ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნეს აპი ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით — ვილა მოსავალის გამოცდილება
On.ge
12 სექტემბერი 2020
visibility 2164

მობილური აპლიკაციები ჩვენი ვირტუალური "ასისტენტები" არიან. ისინი ჩვენ ნაცვლად ითვლიან გადადგმულ ნაბიჯებს, განვლილ კილომეტრებს და დახარჯულ კალორიებს; გვიჩვენებენ მიმართულებას; შორეულ მოგზაურობაში გვიწევენ წიგნის მაგივრობას; გვაკავშირებენ გარესამყაროსთან და რაც მთავარია, გვეხმარებიან ფინანსების სწორად მართვაში.

 

ფინანსების ეფექტიანად და სწრაფად მართვა კი აჩქარებული ცხოვრების ტემპის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, თიბისიმ ბიზნესის აპი შექმნა. ესაა აპლიკაცია მათთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის მართვა მობილურით, ნებისმიერ დროსა და ადგილას ურჩევნია.

 

ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი მობაილბანკისგან ბიზნეს აპს ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია განასხვავებს. ესაა ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურება, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდის; IBAN სკანერი, რომელიც მეორე მხარისთვის თანხის გადარიცხვის ფუნქციაშია ჩაშენებული და მობილურის კამერით მრავალციფრიან ანგარიშის ნომერს შეუცდომლად "კითხულობს"; და რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის ერთი ანგარიშიდან გამოსვლის და ხელახალი ავტორიზების გარეშე გადაინაცვლოს მეორე ანგარიშზე. რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქციაზე თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლიგის წევრი, ივანე გეგია გვესაუბრა.



რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია

 

ივანე გეგია ბიზნეს აპის გუნდში სერვის ექსპერტია. მისი მთავარი მიზანია, აპლიკაციის მახასიათებლები რეალურად შესრულებად დავალებებად "თარგმნოს"; ამ მახასიათებლების შესახებ დეველოპერს თუ დიზაინერს ინფორმაცია მიაწოდოს; და გზადაგზა წამოჭრილი საკითხები მოაგვაროს. აპლიკაციაზე დაახლოებით ერთი წელი იმუშავეს და როგორც ივანე აღნიშნავს, ორიენტირებულები იყვნენ MVP (Minimal Viable Product) პრინციპზე, რაც გულისხმობს შემდეგს: გუნდის წევრებმა აპლიკაციაში მინიმალური ფუნქციები შეიტანეს, გახადეს ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, მისცეს მათ შეფასების საშუალება და მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე გზადაგზა აშენებენ მასზე დამატებით ფუნქციებს.

 

"ამ პრინციპმა გაამართლა. უკვე მივიღეთ უკუკავშირი რამდენიმე მომხმარებლისგან, რაც საშუალებას გვაძლევს, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ მათ სურვილებზე, საჭიროებებზე, დავამატოთ ახალი ფუნქციები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად, თავიდანვე დავნერგეთ მასში იმდენი ფუნქცია, რომ აპლიკაცია სრულყოფილად გამოსაყენებელი ყოფილიყო", — ამბობს ივანე გეგია.

 

ის გვიყვება, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკისგან განსხვავებით, აპლიკაციას ერთი მთავარი მახასიათებელი აქვს — ის ლაკონიურად გაწვდის ინფორმაციას შენი ბიზნესის ფინანსური რეალობის შესახებ. "შეიძლება, ერთ მომხმარებელს რამდენიმე "რეალობა", რამდენიმე კომპანია ჰქონდეს. ამიტომ, როცა ერთხელ გაივლი ავტორიზაციას აპლიკაციაში და შეხვალ შენს ბიზნესანგარიშზე, მეორეზე გადართვას სწრაფად, პაროლის ხელახალი შეყვანის გარეშე შეძლებ." მისი თქმით, ეს კარგი საშუალებაა ბიზნესების მფლობელთათვის, სწრაფად და მოხერხებულად შეიქმნან სურათი თავიანთი კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე.


