წარმატების ისტორიები
გაიცანით Social Impact Award-ის ფინალისტი “მწვანე” საწარმოები, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ
ბიზნესბლოგი
06 აგვისტო 2021
visibility 4914

“ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც კლიმატის ცვლილების ეფექტს გრძნობს და ბოლო თაობა, რომელსაც მის შესაჩერებლად რაიმეს გაკეთება შეუძლია”, — ეს სიტყვები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ეკუთვნის და ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ გამოწვევას, რომლის წინაშე ჩვენი პლანეტა, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებისა და სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდის გამო, უკვე ათწლეულებია, დგას.

თუმცა, რაც დრო გადის, ადამიანები მეტად გრძნობენ გარემოსადმი პასუხისმგებლობას — თუ ძველად კომპანიებისთვის ეკოლოგია ნაკლებად პრიორიტეტული საკითხი იყო, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში გაიზარდა მწვანე საწარმოების რიცხვი, რომელთა უმთავრესი ღირებულებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ბუნებრივი რესურსების ჭკვიანურად გამოყენებაზე და ზოგადად, გარემოზე ზიანის შემცირებაზე დგას. მათთან ერთად იზრდებიან მომხმარებლებიც, რომლებიც ეკომეგობრულ პროდუქტებს  უფრო და უფრო ანიჭებენ უპირატესობას.

გასაკვირი სულაც არაა, რომ საქართველოში სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტში, Social Impact Award-ში, წელს სწორედ ასეთი მწვანე საწარმოები ჭარბობს. ამ სტატიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ იმ ოთხ ფინალისტ საწარმოს, რომლისთვისაც ეკოლოგიურ საკითხებზე ფიქრი და ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

Plant Hotel by Butko

ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა ქალაქგარეთ გასვლისას ვერავისთვის დაგიტოვებიათ მცენარეები, რომლებიც უკვე ოჯახის წევრებად იქცნენ და ბავშვების მსგავსად განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა მცენარეთა სასტუმრო, რომელიც თქვენს საყვარელ “მწვანე მეგობრებს” უმასპინძლებს და მათზე ისე იზრუნებს, როგორც ნამდვილ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ეკადრება.

თამარ რაზმაძე, არჩილ ღოღობერიძე

 

Plant Hotel by Butko უკვე სამი კვირაა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს მცენარეების დატოვებასა და დაბინავებასთან ერთად, მათ მოვლას, მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში გადარგვას და მიწის განახლებასაც სთავაზობს. გარდა ამისა, ის სატელეფონო კონსულტაციებსაც გაგიწევთ მცენარეების მოვლის შესახებ.

“იდეა პანდემიის პერიოდში გაგვიჩნდა, როცა სამსახურების დატოვება მოგვიწია და სახლში მცენარეების მოვლისთვის ბევრი დრო დაგვრჩა. წელიწადნახევრის განმავლობაში მცენარის გაზრდისა და მოვლის ყველა საფეხური შევისწავლე. ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ არც ინფორმაცია მოიპოვებოდა და არც ადამიანები იყვნენ, რომლებიც კომპეტენტურ აზრს გაგვიზიარებდნენ, ამიტომ გადავიწყვიტეთ, თავად შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს ქართულ ენაზე მივაწვდიდით ინფორმაციას მცენარეების მოვლის შესახებ” — გვიყვება თამარ რაზმაძე, Plant Hotel by Butko-ს თანადამფუძნებელი.


თამარ რაზმაძე

 

პროექტზე მუშაობა მან თანაგუნდელებთან, არჩილ ღოღობერიძესთან და მარია შეროზიასთან ერთად ქართული და ევროპული ბაზრის კვლევით დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მცენარეების სასტუმრო არათუ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაშიც კი იშვიათია. 

