ბიზნეს სიახლეები
„ფრუტერა“ - ხილის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია
ბიზნეს ბლოგი
18 ოქტომბერი 2023
visibility 3558



შიდა ქართლში, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე, ოჯახის კუთვნილ ვაშლის ბაღში დავით გელუტაშვილმა საწარმო ააშენა და რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ხილის გადარჩენის გზა იპოვა.  

15 სახეობის ჩირი და 9 სახეობის ტყლაპი, „ფრუტერას“ სახელით, სულ ცოტა ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა. ასე გაგრძელდა ხილის მოყვანის ოჯახის საუკუნოვანი ტრადიცია.  

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ საოკუპაციო ხაზთან - ჩემი ოჯახის საგვარეულო მიწაზე ვაგრძელებ საქმეს - იქ, სადაც, სამწუხაროდ, ადამიანებს მიზნები და რწმენა აქვთ დაკარგული. დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოვეკიდე ამ წამოწყებას. 2 წელი მომხმარებლისთვის პროდუქტის შეთავაზებას ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ ყველაფერი  თვითონ ვისწავლე - როგორ მეწარმოებინა, რა დანადგარები მჭირდებოდა. ბუნებრივია, ბევრი შეცდომაც დავუშვი.“ 


2020 წელს პირველი საშრობი დანადგარი შეიძინა. თვითნასწავლი მეწარმის პროდუქტის პირველი მომხმარებლები კი მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ. სატესტო პერიოდის შემდეგ, 2022 წელს თამამი ნაბიჯები გადადგა და ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში შევიდა. თუმცა, სტარტაპერული ბარიერები და სირთულეები რეალიზაციასთან ერთად მატულობდა. მწარმოებელთან ერთად, ტექნოლოგი, დისტრიბუტორი, მერჩენდაიზერი და სოციალური მედია მენეჯერიც თვითონ იყო. თუმცა, იცოდა, რომ დიდი ინვესტიციისა და გუნდის გარეშე, როგორც ნამდვილ სტარტაპერს, ნელ-ნელა უნდა ევლო მიზნისკენ. 

„თავიდან ხილს ხელით ვჭრიდი, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა. საშრობი დანადგარის მცირე წარმადობის გამო, პროდუქტს დიდი რაოდენობით ვერ ვაწარმოებდი. ლოჯისტიკაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. არ მყავდა მერჩენდაიზერი, რომელიც შეამოწმებდა ჩემი პროდუქტის ვადას და დახლზე რამდენად მოწესრიგებულად ეწყო პროდუქტი. არ მქონდა სათანადო ხარისხის შეფუთვა და მაღაზიაში ხშირად მხვდებოდა გახეული შეკვრა. ხარისხიანი შეფუთვის გარეშე, მომხმარებელი ნაკლებად ინტერესდებოდა შიგთავსით. ყველაფრის მიუხედავად, ეს პერიოდი მაინც წარმატებული გამოდგა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილება მივიღე, ახლა უკვე ბაზარზე მოთხოვნის პროგნოზირება შემიძლია და რაც მთავარია, ამ საქმის პერსპექტივა დავინახე.“ 


პირველმა წარმატებამაც არ დააყოვნა. დავითმა საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტისა და თიბისის აგრო სესხის დახმარებით, სულ მალე საწარმოს ტერიტორიაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს. ასევე, შესაფუთ და დამხმარე დანადგარებს შეიძენს. წლიური წარმადობა 3 ტონიდან 9 ტონამდე გაიზრდება და „ფრუტერა“ კიდევ უფრო მეტი სუპერმარკეტის დახლზე გამოჩნდება.  

„ახალი დანადგარები წარმოების 3-ჯერ გაზრდაში დამეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე. ახალი, ხარისხიანი შეფუთვა ზიპ შესაკრავით, პროდუქტს დაიცავს და მომხმარებლისთვისაც მიმზიდველს გახდის. რაც მზის პანელებს შეეხება, ნაწარმის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი სწორედ ელექტროენერგიაა. პანელების დახმარებით, ამ ხარჯსაც შევამცირებ და ბუნებასაც გავუფრთხილდები. დღეს ყველა თანამედროვე ბიზნესი უნდა ცდილობდეს, რომ ენერგოეფექტური იყოს.“ 

„ფრუტერას“ მთავარი უპირატესობა 100%-ით სუფთა პროდუქტია, შაქრის, ფერის, არომატიზატორებისა და კონსერვანტების გარეშე, რომელშიც ხილის სასარგებლო ნივთიერებები 95%-ითაა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, რეალიზაციის თბილისში გაზრდის შემდეგ, მომდევნო მიზანი ევროპის ბაზარია. 

„ამ საქმეს რომ ვიწყებდი, გამოცდილი მეწარმეები არსებული ცოდნისა და გამოცდილების ჩემთვის გაზიარებას მოერიდნენ. მაშინ, როდესაც სოფლებში ხილი ფუჭდება, ხილის ფასი ხშირად კრეფის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს და სუპერმარკეტების დახლებზე წარმოდგენილი ჩირების 70% ჩინეთიდან, არგენტინიდან და სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, ვფიქრობ, მეწარმეები არა კონკურენტები, არამედ პარტნიორები უნდა ვიყოთ. საერთო მიზანი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის შემცირება. ბაზარზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ყველას გვეყოფა. მხოლოდ თბილისის სუპერმარკეტებში თვეში დაახლოებით 25 ტონა მშრალი ხილი იყიდება. ადგილობრივ ბაზარზე სახელის დამკვიდრების შემდეგ, მაქვს მიზანი, რომ 2025 წელს ექსპორტზე გავიდე - პირველ რიგში გერმანიაში, სადაც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ნატურალურ პროდუქტზე.“ 

პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სპეციალისტის მიზანია, წარმოების ზრდასთან ერთად, მეგობრების გარდა ახლა უკვე პროფესიონალების გუნდიც შემოიკრიბოს.  

„მინდა, რომ ჩემს მხარეში ყველამ დაიჯეროს საკუთარი თავის, თუნდაც პატარა საქმისა და მიზნის. მახსოვს, ოჯახის წევრების ჩემთვის ნათქვამი ყველა ფრაზა - რატომ წვალობ? რას თამაშობ? ამ დამოკიდებულებას მე საქმით ვუპასუხე და ყველა წინსვლა აღმოჩნდა დასტური - რომ არ უნდა გავჩერებულიყავი, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა არჩეული გზა.“