტარტაპ სამიტსა და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნულ შეჯიბრს. იმედი გვაქვს, ფინალისტი სტარტაპები ღირებულ გამოცდილებას შეიძენენ, გაიცნობენ პოტენციურ ინვესტორებს და საინტერესო უკუკავშირსაც მიიღებენ. თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სტარტაპ საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ, როგორც სტარტაპ სამიტისა და მსოფლიო თასის, ისე სხვა ღონისძიების ფარგლებში, კიდევ უფრო მივუახლოვდებით ჩვენს მისიას — გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ბიზნესებს - ყოველდღიურობა ”, — ამბობენ თიბისიში. 


საქართველოში შეჯიბრი ხორციელდება Startup Connect-ის ორგანიზებით, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან სტარტაპერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ბათუმის მერია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” ფარგლებში .