წარმატების ისტორიები
Lunchoba ახალ რეალობაში
21 აგვისტო 2020
visibility 2294

იყო დრო, როდესაც ოფისში ყოფნისას ლანჩი და მის გარშემო ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხები ზედმეტად გვღლიდა. რა ვჭამო? სად შევუკვეთო? ისევ Junk Food? ალბათ ნაცნობი კითხვებია.

 

Lunchoba სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. 1 წელიწადში მისმა დამფუძნებელმა, ნიკო რეხვიაშვილმა, Redberry-სთან ერთად მოახერხა და დღეს უკვე 40 კომპანიასთან თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც ნებისმიერი ორგანიზაცია Lunchoba-სთან პარტნიორობას გადაწყვეტს, თანამშრომლებს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით საშუალება ეძლევათ წინა დღისით, ან იმავე დღეს 10:30-მდე შეუკვეთონ ლანჩი და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, 13:00 საათზე უკვე კურიერი მათ დათქმულ ადგილას ესტუმრება.

 

როგორც ნიკო გვიყვება, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებამდე შემოსავლები კვირაში თითქმის, 7%-ით იზრდებოდა. გარდამტეხი ნოემბერი- დეკემბრის პერიოდი აღმოჩნდა, როცა Word of mouth-ის პრინციპით, Lunchoba-ს შესახებ მთელმა თბილისმა გაიგო. არადა, გასული წლის მაისში, როდესაც სტარტაპი „დაილანჩა“, კომპანიების დარწმუნება და მათთვის ახალი პრინციპების ახსნა საკმაოდ ჭირდა.



„ჩვენი აპლიკაცია და მომსახურება ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, არ გბეზრდება, რადგან ყოველდღე ახალი კერძები გხვდება, ვცდილობთ, სიურპრიზებიც არ მოვაკლოთ მომხმარებლებს. ყოველდღე 6 სხვადასხვა კერძის არჩევა შეგიძლიათ და გვაქვს სხვადასხვა კატეგორიები: ვეგანური, მსუყე, დიეტური და ა.შ. მთელი წინა დღე და დილა გაქვს შეკვეთის გასაკეთებლად, აღარ გიწევს ლანჩზე ფიქრი და დროის დახარჯვა კითხვაში „რა ვჭამო?“. - გვიყვება ნიკო.

 

მთელს მსოფლიოს ახალ რეალობაზე გადაწყობა და დისტანციურ რეჟიმზე მუშაობა მოუწია, მათ შორის Lunchoba-საც. მართალია, ოფისები და თავშეყრის ადგილები დროებით შეჩერებულია, თუმცა ადამიანები ახლა სახლიდან მუშაობენ და ოფისებიც იქ აქვთ მოწყობილი, შესაბამისად, ლანჩის პრობლემაც ისევ აწუხებთ. ნიკომ და Redberry-ს გუნდმა გადაწყვიტა ბიზნეს მოდელი შეეცვალათ და Wolt-ისა და მომავალში Glovo-ს მიტანის სერვისის დახმარებით, უკვე ფიზიკურ პირსაც ნებისმიერ ადგილას შეეძლება მათი მენიუს დაგემოვნება. ფასი 10-დან 15 ლარამდე მერყეობს.

 

„ძალიან კარგად ვიზრდებოდით. კომპანიებს ვაძლევდით საშუალებას, თანამშრომლებისთვის კვება დაეფინანსებინათ. მაგალითად, გარკვეული ლიმიტები მიეცათ, რომლის ზემოთაც ადამიანი თავად გადაიხდიდა საფასურს, ან ყოველთვიური თანხა ჩაერიცხა და ა.შ, სხვადასხვა მოდელს ვიყენებდით. მას შემდეგ, რაც ოფისები გაჩერდა, სამზარეულო და კერძის პორციები გადავაწყვეთ, ლანჩის მოთხოვნას უკვე სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის ვაკმაყოფილებთ. ეს არ არის Junk Food,  ვცდილობთ ადამიანებს ენერგია მივცეთ. ყოველდღე გვექნება 6 სხვადასხვა კერძი, თუმცა 2 მათგანი სულ შეიცვლება“

- გვიყვება ნიკო.



Lunchoba-მ დღემდე შეძლო და 2 000-მდე მომხმარებელი შეკრიბა საკუთარ „კომუნაში“. მომავალის გეგმებში უკვე სხვა სამზარეულოების დამატებაც შედის და რესტორნებსა თუ კაფეებს მათთან თანაშრომლობის საშუალებაც მიეცემა. მანამდე კი Lunchoba, დიდი ალბათობით, მხოლოდ სახლებში გაგრძელდება.