მისი თქმით, ბიზნეს აპის გუნდის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონიურად მიწოდების ინსტრუმენტი იყოს. სამომავლოდ კი გათვლა აქვთ მენეჯერულ კონტექსტზე — კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თიბისი ეფექტიანად ირეკლავს მსოფლიოში არსებულ მობილურზე-ორიენტირების ტენდენციას. ამიტომაცაა, რომ მომხმარებლების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად თიბისის პროდუქტები თუ მომსახურება მობილურთან მეგობრულია.

 

რამდენად ამარტივებს ფინანსურ ოპერაციებს და ბიზნესის საქმიანობას ბიზნეს აპი და მისი რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია? — ამ საკითხზე ვილა მოსავალის დამფუძნებელი, გიორგი შეყრილაძე გვესაუბრა.

 

როგორ უმარტივებს ბიზნეს აპი საქმიანობას ვილა მოსავალს

 

გიორგი შეყრილაძეს ვენახთან და ღვინის წარმოებასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა. ის ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკში უყურებდა, როგორ აშენებდნენ ვენახს, რამაც მასში დიდი ინტერესი გააღვივა. 16 წლის ასაკში თავადაც დაიწყო ვენახის მოვლა და ღვინის დაწურვა, ძალიან შეუყვარდა ამ საქმის კეთება და ეს თავის პროფესიად აქცია.

 

"2018 წელს, დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების შედეგად, მარნის მშენებლობა დავიწყეთ. მარანს შემდეგ მოჰყვა სასტუმრო, სასტუმროს — რესტორანი, აუზი, სპა და ასე ჩამოყალიბდა ვილა მოსავალი კომპლექსად", — აღნიშნავს ის. გიორგის ოჯახის ყველა წევრი ჩართული იყო თითოეული დეტალის შექმნაში. აღსანიშნავია, რომ ვილას საკუთარი ვენახები აქვს გაშენებული, საიდანაც უმაღლესი ხარისხის ყურძენს იღებენ. ისინი 20-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებენ, ასევე ხდიან ჭაჭას და ქმნიან საკუთარ ბრენდს.

 

"ჩვენი მიზანია, ვაკეთოთ საკუთარი საქმე სიყვარულით, შევქმნათ უნიკალური ღვინოები და მოვიპოვოთ საერთაშორისო აღიარება", — გვიყვება გიორგი.



გიორგი ამბობს, რომ როგორც მეღვინეს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის საერთოდ არ აქვს თავისუფალი დრო. შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული მობილური მომსახურება მას დიდ დახმარებას უწევს.

 

"ყველა გადახდა თუ სხვა ფინანსური გადაწყვეტილების გადაჭრა რამდენიმე მარტივი მოძრაობით ხდება. აღარ მიწევს მოვწყდე საქმეს, წავიდე ბანკში და ფინანსური საკითხები სამსახურიდან მოშორებით მოვაგვარო", — ამბობს ის.

 

ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციას კი გიორგი ძალიან საინტერესოს და მისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს; ამბობს, რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაუმარტივებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და, რა თქმა უნდა, მეტ დროს დაუზოგავს თავისი საქმიანობისთვის. გიორგი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ბიზნეს აპის განვითარება მას კიდევ უფრო გაუმარტივებს საქმიანობას.

 

"მიყვარს სასიამოვნო სიახლეები ჩემს საქმეში და, რა თქმა უნდა — სხვა სფეროშიც. ციფრული მობილური მომსახურება ძალიან ვითარდება, რათა ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივი გახდეს მისი მოხმარება. ამიტომაც მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც განვითარებისკენაა გადადგმული", — ამბობს გიორგი.



ბიზნეს აპის გუნდი აქტიურად მუშაობს აპლიკაციის დახვეწაზე. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესის წარმომადგენლებმა უკუკავშირი ხშირად მიაწოდონ და თავიანთი სურვილები დააფიქსირონ. ამით თიბისის ბიზნეს აპი აქ და ახლა თქვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდება.