ბიზნეს სიახლეები
თიბისის პარტნიორი კომპანია „შაპო თოისმა“ საქართველოში პირველი რეზინის პროდუქციის საწარმო გახსნა
ბიზნეს ბლოგი
01 აპრილი 2024
visibility 2620



ქართული ბაზარი წვრილი თუ საშუალო ბიზნესის მრავალფეროვნებას არ უჩივის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნამდვილი პიონერები ბაზარზე ძალზე ცოტაა. საქართველოში მანამდე არარსებული ბიზნესის წამოწყება ინტუიციის, გამბედაობის, ახალი ცოდნის დაუფლებისა და გამოცდილების შეძენის სურვილის ერთობლიობას გულისხმობს და ერთგვარი ავანტიურაა. “შაპო თოის”, რეზინის პროდუქციის საწარმოს დირექტორ ვახტანგ დემურიშვილს ყველა ეს თვისება აღმოაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდხანს მიაჩნდა წარმოუდგენლად მსგავსი ბიზნესის საქართველოში წამოწყება და შესაბამისი საწარმოს გახსნა.


„ამაზე ფიქრი სამი წლის წინ დავიწყე. ფერადი რეზინის პროდუქცია – სათამაშოები, ტანსაცმლის იარლიყები და სხვ. – ჩვენთან დღემდე ჩინეთიდან შემოდიოდა. მსგავსი პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაშიც არ იწამოება, შესაბამისად, ამაზე სერიოზულად ფიქრი აღარ გამიგრძელებია, იმდენად ამბიციური და წარმოუდგენელი მეჩვენა მაშინ“.



წელიწადნახევრის წინ ამ იდეას კვლავ მიუბუნდა და მასზე მსჯელობა ამჟამინდელ პარტნიორ, გიორგი კვირიკაძესთან ერთად დაიწყო. სწორედ მისგან მიიღო პირველი საინვესტიციო კაპიტალი შესაბამისი დანადგარების შესაძენად. თვენახევარში დანადგარები უკვე საქართველოში იყო, მაგრამ მთავარი სირთულე სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო.


„დავიწყეთ დანადგარების გატესტვა. საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. დაახლოებით ერთ წლამდე დაგვჭირდა, რომ აპარატურა აგვემუშავებინა. ქიმიას ვსწავლობდით ჩინურად. საკმაოდ ბევრი ინგრედიენტია, საჭიროა მათი შერევა სწორი პროპორციით და ა. შ. იმ ერთ წელიწადში არაორგანული ქიმიაც შევისწავლეთ და ჩინურიც, რადგან სპეციალისტის მოძებნა საქართველოში ძალიან გაგვიჭირდა“.


ფერადი რეზინის პროდუქცია ქართული ბაზრისთვის უნიკალური, თუმცაღა ძალზე მოთხოვნადია. ტანსაცმლის იარლიყიდან დაწყებული საათის სამაჯურით დამთავრებული „შაპო თოის“ ყველაფერს აწარმოებს. შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მზადდება ყალიბი და იწარმოება პროდუქტი.


„ერთ წელიწადში უკვე გვქონდა წარმოების შესაძლებლობა, ხარისხი, რეცეპტურა და, შესაბამისად, მივმართეთ თიბისი ბანკს სესხთან დაკავშირებით. მსგავსი ექსპერიმენტული პროექტისთვის ნახევარ მილიონამდე სესხი საკმაოდ ადვილი მისაღები აღმოჩნდა, რადგან თიბისი ყველანაირად ახალისებს მსგავს ექსპერიმენტულ სტარტაპებს“.



საწარმო, ხარისხის გარდა, ფასწარმოქმნის მხრივაც მეტად საინტერესოა ადგილობრივი და, ზოგადად, ამიერკავკასიის ბაზრისთვის. საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენციას, უპირველეს ყოვლისა, თურქულ კომპანიებს უწევს, რადგან მათ მიერ შემოთავაზებულ ფასებზე გაცილებით იაფად (მინიმუმ ნახევარ ფასად) სთავაზობს იარლიყების დამზადებას ადგილობრივი ტანსაცმლის თუ უნიფორმების მწარმოებლებს, სამკრევალოებს და სხვადასხვა მსხვილი ბრენდების წარმომადგენლებს.


დაახლოებით ორი თვის წინ ბიზნესი გაფართოვდა – კომპანიას სამი საწარმოო ხაზი დაემატა და, შესაბამისად, საქმემ ახალი მასშტაბი შეიძინა. წარმოების ზრდამ ახალი კადრების საკითხი წამოჭრა:

„კომპანიაში ბევრი კადრი გადავამზადეთ. ტექნიკური ადმინისტრაციის ნაწილში გავაჩინეთ სამი რგოლი და ჩვენს დანადგარებზე ვასწავლეთ მუშაობა. რამდენიმე თვე დასჭირდა გადამზადებას. ასევე ელექტროობის მიმართულებით გადავამზადეთ ადამიანი, რომელმაც დეტალურად იცის ჩვენს და, ზოგადად, მსგავს დანადგარებში რა როგორ ფუნქციონირებს. ჯამში ოთხკაციანი ტექნიკური ადმინისტრაცია გვყავს, კიდევ ერთი მალე დაგვემატება. ზოგადად, ეს იმ ტიპის ცოდნაა, რომელიც ძალიან რთულად მისაგნები აღმოჩნდა საქართველოში“.


ამჟამად კომპანიის თვიური წარმადობა ნახევარ მილიონამდეა, წარმოებული პროდუქციის სახეობა კი – ოცდაათამდე. თუმცა მრავალფეროვნება დამკვეთზეა დამოკიდებული – მსგავსი სახის დანადგარებით ნებისმიერი სახის რეზინის ნაწარმის შექმნაა შესაძლებელი.


ვახტანგ დემურიშვილს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს:

„სამომავლოდ გვინდა საქართველოს ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. ფასწარმოების ნაწილში ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, ჩინეთსა და თურქეთს ვაჯობოთ. მეორე ეტაპი უკვე ექსპორტის მიმართულებაა. ევროპაც და ამიერკავკასიაც ჩინეთში უკვეთავს რეზინის ტურისტულ აქსესუარებს. პროდუქტი იდენტურია და ფასწარმოქმნაც მეტ-ნაკლებად იგივეა, როგორიც ჩინეთის შემთხვევაში, ამიტომ, სამომავლოდ, ევროპისა და ამიერკავკასიის ბაზარზე გასვლა სრულიად რეალურია“.