წარმატების ისტორიები
ონლაინ მაღაზია, როგორც თანამედროვე ბიზნესის წარმატება
ბიზნეს ბლოგი
06 აპრილი 2021
visibility 3897

თანამედროვე ადამიანის მისწრაფებების ცალსახად განსაზღვრა რთულია, რადგან, ახალი ტექნოლოგიებისა და გაიოლებული კომუნიკაციის პირობებში, მეტად მრავალფეროვანია არა მხოლოდ მისი საქმიანობისა თუ ინტერესის სფეროები, არამედ დასვენების შესაძლებლობაც. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: არასდროს, არცერთ ეპოქაში ადამიანს ასე ხშირად და ასე იოლად არ უმოგზაურია. რადგან მოგზაურობა ერთდროულად შეიძლება იყოს საქმიანობა, გატაცება და დასვენება, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ განსაზღვრებად „ადამიანი მოგზაური“ გამოდგება.



მოგზაურობის დღეების, მონახულებული ქვეყნებისა და მათთან დაკავშირებული განცდების აღბეჭდვის, განივთების სურვილი ისეთივე მძაფრია, როგორც თავად მოგზაურობის. ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც უმოგზაურია და, სამახსოვროდ, თუნდაც სულ უმნიშვნელო საგანს არ ინახავს. სწორედ ამაზე დაფიქრდნენ „ამბავის“ დამფუძნებლები, როცა 2017 წელს, კოლორადოში, სუვენირების მაღაზიაში შესულებმა, ამ ტურისტული ინდუსტრიის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს სულ სხვანაირად შეხედეს. სუვენირების სიმრავლე, მრავალფეროვნება, კონცეპტუალურობა და ხარისხი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უნებურად მათ მნიშვნელობაზე დაფიქრდნენ და საქართველოში სუვენირების მწირ არჩევანსა და არასახარბიელო ხარისხს შეადარეს. დებმა, თამთა და სოფო კუპრაძეებმა, გადაწყვიტეს საქართველოს შესახებ უცხოელებისა და ადგილობრივებისთვის სუვენირების მეშვეობით მოეთხროთ. სახელწოდება „ამბავიც“ აქედან დაიბადა. ოღონდ ეს ამბავი სიტყვების გარეშე, გამოსახულებით უნდა ყოფილიყო გადმოცემული. დასაწყისშივე განისაზღვრა, რომ სუვენირი ერთდროულად სამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა: იქნებოდა ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მატარებელი, ერთმნიშვნელოვნად ფუნქციური და იოლად ტრანსპორტირებადი.



„თავდაპირველად 14 დასახელების სუვენირით დავიწყეთ. წინსაფრები, მათზე აღბეჭდილი კერძებითა და ამ კერძების რეცეპტებით, დღემდე ბესტსელერია და საოცრად პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივებში. გარდა ამისა „ამბავმა“ მომხმარებელს შესთავაზა ტილოს ჩანთები ზედ გამოსახული ქართული ცეკვების ელემენტებით, ორიგინალური ხის საკიდები ღვინის ჭიქებისთვის, ფერადი მაგნიტები, საფოსტო ბარათები, პოსტერები ქართული ღვინისა და ყველების შესაბამისობისა თუ ქვევრის ღვინის პროცედურების შესახებ და ა. შ.“ - ამბობს თამთა კუპრაძე.

 

ბიზნესი სწრაფად განვითარდა და მალევე „ამბავი“ საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 40 მაღაზიაში იყო წარმოდგენილი, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. დამფუძნებლებს ალტერნატიული გზების ძიება მოუხდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მათი თანამშრობლობა პროექტთან, რომელიც თიბისიმ საქართველოში ბიზნესის მხარდასაჭერად წამოიწყო.



„ცხადია, უფრო გავააქტიურეთ ფეისბუქი და ინსტაგრამი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ამ დროს მივიღეთ თიბისის შეთავაზება, გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია. ეს იყო ძალზე ხელსაყრელი შემოთავაზება, რადგან დაგვეხმარა, გამოწვევა შესაძლებლობად გვექცია. b2c-ის პლატფორმაზე იოლად შევქმენით მაღაზია, რადგან თიბისის წარმომადგენელი მუდმივად, შეიძლება ითქვას, 24 საათი კონტაქტზე იყო და ნებისმიერ კითხვას ოპერატიულად პასუხობდა“.

 ერთ კვირაში ონლაინ მაღაზია უკვე მზად იყო და „ამბავიც“ ბოლომდე ჩაერთო ახალ რეალობაში.