კომპანიის სოციალური არსი კი ისაა, რომ მობილური ჯგუფები, რომლებიც მომხმარებლებს მცენარეების მოვლასა და გადარჩენაში დაეხმარებიან, დაკომპლექტდება ლგბტქ ადამიანებით. “მე ქალებისა და ლგბტქ თემის უფლებებზე არასამთავრობო ორგანიზაციაში დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და მათი პრობლემები ჩემთვის ნაცნობია, ამიტომ მინდა საწარმოს დახმარებით მათ ეს პრობლემები შევუმსუბუქო”, — ამბობს თამარი.

კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობისას ძალიან ბევრი იდეა გაუჩნდათ და ამ იდეების სწორად დალაგებაში Social Impact Award და მენტორი ძალიან დაეხმარათ. “გუნდს გვაკლდა ცოდნა დაგეგმვის, მარკეტინგის, პიარის შესახებ და გვინდოდა, რომ პროფესიონალებისგან მეტი ინფორმაცია მიგვეღო. ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით”.

თამარი იმედოვნებს, რომ როგორც Impact Hub-ის, ისე ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებით საწარმო მალე გაიზრდება და დასახულ მიზნებს მიაღწევს. საწარმოს მთავარი მიზანი კი მცენარეების მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე ადამიანებისთვის მწვანე ეკომეგობრული სასტუმროს შექმნაა, სადაც სწრაფადმზარდი ხეების სანერგე მეურნეობა განვითარდება. ამ პროექტზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

 

EV for Green Future

Social Impact Award-ის ფინალისტი მწვანე ინოვაციური სოციალური საწარმოა EV for Green Future, რომელიც ელექტრომობილების მფლობელებს დამტენი მოწყობილობებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაქირავების სერვისს სთავაზობს. პროექტის ავტორი, დავით ხასია გვიამბობს, რომ ელექტრომობილების დამტენების დეფიციტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას, ამიტომ ეს სერვისი სარგებელს მოუტანს როგორც მოწყობილობის მფლობელს, ისე იმ მძღოლებს, რომლებიც ქალაქში ელექტრომობილებით გადაადგილდებიან. 


დავით ხასია

სერვისით სარგებლობა მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. ის კიდევ ერთ სასარგებლო ფუნქციას დაიტევს — მასში დაინტერესებული პირებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იქნება რეკლამის განთავსება.

დავითი აღნიშნავს, რომ მისი კომპანია საქართველოში უკვე 4 წელია აწარმოებს ელექტრომობილების დამტენებს, გაქირავების სერვისის საჭიროება კი რეალურმა გამოწვევებმა დაგვანახა. “დღეს რთულია გრანდიოზული ცვლილებების მოტანა, რთულია, მთელი ავტოპარკი გადაეწყოს ელექტროენერგიაზე, თუმცა მანამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი გარემოს შექმნა ყველას შეგვიძლია და ეს პროდუქტი კარგი გამოსავალია ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია”, — ამბობს დავითი. 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შეინიშნება ელექტრომობილებისადმი ინტერესის ზრდა, რასაც როგორც ეკოლოგიური მიზეზები განაპირობებს, ისე მათი შენახვის სიიაფეც.

“ჩვენ ისეთ სეგმენტში ვართ, სადაც სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კლიმატის ცვლილება დიდი პრობლემაა და ჩვენ გვინდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ბიზნესმიმართულების განვითარების გარდა,  პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გარემოს წინაშე. თუ ამ საქმეს განვავითარებთ და სხვა ადამიანებიც დაგვიდგებიან გვერდით, შევძლებთ, შევამციროთ გარემოზე ზიანი — ეს ყველაფერი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კეთდება”, — ამბობს დავითი.

პროექტის ავტორის თქმით, Social Impact Award საწარმოს პოპულარიზაციაში დაეხმარება. 

საწარმოს უპირველესი გეგმა ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ. სამომავლოდ კი სურთ,  პროდუქტებმა ეტაპობრივად ყველა სახის აკრედიტაცია გაიაროს, მიიღოს საჭირო სერტიფიკატები და აქტიურად შევიდეს ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. 

