ბლოგერები
სტრატეგიული ბრენდინგი ალექს ჩიქოვანისგან — თიბისის ბიზნეს კლუბში სალექციო კურსი გაიმართა
თიბიზი ბიზნესი
01 აპრილი 2021
visibility 4022

ყოველწლიურად, საშუალოდ, 620 000-ზე მეტი კომპანია იქმნება. რამდენი მათგანი გახსოვს შენ? — ალბათ ძალიან ცოტა. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი 20% პირველივე წელს იხურება, 30% — მეორე წელს, 50% კი — ხუთ წელიწადში. ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვებისგან დიდად არ გამოირჩევიან, არ აქვთ საკუთარი იდენტობა, ხედვა, ფორმა და მიმართულება. ამიტომაც, კიდევ ერთი, რიგითი კომპანია რომ არ ჩამოაყალიბო, ის ბრენდად უნდა აქციო — ესაა ერთადერთი გზა, გადარჩე სივრცეში, სადაც ბოლო დროს ყველაფერი ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ემსგავსება.

 

როგორ ისახება ბრენდის სიცოცხლე, რა უნდა აკეთო ყოველდღიურად მისი გაძლიერებისთვის, რა სარგებელი მოაქვს ბრენდინგს? — ეს ნაწილია იმ მარადიული შეკითხვებისა, რომელიც თითქმის ყველა კომპანიას რაღაც ეტაპზე უჩნდება. მათზე პასუხის გასაცემად, თიბისიმ ბიზნეს კლუბის ფარგლებში, ფონდ EFSE-ის მხარდაჭერით, კიდევ ერთი საინტერესო საქმე წამოიწყო და კლუბის წევრებს სტრატეგიული ბრენდინგის კურსი შესთავაზა. კურსს უძღვებოდა ალექს ჩიქოვანი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი სტრატეგიული ბრენდინგის მიმართულებით, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვების და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

 

ჩვენ მოგიყვებით, როგორ ჩაიარა 6-კვირიანმა სალექციო კურსმა და რა შთაბეჭდილებები აქვთ ბიზნეს კლუბის წევრებს.

 

ვისთვის და რატომ შეიქმნა სტრატეგიული ბრენდინგის კურსი?

სტრატეგიული ბრენდინგის კურსი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელებისთვის, სტარტაპერებისთვის, მეწარმეებისთვის, სტუდენტებისათვის, მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის და ზოგადად, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისათვის შეიქმნა. მასზე დასწრება ბიზნეს კლუბის წევრებს შეეძლოთ. ალექს ჩიქოვანი გვიყვება, რომ მისი მიზანი, როგორც ყველა სხვა სალექციო კურსისას, ერთი იყო — აემაღლებინა ცნობიერება ბრენდისა და ბრენდინგის რაობის შესახებ, რადგან, მისივე თქმით, ამ საკითხების არასწორად აღქმის შედეგები ბიზნესის სიჯანსაღეზე უარყოფითად აისახება.

 

 
"ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბრენდინგი ლოგოს დახატვა, შეფუთვა და სლოგანია, თუმცა ესაა მთლიანად ბრენდის ქცევა, დაწყებული პროდუქტის ან სერვისის კონცეფციიდან, დამთავრებული ყოველდღიურ დეტალებზე ფიქრით. ამიტომაა, რომ არასწორი შეხედულებების გამო, ბიზნესში ხშირად საქმე და სიტყვა ერთმანეთს სცდება, მერე კი დარდობენ, რატომ არ იმუშავა ბრენდმა კარგად. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის გამართულად კეთებას ბევრი ფაქტორი უშლის ხელს, მაგრამ ხშირად მთავარი მიზეზი სწორედ იმ ადამიანების შეცდომებია, რომლებიც ბიზნესს მართავენ",
— გვიყვება ალექსი. 

 

ლექტორის თქმით, თიბისის ეს ინიციატივა მისთვის ძალიან სასიხარულო, საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. "როცა თიბისი ბიზნესკლიენტებისთვის კურსის გაკეთებაზე გიკავშირდება, ეს ძალიან კარგი რამაა. რაც უფრო მეტი კარგი ბრენდი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უკეთ ვიქნებით", — ამბობს ლექტორი.

 

კურსს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსი აღნიშნავს, რომ ლექციების განმავლობაში ისინი ხშირად სვამდნენ შეკითხვებს განსხვავებული სფეროებიდან, რაც მისთვისაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ახალ თემებზე დაფიქრების საშუალება მიეცა.

 

"საინტერესოა, როცა პრაქტიკოსს ელაპარაკები — მას, ვინც ყოველდღიურადაა ბიზნესში ჩართული. ისინი იმდენ პრობლემას ეჯახებიან, ისეთ გზას გადიან, რასაც ვერცერთ წიგნში წაიკითხავ. გმირობის ტოლფასია, რომ ეს ადამიანები დღეს საქმეს აკეთებენ, მაგრამ მინდა, კიდევ უფრო სწორად აკეთონ და ბევრს მიაღწიონ. ყოველ ასეთ აუდიტორიასთან შეხება ჩემთვისაც გამოწვევაა. მათგან ბევრს ვსწავლობ და რაც მთავარია, ამ კურსით ამა თუ იმ თეორიის პრაქტიკოსებთან გადამოწმების საშუალებაც მეძლევა."

 -ალექს ჩიქოვანი.

 

"ყველა მათგანი თავისი საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით სვამდა კითხვებს, გვაწვდიდა ინფორმაციას, რაც უფრო მეტ საკითხზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. ამით გაუმჯობესდება ჩემი კურსიც, ამიტომ მათი ძალიან მადლიერი ვარ", — ამბობს ალექსი.

