ბიზნეს სიახლეები
თიბისი, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, ბიზნესებს „მწვანე ინიციატივისთვის“ დააჯილდოებს
ბიზნეს ბლოგი
15 ნოემბერი 2023
visibility 2641


ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნეს სექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა. უკვე ორი წელია, რაც ბიზნესდაჯილდოებამ, გლობალური კლიმატის  პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად, დაამკვიდრა სპეციალური ნომინაცია „მწვანე ინიციატივებისთვის“.

GCPF-ისა და თიბისის პარტნიორობასა და ბიზნესდაჯილდოების სპეციალური ჯილდოზე GCPF-ის კლიმატის ცვლილებების უფროსი სპეციალისტი, ლევან ხმიადაშვილი გვესაუბრება:

რა ამოცანები აქვს GCPF-ს  და რა არის თქვენი  და თიბისის პარტნიორობის მიზანი?

ჩვენ ვართ responsAbility Investments AG, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მართავს სხვადასხვა აქტივებს, რომელთა შორისაც გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდს Global Climate Partnership Fund (GCPF) განსაკუთრებული ადგილი უკავია. GCPF-ი აერთიანებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან მოზიდულ ფინანსურ რესურსებს.  ფონდის მთავარი ამოცანაა ანთროპოგენული ეფექტით გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, რისთვისაც იგი ორ ძირითად მიმართულებას აფინანსებს: 1. ენერგოეფექტურობა და 2. განახლებადი ენერგოტექნოლოგიები.  

ენერგოეფექტურობა მოიაზრებს ენერგიის დაზოგვას, რომლის მიღწევა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში არის შესაძლებელი, ხოლო რაც შეეხება განახლებად ენერგოტექნოლოგიებს, აქ კონცენტრაცია ძირითადად მზის და ქარის ენერგიებზე  კეთდება. 

GCPF-ი აფინანსებს უშუალოდ ბიზნესებსაც, თუმცა ფონდის პორტფელის უმეტესი ნაწილი მიმართულია ფინანსური ინსტიტუტებისკენ, რომლებიც შემდგომ ამ ინვესტიციას იყენებენ აღნიშნული ტექნოლოგიებს დასაფინანსებლად.

თიბისისთან, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მნიშნელოვან პარტნიორთან, მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა სწორედ მწვანე სესხით დაიწყო 2016 წელს.  თანამშრომლობა გულისხმობს მწვანე ფინანსური რესურსის მიწოდებას, რომელსაც თან ახლავს ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს მწვანე დაფინანსების ინსტიტუციონალიზაციას, ამ ტიპის პროექტების იდენტიფიცირების და შეფასების უნარების შექმნას.

ბოლო წლებში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და გაიზარდა ტექნიკური მხარდაჭერაც. 2021 წელს ბანკის ESG გუნდის ინიციატივით გაფართოვდა თიბისის ბიზნესდაჯილდოების სპექტრი და დაემატა მწვანე კომპონენტი, სადაც ჩვენი მხარდაჭერით შემუშავდა კრიტერიუმები, შეიქმნა ფორმატი და დაემატა ფინანსური ჯილდო.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი იმისთვის, რომ მოიპოვოს  სპეციალური ჯილდო „მწვანე ინიციატივებისთვის“?

„შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს, თუმცა ყველა კრიტერიუმი საბოლოოდ ერთ მთავარ - კლიმატის მიმართ მეგობრულობაში ერთიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  რამდენად გაზომვადია შედეგები, რამდენად არის შესაძლებელი მათი მულტიპლიკაცია,  გამოცდილების გაზიარება და ზოგადი პოლიტიკა გარემოს მიმართ.

ერთ-ერთი კრიტერიუმია, ასევე, ეკოლოგიურ და სოციალურ  სტანდარტებთან შესაბამისობა. მაგალითისთვის, თუ ბიზნესი  ენერგიას მზის პანელებით გამოიმუშავებს და წარმოებაში წარმოქმნილ ნარჩენებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ მართავს, იგი ჯილდოს მიღებას ვერ შეძლებს. 

რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის სპეციალური  ჯილდო „მწვანე ინიციატივებისთვის“ ?

კლიმატური ცვლილებები და ამ ცვლილებებისგან გამოწვეული საფრთხეები დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის ნეგატიურ ეფექტს უფრო მეტად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები და მოსახლეობა განიცდის. სწორედ განვითარებადი ქვეყნებია GCPF-ის მოქმედების არეალი, სადაც ცნობიერება გარემოს და კლიმატის საკითხების შესახებ საკმაოდ დაბალია. 

ბიზნესდაჯილდოება კი ის პროექტია, რომელიც პასუხისმგებლიან, მდგრად და მწვანე ინიციატივების წახალისებას ახდენს და ამაღლებს ცნობიერებას ამ მიმართულებით, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა GCPF-ის დაინტერესება  ბიზნესდაჯილდოებით. 


 

იმისთვის რომ ბიზნესებმა  მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისათვის“, აუცილებელია ისინი დარეგისტრირდნენ სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში, სადაც ქვე-კატეგორიად მონიშნონ მწვანე ინიციატივები - www.businessaward.ge