“შეიძლება ახლა არ იყოს ძალიან პოპულარული, მაგრამ ჩვენი პროდუქტი ხვალინდელი დღისთვის კეთდება”,— ამბობს დავითი.

 ალექსანდრე კალანდაძე, გრიგოლ გრიშაშვილი, დავით ხასია

Catch up Box



გსმენიათ სასაჩუქრე ყუთებზე ყოველთვიური გამოწერის ფუნქციით? — როგორც წესი, ასეთ ყუთებში კოსმეტიკა დევს, აი Catch Up Georgia-მ კი გადაწყვიტა ეკომეგობრული პროდუქტებით სავსე ყუთის ყოველთვიური გამოწერის პლატფორმა შექმნას და მეტ ადამიანს გაუზიაროს  ნული ნარჩენით ცხოვრების ფილოსოფია. 

ყუთზე დატანილი QR კოდით წვდომა გაგეხსნებათ აპლიკაციაზე, რომელშიც ჩაშენებული იქნება ჭკვიანი ეკოკალენდარი. ის ყოველდღიურად გამოგიგზავნით მარტივ, სასარგებლო რჩევებსა და ინფორმაციას ამა თუ იმ ეკოლოგიური პროდუქტის გამოყენების და ყოველდღიურობაში ინტეგრირების შესახებ.

“ჩვენი მთავარი მიზანია, პროექტის და პროდუქტის თითოეული ელემენტი მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამებოდეს და მაქსიმალურად ეკოლოგიური იყოს. ვცდილობთ, მომხმარებლებს ვასწავლოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პროდუქტები და  ზედმეტი დანახარჯი შევამციროთ”, — ამბობს ელენე ევსია და ამატებს, რომ “ჩვენს თაობას არ აქვს უფლება, მომავალი თაობის რესურსებით იცხოვროს”, ამიტომ გარემოსდაცვითი საკითხებს, მწვანე სტარტაპებსა და პროდუქტებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ელენე ევსია, თორნიკე სვანიძე

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ყუთში უმეტესად ქართული სტარტაპების მიერ წარმოებული ეკოლოგიური პროდუქტები იქნება, მათ შორის თავის მოვლის და ყოველდღიური გამოყენების საყოფაცხოვრებო ნივთები. მაგალითად, მეტალის ან შუშის ბოთლი, მეტალის საწრუპი, ეკომეგობრული მაღაზიების და საწარმოების ვაუჩერები და სხვა სახის ნივთები.

პროექტზე ელენე თავის ბავშვობის მეგობართან, თორნიკე სვანიძესთან ერთად ერთი წელია მუშაობს. უკვე დაამზადეს ყუთის პროტოტიპი, მზად აქვთ აპლიკაციის დიზაინიც, რომელიც, ელენეს თქმით, მომხმარებლებისთვის საკმაოდ მარტივი იქნება და ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს მათი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. 


ეკომეგობრული მიზნების მიღწევაში ელენესა და თორნიკეს Social Impact Award განსაკუთრებულად ეხმარება — ”ვფიქრობ, Impact Hub, თიბისი და სხვა ორგანიზატორები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, მივესალმები მსგავს ინიციატივას, რადგან ის საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ჩარჩოების მიღმა იფიქრონ, ინოვაციური იდეები განახორციელონ და ქვეყანა ფართო ასპარეზზე გაიყვანონ”, — ამბობს ელენე და ამატებს, რომ Social Impact Award-ის დახმარებით სურს, სისრულეში მოიყვანოს თავისი იდეები და წაახალისოს საქართველოში არსებული სხვა მწვანე სოციალური საწარმოებიც, ხელი შეუწყოს მათ მიერ წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციას და “ხალხმა დაინახოს, რომ არსებობენ ძალიან კრეატიული სტარტაპები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.”


ელენეს სამომავლო მიზანია, აპლიკაცია მრავალფუნქციური გახდეს, გავიდეს საზღვარგარეთ და ითარგმნოს უცხო ენებზე. 

