ბიზნეს სიახლეები
თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით — კაშკაშის გამოცდილება
12 სექტემბერი 2020
visibility 1765

ბიზნესს ყოველდღიურობაში სხვადასხვა ბიუროკრატიულ დაბრკოლებასთან უწევს გამკლავება — დოკუმენტები, ხელმოწერები, შეხვედრები თუ ელექტრონული ფოსტის უსასრულო მიმოწერა მარტივად მოსაგვარებელ საკითხებსაც დროში ახანგრძლივებს. სწორედ ამიტომ, კომპანიების ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისიში გადაწყვიტეს, ბიზნესისთვის აპი შეექმნათ — მენეჯერული აპლიკაცია, რომელიც, ფიზიკური პირების მობაილბანკისგან განსხვავებით, რამდენიმე ახალ ფუნქციას იტევს: ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვას, ერთზე მეტი დავალების ერთი დიჯიპასით დადასტურებასა და IBAN სკანერს. 

ამ სტატიაში მოგიყვებით IBAN სკანერზე. ფუნქციაზე, რომლის მეშვეობით მობილურის ფოტოკამერა ანგარიშის ნომრებს "კითხულობს" და მას ავტომატურად სვამს გადარიცხვის შაბლონში. ამ ფუნქციის შესახებ დეტალები ბიზნესსეგმენტების მართვის ლიგის წევრმა, ქეთი ისაკაძემ გაგვიზიარა.

 

ქეთი გვიყვება, რომ გუნდის შეკვრის შემდეგ, კოდირების პროცესს აქტიურად შეუდგნენ, დაახლოებით 9 თვეში კი MVP გაუშვეს. MVP პრინციპი აპლიკაციისთვის იმ მინიმალური ფუნქციების მინიჭებას გულისხმობს, რომელიც მას მომხმარებლისთვის გამოსაყენებელს ხდის, ხოლო შემდგომში მასზე, ისევ და ისევ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, დამატებითი ფუნქციები შენდება.

 

ქეთი ბიზნეს აპის ციფრული არხების სერვის ექსპერტია — ის ერთგვარი "ხიდია" მომხმარებლებსა და ბიზნეს აპის ტექნიკურ შემსრულებლებს შორის: პირველ რიგში იკვლევს, რა სჭირდება მომხმარებელს, აანალიზებს მათ სურვილებს, შემდეგ კი გარდაქმნის ისეთ ტექნიკურ დავალებად, რომელსაც დეველოპერები და ტექნიკური გუნდის სხვა წარმომადგენლები რეალობად აქცევენ.

 

"მას შემდეგ, რაც აპლიკაციის "ხერხემალი" შეიქმნა, მომხმარებლებთან თითოეული ფუნქციის გამოკვლევა დავიწყეთ. მცირე თუ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ფუნქციას ვტესტავდით; ვაკვირდებოდით მათ ქცევას, როგორ აღიქვამდნენ სხვადასხვა ოპერაციას აპლიკაციაში, ამის შედეგად კი ვაუმჯობესებდით UX და UI მხარეს და ფუნქციების მოდიფიკაციასაც ვახერხებდით. დღევანდელი პროდუქტიც სწორედ ამ კვლევების შედეგია", — აღნიშნავს ქეთი ისაკაძე.




რა არის IBAN სკანერი?

 

კომპანიებს ხშირად ინვოისების გადახდისთვის ფურცელზე დაბეჭდილი მრავალციფრიანი ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა უწევთ, ზოგჯერ კი ელექტრონული დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ამ ციფრების კოპირებას ვერ ახერხებენ, სწორედ ამ პრობლემის შემსუბუქება გადაწყვიტეს ბიზნეს აპის გუნდის წევრებმა. "დავფიქრდით, რომ როცა მომხმარებელს ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი ფოტოკამერით, შეგვიძლია ეს შესაძლებლობა ფინანსური ოპერაციების გასამარტივებლად გამოვიყენოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, აპლიკაციაში ფურცელზე თუ ეკრანზე დატანილი ანგარიშის ნომრის მობილურის ფოტოკამერით დასკანერების ფუნქცია დაგვემატებინა, რათა მომხმარებლებს მისი ხელით ჩაწერა აღარ დასჭირვებოდათ", — ამბობს ქეთი.

 

დასაწყისისთვის აპლიკაციაში IBAN ნომრის ამოცნობისთვის ფოტოკამერის დამიზნებაა საჭირო, სამომავლოდ კი ბიზნეს აპი აღნიშნული ნომრის "წაკითხვას" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაც შეძლებს.


