წარმატების ისტორიები
Social Impact Award 2021
ბიზნეს ბლოგი
06 ივლისი 2021
visibility 3942

Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.

ჩვენ მოგიყვებით, როგორია გზა სოციალური ბიზნესიდეის დაბადებიდან გამარჯვებამდე და ვინ არიან წლევანდელი კონკურსის ფინალისტები.


რა ეტაპებს მოიცავს Social Impact Award?

პროგრამის პირველ ეტაპზე იმართება სამუშაო შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები სამი დღის განმავლობაში რამდენიმე ძირეულ საკითხს მიმოიხილავენ: ეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, მუშაობენ იდეების განვითარებაზე და  ბიზნესმოდელების დახვეწაზე, საბოლოოდ კი ბიზნესგეგმის მონახაზს ადგენენ. აღსანიშნავია, რომ 2020 და 2021 წელს Social Impact Award რეგიონებშიც გაფართოვდა და სამუშაო შეხვედრები თბილისის გარდა ექვს რეგიონში გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრებს საკონკურსო ნაწილი მოსდევს, სადაც ინდივიდუალურად ან გუნდურად მონაწილეები სოციალურ ბიზნესიდეას წარადგენენ. ჟიური 10 ფინალისტ გუნდს არჩევს და მომდევნო ორი თვის განმავლობაში იწყება ინტენსიური საინკუბაციო პერიოდი. ამ პერიოდში თითოეულ ფინალისტ გუნდს ინდივიდუალური მენტორი ჰყავს, რომელიც მთლიანად უძღვება პროცესს — ეხმარება პროექტის განვითარებაში, ბიზნესმოდელის გამართვაში, კონტაქტების დამყარებასა თუ სხვა საკითხებში. 

ინდივიდუალური მენტორობის გარდა ინკუბაციის ეტაპი მოიცავს საერთო შეხვედრებს, სადაც ყველა ფინალისტი გუნდისთვის საჭირო საკითხები განიხილება: ტარდება კონსულტაციები იურისტებთან, ასევე ტრენინგი ფინანურ საკითხებთან თუ მარკეტინგთან დაკავშირებით. საბოლოოდ მონაწილეები გადიან ეგრეთ წოდებული ფიჩინგის ტრენინგს, სადაც ემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. 


როგორ ვლინდება გამარჯვებული?

ორთვიანი საინკუბაციო პერიოდის დასასრულს ყველა ფინალისტი გუნდის შესახებ მზადდება წუთნახევრიანი ვიდეო, სადაც გუნდები წარუდგენენ თავიანთ იდეას ფართო საზოგადოებას. ვიდეორგოლები თავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა მისცეს ხმა თავის რჩეულს. ბოლო ეტაპზე იმართება ფინალისტების დემო დღე — გუნდები თავიანთ პროექტებს ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით ოთხი პროექტი იმარჯვებს, ერთი კი პლატფორმაზე დაგროვებული ხმების მიხედვით ხვდება გამარჯვებულ ხუთეულში. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 2000 დოლარი. პროგრამის კულმინაცია Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტია, სადაც ყველა ქვეყნის გამარვებული გუნდი იყრის თავს. ეს საერთაშორისო ექსპერტებთან დამატებითი კონსულტაციებისა და საინტერესო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაა.

ვინ აფასებს გუნდებს?

წელს Social Impact Award-ის ჟიურის წევრები არიან: 

  • ნანა დიხამინჯია —  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით;
  • თორნიკე ჩხაიძე — ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველი პარტნიორი;
  • ნათია ვაჭარაძე — თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი;
  • გვანცა ირემაშვილი — UNDP საქართველოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერი;
  • გიორგი ახალკაცი — ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის უფროსი ბანკირი.

მნიშვნელოვანია, რომ ჟიური როგორც ფინალისტების შერჩევისას, ისე გამარჯვებულების გამოვლენისას სამი ძირითადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს. ესენია:

  1. სოციალური გავლენა —        რამდენად ახდენს პროექტი დადებით გავლენას გარემოსა თუ საზოგადოებაზე;
  2. რეალისტურობა — რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება;
  3. ინოვაციურობა — რამდენად ახალი და ინოვაციურია პროექტი ადგილობრივი თემის, სოფლის, ქალაქის  თუ რეგიონის დონეზე. 

რატომ სოციალური მეწარმეობა?

პროგრამის ორგანიზატორი, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი, ქეთი ებანოიძე გვიყვება, რომ სოციალური მეწარმეობა მომავლის საქმიანობაა. “სოციალური მეწარმეობა, გარდა იმისა, რომ გიკმაყოფილებს სურვილსა და ამბიციას, თავად ქმნიდე რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას, საქმის კეთების უფრო დიდ სტიმულსაც გაძლევს, რადგან იცი, რომ მისია გაქვს, გსურს, დადებითი გავლენა იქონიო რომელიმე სფეროზე, საზოგადოების რაღაც სეგმენტსა თუ გარემოზე”, — ამბობს ის.

ქეთი იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალური მეწარმეობის დაწყება სურს, ურჩევს, კარგად დააკვირდნენ გარემოს, რადგან ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას აღმოაჩენენ, მათგან კი ისეთი უნდა შეარჩიონ გადასაჭრელად, რომელიც თავადაც აწუხებთ და საზოგადოებასაც.

“ზოგადად, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია ხშირად არასწორად არის აღქმული,  თითქოს ეს არის საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მეტ წილად ფონდებსა და დონორებზეა დამოკიდებული. თუმცა სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის  ბიზნესპრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელიც ჭრის საზოგადოებაში არსებულ სოციალურ პრობლემას. ბიზნესი უნდა იყოს აუცილებლად მდგრადი, შემოსავლიანი და უნდა შეძლოს დონორების გარეშე არსებობაც”, — ამბობს ქეთი

                                   ქეთი ებანოიძე, Impact Hub Tbilisi

Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში, პროგრამის განსახორციელებლად 2017 წელს მოიპოვა ლიცენზია. ჯამში პროექტში 1500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. “30-ზე მეტმა გუნდმა გაიარა ინკუბაცია და რამდენიმე მათგანმა გამართული სოციალური საწარმო შექმნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელშესახები შედეგები გვაქვს”, — აღნიშნავს ქეთი. ამის დასტური წელს შემოსული რეკორდული რაოდენობის — 200 განაცხადიცაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ ფინალისტებს შორის არაერთი პროექტი სხვადასხვა რეგიონიდან დარეგისტრირდა და თითოეული პროექტი არის გამორჩეული და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.