“როცა სოციალურ საწარმოს ქმნი, მუდმივად განვითარებაზე უნდა ფიქრობდე, არ უნდა ჩათვალო, რომ საბოლოო წერტილს მიაღწიე. ყოველთვის ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები უნდა გიჩნდებოდეს”.


Green პური

Green პური 18 წლის ამინა ხანგოშვილის მწვანე სოციალური საწარმოა. ის მიზნად პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების — სოციალური ვითარების, ახალგაზრდების განათლების, უმუშევრობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გარიყულობის და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრას ისახავს მიზნად. ამისათვის კი აპირებს, გააცოცხლოს უძველესი ტრადიცია და, პური სვიის საფუვრის ბაზაზე მოამზადოს.

ამინა ხანგოშვილი

 

“საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პურია. ერთი შეხედვით, ის ჯანსაღი პროდუქტია, თუმცა თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი — საფუარი — ხელოვნურადაა გამოყვანილი. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბუნებიდან მოდის. საფუვრის ალტერნატივაც არსებობს ბუნებაში — ესაა სვია, რომელიც საქართველოს ტყეებში უხვად მოიპოვება. ჯანსაღი პური ჩემს საწარმოში სვიის ტექნოლოგიაზე, ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე დამზადდება და ჩაანაცვლებს სხვა პურს”, — ამბობს ამინა და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია თავისმა ბებიამ წინაპრებისგან შემოინახა.

 

ამინას თქმით, სვიის საფუვრით გამომცხვარი პური გემოვნურ თვისებებს და ვარგისიანობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ პოლიეთილენის პარკების გარეშე შეძლონ მისი რეალიზაცია. “ეს შეამცირებს გარემოს დაბინძურების ციკლს. საწარმოში დასაქმდებიან ახალგაზრდები,  შშმ პირები, რითაც ეკონომიკურად ფუნქციური და ქმედითი გარემო შეიქმნება”.


“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საწარმოს დახმარებით მინდა, პანკისის ხეობა დავაკავშირო საქართველოს სხვა რეგიონებს, ჩავიტანოთ სხვა რეგიონებში ჩვენი პროდუქტი, მოვაწყოთ გამოფენები, შევკრათ ეკონომიკური ჯაჭვი შევკრათ, გავაღრმაოთ კონტაქტები. ხეობაში სოფლები ერთმანეთისგან დაშორებულია და მინდა სამომავლოდ ეკოპურის მოძრავი მაღაზია შევქმნა, რომელიც მომხმარებლებთან მივა. ამით სოციალური და ეკონომიკური იზოლაცია შემცირდება”, — ამბობს ამინა.


ამინა ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მისი პროდუქტის მომხმარებელი გახდება. მათ შორის პროდუქტის გამოყენებას შეძლებენ ისეთი ადამიანებიც რომლებიც ჩვეულებრივ პურს გლუტენის აუტანლობის გამო ვერ მიირთმევენ.

პროექტი უკვე შედგენილია, ახლა ამინა  მატერიალური რესურსების მოძიებაზე ზრუნავს.  ამბობს, რომ Social Impact Hub-ს ისეთი ადამიანები და ორგანიზაციები ქმნიან, რომლებთანაც საერთო ღირებულებები აკავშირებს.  “დიდი მოლოდინები მაქვს, ვარ შემართებით. საკუთარი თავისგანაც ბევრს ვითხოვ, პროექტი კი ძალიან მეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. ერთნაირი მისწრაფებების მქონე ადამიანების გაერთიანება ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია”, — ამბობს ის.

 

ამინა პროექტზე მუშაობის პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა. კმაყოფილია, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, არ დანებდა და Social Impact Award-ის აპლიკაცია შეავსო, ფინალში ყოფნა კი დიდ მოტივაციას აძლევს. “თუ გულით გინდა, ყველაფერი გამოვა. არავის და არაფრის გამო არ უნდა გადავდოთ გვერდით ჩვენი მისწრაფებები და მაქსიმალური ძალისხმევით შეუძლებელიც კი შესაძლებელი იქნება.”

 

---

Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.

პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.