ბიზნეს სიახლეები
სტარტაპ სესხი - თიბისი ინოვაციური იდეების მხარდასაჭერად
ბიზნეს ბლოგი
01 ივნისი 2023
visibility 5729





პირველად საქართველოში, „თიბისი“ ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს. „თიბისი“ სტარტაპერებს, რომლებსაც ინოვაციური ბიზნეს იდეა აქვთ და სურთ მისი მომგებიან ბიზნესად ქცევა 5 000 000 ლარს გამოუყოფს.

რა არის ინოვაციური იდეა? 

სალომე ფიფია, სერვის ექსპერტი „თიბისი“ ბიზნესის გუნდიდან, განგვიმარტავს, რომ ინოვაციურად ჩაითვლება იდეა, რომელიც არ იქნება სტანდარტული და იქნება განსხვავებული. 

„ჩვენ შევარჩევთ ისეთ იდეებს, რომლებიც მომხმარებლის პრობლემას ჭრის ინოვაციური კუთხით - იქნება ეს ახალი მიდგომა, კონცეფცია თუ ტექნოლოგია. ამ პრობლემის გადაჭრის არსებული გზები უნდა შეიცვალოს, ან უნდა შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად, ან ამარტივებდეს პროცესს, ან ქმნიდეს ახალ და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას. ერთი სიტყვით, იდეა, რომელიც ჩვენგან მხარდაჭერა მიიღებს, უნდა პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს. უმჯობესია, სესხზე განაცხადი გუნდის იმ წევრმა შემოიტანოს, ვისაც კარგი საკრედიტო ისტორია აქვს,“ - ამბობს სალომე ფიფია.

ინოვაციური სტარტაპის მნიშვნელობას ქართველი სტარტაპერებიც განმარტავენ. 

Kovzy-ის დამფუძნებლის, ალექს ცინცაძის თქმით, ინოვაციური სტარტაპი არის კომპანია, რომელსაც აქვს შანსი, რომ გლობალურ ბაზარზე გავიდეს. 

„ეს არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს შანსი, რომ შექმნას გლობალური პროდუქტი. ეს ბიზნეს მოდელი და კომპანიის სტრუქტურა განსხვავებულია ტრადიციული ბიზნესებისგან.“ - ამბობს ალექს ცინცაძე. 

Optio-ს დამფუძნებელი შოთა გიორგობიანის აზრით ინოვაციური სტარტაპი ძიების პროცესში მყოფი ბიზნესია, რომელსაც საფუძველში რაიმე სახით უდევს ტექნოლოგია და აქვს უნარი, რომ ერთის მხრივ, იპოვოს ინოვაციური მიდგომა ტრადიციულის განსხვავებულად კეთებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ინოვაციური მიდგომებისა და იმ ტექნოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც მას საფუძველში უდევს, ჰქონდეს მასშტაბირების საშუალება. 

„ჩემთვის ინოვაციური სტარტაპი რაღაც პირობების დაკმაყოფილებას ნიშნავს.“ - ამბობს შოთა გიორგობიანი. 

UPWAY-ის თანადამფუძნებელი მარი აბულაძე ფიქრობს, რომ ინოვაციური სტარტაპი არის შესაძლებლობა, გაუმარტივო ადამიანებს ყოველდღიურობა. 

„მოქნილი და მარტივი ციფრული ტექნოლოგიებით გადაჭრა ისეთი პრობლემები, რომლებიც ადამიანებს დააზოგინებს დროს, რესურსებს, გააუმჯობესებს სერვისის თუ პროდუქტის ხარისხს და უკეთეს გამოცდილებას შეუქმნის პროცესში.“ - ამბობს მარი აბულაძე. 

ვისთვის შეიქმნა პროდუქტი?

„თიბისის“ პროდუქტი იმ სტარტაპერებისთვისაა, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეა და ახლა სურთ მისი განხორციელება ან დაწყებული აქვთ ბიზნესი ექვს თვემდე გამოცდილებით. 

„გვინდა, რომ ასეთ სტარტაპერებს შევუწყოთ ხელი და დავაფინანსოთ.“ - ამბობს სალომე ფიფია.

გარდა ამ კრიტერიუმებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობდეს ბიზნეს იდეის განვითარების პოტენციალი, მოდიოდეს მოთხოვნა მომხმარებლისგან და სამიზნე სეგმენტი იყოს საკმარისი ზომის და ზრდადი. 

ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა - ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგია, ექსკლუზიური პარტნიორობა და სხვ. ანუ ისეთი ელემენტები, რომლებსაც კონკურენტები მარტივად ვერ გაიმეორებენ. 

ამასთან, კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა მასშტაბია, ამიტომ სტარტაპ იდეის დამუშავებისას, იფიქრეთ, შეძლებს თუ არა ეს იდეა განვითარებას  და ექსპორტზე გასვლას.  

პირობები

დაფინანსების მაქსიმალური თანხა 200 000 ლარამდეა. თანხა უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე გაიცემა. შეგიძლიათ 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. მაქსიმალური ვადა 7 წელია. 

სესხით სარგებლობისთვის უნდა მოამზადოთ ბიზნეს გეგმა თქვენს ინოვაციურ იდეაზე. „თიბისი ბიზნესის“ კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს მხარდაჭერას, რომელსაც რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი აქვს. 

თუ თვლით, რომ თქვენი იდეა ინოვაციურია და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, „თიბისის“ სტარტაპ სესხის განაცხადი საუკეთესო საშუალებაა წარმატების მისაღწევად. 

სტარტაპ სესხის განაცხადის შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ - https://link.tbc.ge/Innovative-StartupLoan