 

მომხმარებლებისგან უკუკავშირი უკვე მიიღეს. ქეთი ამბობს, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი აღმოჩნდა IBAN სკანერის ფუნქცია. ამ ტიპის ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ადგილებში ყოფნა, ნაკლებ დროს ატარებენ ოფისში ან სულაც არ სჭირდებათ ოფისი საქმიანობის წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ მობილური მათი უახლოესი "მეგობარია" და ფინანსურ ოპერაციებსაც ასე უფრო მარტივად ასრულებენ. რაც შეეხება ზოგადად აპლიკაციას, დიდი თუ მცირე ბიზნესის მხრიდან დადებითი შეფასებები უკვე მოისმინეს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, აპლიკაციის პირველად ფუნდამენტს მომავალში კიდევ ბევრი რამ დაეშენება.

 

"ჩვენ ბიზნეს აპს ვუყურებთ, როგორც ბიზნესის სამაგიდო აპლიკაციას, პირველადი დახმარების აპლიკაციას. ეს არაა მხოლოდ საბანკო აპლიკაცია — გვსურს, ბევრად გასცდეს მხოლოდ გადარიცხვებსა თუ სხვა ფინანსურ პროდუქტებს. სამომავლოდ ამ აპლიკაციის გამოყენებით ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობის გარშემო მიიღონ და გასცენ ინფორმაცია; ჩვენ კი გვსურს, მისი დახმარებით ბიზნეს-კლიენტებს ცხოვრება გაუმარტივდეთ", — ამბობს ქეთი.

 

ქეთი აღნიშნავს, რომ ბიზნეს აპის ფუნდამენტი მომხმარებლებთან მუდმივი კავშირის შედეგად შეიქმნა. მისი თქმით, გუნდს მომხმარებელთა პულსზე უდევს ხელი და მათ საჭიროებებს მუდმივად ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სახის უკუკავშირის მისაღებად არიან მზად. მისი თქმით, მომხმარებელთა სურვილების გაგებით, მათი მოსმენით, ბინზეს აპი კიდევ უფრო სწრაფად დაუახლოვდება საბოლოო მიზანს, გახდეს ბიზნესის სამაგიდო აპლიკაცია.

 

კაშკაშის გამოცდილება


საქართველოში შექმნილი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს.

 

კომპანიის დამფუძნებელი, ქეთო გიორგობიანი გვიყვება, რომ მისი საქმიანობა სამ ძირითად მოსაზრებას ეფუძნება:

  • დაამტკიცონ, რომ ქართული ნიშნავს ხარისხიანს;

  • იზრუნონ გარემოზე და მათი პროდუქციის შეძენით, ამ პროცესში ავტომატურად მომხმარებელიც ჩართონ;

  • გლობალური ტენდენციების და საქართველოს ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ინგრედიენტების გაერთიანებით შექმნან ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ერთნაირად საინტერესო, უნიკალური პროდუქცია.

კაშკაში ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისთვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. კაშკაშის ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.



"ჩვენ ვართ პირველი და კვლავ ერთადერთი ქართული ბრენდი, რომელიც აღიარა ქვეყნის უმსხვილესმა "რითეილერმა" და 2019 წლის ბოლოდან KASHKASH უკვე ლუტეციას ქსელშიც გამოჩნდა", — ამბობს ქეთო.

 

ქეთო აღნიშნავს, რომ მოქნილი, სწრაფი და ბიუროკრატიას მოკლებული ციფრული მომსახურება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ვინაიდან პატარა კომპანია ვართ, მე და ჩემს პარტნიორს საკმაოდ ბევრი ფუნქციის შეთავსება გვიწევს. ცხადია, გვსურს, დროის უმეტესი ნაწილი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას და უშუალოდ კომპანიის პროფილურ საქმიანობას დავუთმოთ", — გვიყვება ის.

 

თიბისის ბიზნეს აპზე საუბრისას ამბობს, რომ აპლიკაციის ფუნქციები, მათ შორის IBAN სკანერი კიდევ უფრო მეტ დროს დაუზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკსაც მინიმუმამდე დაიყვანს. "განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად გიწევს ფიქრი, იზრდება მექანიკური შეცდომების დაშვების ალბათობა. ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების ავტომატიზაცია ქმნის შეგრძნებას, რომ გყავს ერთგვარი უხილავი ასისტენტი, რომლის დახმარებასაც მუდმივად გრძნობ", — აღნიშნავს ის.

 

ქეთო ბიზნეს აპის გუნდს უსურვებს, ზუსტად ისე განაგრძონ საკუთარი პროდუქტების მომხმარებლის თვალით შეფასება, როგორც ამას ახლა ახერხებენ. "ასე არასდროს დავკარგავთ კონტაქტს და ყოველთვის მივიღებთ სწორედ იმ მომსახურებას, რომელსაც ჩვენ, ანუ მომხმარებელი ველოდით", — დასძენს ქეთო.

 

ბიზნეს აპი სამომავლოდ კიდევ მრავალ ფუნქციას შეითავსებს და როგორც თიბისიში ამბობენ, გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსების მართვის აპლიკაციებია.