 

ნაირ-ნაირი ბრენდინგი

ლექციებს ესწრებოდა Nair • ნაირის დამფუძნებელი, სტარტაპერი, გიორგი ხერგიანი. მისი თქმით, ამ კურსის საშუალებით, საქმიან ადამიანებთან შეხვედრისა და ურთიერთობის კარგი გამოცდილება მიიღო.

 

"მნიშვნელოვანი საქმეა, როცა ასეთ კურსებზე, განათლებაზე უფასოდ გვეძლევა წვდომა. ძალიან დიდი მხარდაჭერაა ეს ბიზნესისთვის. ვფიქრობ, რომ ბევრ დამწყებ ადამიანს გამოადგება მსგავსი ცოდნა და ხელს შეუწყობს საქმის კეთებაში.."

 - გიორგი ხერგიანი, ნაირ-ნაირის დამფუძნებელი.

 

გიორგი აღნიშნავს, რომ ბრენდინგი გარკვეულწილად ახლოს არის მის საქმიანობასთან და ხშირად ეცნობა ამ თემაზე ლიტერატურას. "ამ კურსით კი საშუალება მომეცა, კონკრეტული ქეისების განხილვაში ჩავრთულიყავი. იყო საინტერესო მიდგომები და ვფიქრობ, მთლიანობაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ადამიანები ემოციის გამო უფრო მეტად ყიდულობენ პროდუქტებს, ვიდრე — საჭიროების გამო. საჭიროების გამო შეიძლება შეიძინო ნებისმიერი ბრენდის პროდუქცია, მაგრამ ემოციურად თუ ბმა გაქვს რომელიმე ბრენდთან, მუდმივად მისი ერთგული მომხმარებელი ხარ. ეს იყო მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ყველამ აქცენტი უნდა გავაკეთოთ", — ამბობს ის.

 

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მსგავსი კურსების გავლის შემდეგ სხვანაირად უყურებ შენს საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში, გეხმარება, რომ გადადგა სწორი ნაბიჯები და ბოლომდე დახვეწო და განავითარო ბიზნესი."

- გიორგი ხერგიანი

 

კურსი ონლაინფორმატში ჩატარდა, რაც ლექტორისა და ბიზნესკლუბის წევრებისთვის მოსახერხებელი აღმოჩნდა. "თუ მანამდე შეიძლება სადმე წასვლა დაგზარებოდა, ონლაინ ფორმატი ამ დისკომფორტს გაცილებს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია", — აღნიშნავს გიორგი ხერგიანი და ამატებს, რომ საინტერესო იქნებოდა უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური კურსიც. მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ სრულიად უფასოდ მსგავსი კურსის გავლა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია მისთვისაც და სხვა მსმენელებისთვისაც.

 

"დარწმუნებული ვარ, ვისაც მანამდე მცირე წარმოდგენა ჰქონდა ამ საკითხზე, ახლა ბევრად გარკვეულია ბრენდინგში. ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა, იყო წიგნები, რომლებსაც ლექტორი ახსენებდა და მათ აუცილებლად წავიკითხავ", — ამბობს ის.

 

გიორგი ამბობს, რომ მართალია, აქამდე ხშირად არ გამოუყენებია ბიზნეს კლუბის ბენეფიტები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილია კლუბის წევრობით და სხვა მსგავს კურსებსა თუ სემინარებშიც სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

 

10-დან 10 ქულა ბრენდინგის სპეციალისტისგან


"ქულების სისტემით თუ განვიხილავთ, 10/10 ეკუთვნის", — ასე აფასებს სტრატეგიული ბრენდინგის კურსს ბიზნეს კლუბის კიდევ ერთი წევრი, ია დარახველიძე, კომპანია BRID-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

 

მისი თქმით, ამ სალექციო კურსით კარგი საქმე კეთდება, რადგან აუცილებელია, ამ სფეროში შესაბამისი კულტურა დაინერგოს, ინფორმაცია მისწვდეს მომხმარებლებს, გაიგონ, რამდენად რთული და შრომატევადი საქმეა ბრენდინგი. "ვისურვებდი, უფრო ხანგრძლივი კურსი ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტი საკითხი განგვეხილა", — ამბობს ის.


ია თავადაც ბრენდინგის სფეროში საქმიანობს. მისთვის ეს კურსი საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ საშუალება მიეცა, დაენახა, რა ტიპის მომხმარებლები არსებობენ, როგორ არიან ისინი განწყობილნი ბრენდინგის მიმართ, რა აინტერესებთ და რა სურთ.

 

"არიან კლიენტები, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საკითხებში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ბრენდინგი, რა საჭიროა, ხშირად ერევათ ცნებები ან მიიჩნევენ, რომ სტრატეგია საერთოდ არაა საჭირო, ამიტომაც ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი სალექციო კურსი ჩატარდეს", — ამბობს ია და ამატებს, რომ განსაკუთრებით ქეისების განხილვის ნაწილს გამოარჩევდა. "ბევრი საკითხი განვიხილეთ და ამ ტიპის ლექციების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილიც ესაა".

 

კურსის ფარგლებში, თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებმა გაიგეს, რა არის ბრენდი, ბრენდინგი, რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს მას, როგორ უნდა იმუშაო ამ საკითხებზე ბრენდის შექმნიდან დაწყებული, მართვით დამთავრებული. ცხადია, ბრენდინგზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა ბიზნეს კლუბის წევრებმა ლექტორისგან უკვე იციან ერთი ოქროს წესი წარმატების მისაღწევად — "ბრენდი უნდა იყოს გაბედული, თანმიმდევრული გამორჩეული და სხვებისგან განსხვავებული."