ბიზნეს სიახლეები
თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში შეხვედრების სერიას იწყებს
ბიზნეს ბლოგი
15 მარტი 2023
visibility 2740

უკვე არაერთი წელია, ბიზნესდაჯილდოება ქართული ბიზნესსოციუმისთვის პრესტიჟულ და გავლენიან ღონისძიებად იქცა. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აღმოჩენის, აღიარებისა და დაჯილდოების მიზნით შექმნილი მასშტაბური დაჯილდოებით, თიბისიმ დიდი შრომის, მოტივაციისა და წარმატების უამრავი ისტორია გაგვაცნო. სწორედ ეს ღონისძიება დაეხმარა არაერთ სტარტაპს, ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ საკუთარი პროდუქტები თუ სერვისები და ეპოვათ თვითრწმენა უფრო მეტის საკეთებლად.

 

ღონისძიება, რომელიც, ტრადიციულად, შემოდგომაზე იწყება, ამჯერად საინტერესო სიახლით ბრუნდება — თიბისის ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებლებისთვის, ბიზნესდაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში 5 პანელური შეხვედრა გაიმართება. დისკუსიებს ბიზნესდაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და ამა თუ იმ თემის ექსპერტები გაუძღვებიან.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს განვითარებაში, დავუფასოთ მათ შრომა და დავეხმაროთ, რომ მოიპოვონ აღიარება. შეხვედრების სერიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება — მიმოვიხილავთ ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებს, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ღირებულებებს ერგება. ჩვენი მიზანია, გავააქტიუროთ დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონების განვითარება და სხვა, – ამბობენ თიბისიში.

შეხვედრების სერიის ფარგლებში პირველი ღონისძიება 16 მარტს გაიმართება და საუბრის თემა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას შეეხება.

პირველი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: დავით ჯაფარიძე, მომხმარებლის გამოცდილების მართვის ლიდერი თიბისიში, არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი, აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი და სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი და გიორგი ასათიანი, ოკტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორი.


 


აღსანიშნავია, რომ VELI.store გასულ წელს, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების ნომინაციაში, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ეს ნომინაცია 2022 წლის ღონისძიებაზე სიახლე იყო და ჯილდო ამ მიმართულებით პირველად გაიცა. 

"ველისთვის მომხმარებელი არის ცენტრალური ფიგურა, რის გარშემოც ვქმნით და ვავითარებთ ყველაფერს — იდეას, პროდუქტებს, სერვისებს, ტექნოლოგიებს. ჩვენი ყველა ქმედების უკან არის მომხმარებელი. მომხმარებლის გამოცდილება კი არის უკვე ყველაფერი ის, რასაც მომხმარებელი გრძნობს ჩვენთან ურთიერთობისას — როგორ რეგისტრირდება და პოულობს ნივთებს, როგორ ყიდულობს მათ, რა ფასად, რამდენ ხანში მისდის, როგორ ყუთში დევს ეს ნივთები, რას გრძნობს ყუთის გახსნისას და ა.შ.

 'ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად, გვქონოდა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება. თუ პარალელს გავავლებთ ადამიანთან ურთიერთობასთან, ჩვენ, როგორც კომპანიას, გვინდა ვიყოთ “ადამიანი”, ვისთან კონტაქტიც ყოველთვის სასიამოვნოა. დღეს ველი არის კომპანია, რომელთან ურთიერთობა მომხმარებლისთვის სასიამოვნოა, საინტერესოა, სანდოა, და ხანდახან — სიურპრიზებითაა სავსე. ჩვენთვის მომხმარებლის გამოცდილება არ არის მხოლოდ ერთი ჭრილი, ერთი განყოფილება, ან ერთი გუნდის საზრუნავი, ეს არის ფილოსოფიური და ღირებულებითი მიდგომა — გვინდა ჩვენ მომხმარებელს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ თვითონ გვიოცნებია ხოლმე, რომ კომპანია მოგვექცეს", — გვიამბობს არჩილ ფირიაშვილი VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.


 მისი თქმით, ძალიან სასიხარულო იყო ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება გასულ წელს, რადგან ხშირად, როცა ერთ საქმეში ხარ ჩაფლული და ბევრს მუშაობ, კარგავ ხოლმე რეალობის აღქმის სიცხადეს.

"ბევრს ვმუშაობდით, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა გაყიდვების სეზონი პიკს აღწევს და ერთ თვეში ლამის ნახევარი წელი იკუმშება. და ასეთ დროს, უცებ იყო ეს დაჯილდოება, უცებ გვაღიარეს, როგორც მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების მქონე კომპანია. ეს იყო მომენტი, როცა ყველა გავჩერდით ერთი წამით, ამოვისუნთქეთ, ჩავისუნთქეთ და შევიგრძენით, რომ რაც გაგვიკეთებია მთელი წლის განმავლობაში, კარგად გაგვიკეთებია", — იხსენებს არჩილ ფირიაშვილი.

ამჯერად არჩილი პანელურ დისკუსიაზე განვლილ პროცესებსა და სირთულეებს მიმოიხილავს და პრაქტიკული კუთხიდან მოჰყვება, როგორ იქმნება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება.

მინდა გამოცდილების გაზიარებით დავანახო სტუმრებს, რომ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებისკენ სწრაფვა არის ბიზნესისთვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი, ხოლო გუნდისა და მენეჯმენტისთვის — ემოციურ დონეზე ძალიან სასიამოვნო. ამიტომ შევეცდები ავხსნა, რატომ უნდა იზრუნოს უკლებლივ ყველა კომპანიამ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე, — არჩილ ფირიაშვილი.




დისკუსიის სპიკერი იქნება გიორგი ასათიანი, ოკტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორიც. ოქტოპუსი მეშვიდე წელია, ცდილობს, მომხმარებლის გამოცდილება იყოს ის ძირითადი ბირთვი, რის გარშემოც ბიზნეს პროცესები ეწყობა. კომპანია 2021 წელს ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი იყო.

"უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი ბიზნეს გადაწყვეტილება მომხმარებლის სურვილებს ერგებოდეს და და არა პირიქით. ბიზნესის მართვის დროს პირველი შეკითხვა, რომელიც ყველაფრის საწყისი უნდა იყოს არის ის, თუ რა უპირატესობა აქვს ამა თუ იმ ნაბიჯს მომხმარებლისთვის და რამდენად ზრდის ეს გადაწყვეტილება მათ კმაყოფილებას. ვფიქრობ, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრი იმაზე, თუ, მაგალითად, რას აკეთებენ შენი კონკურენტები ბაზარზე", — აღნიშნავს გიორგი ასათიანი.

"ლოიალური მომხმარებელი, რომელიც მუდმივად გიბრუნდება და კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც აუცილებლად შეგაქებს მეგობრებთან, ოჯახთან თანამშრომლებთან და მოგიყვანს ახალ მომხმარებლებს", — ეს სწორედ ის ორი მიზეზია, რის გამოც გიორგი მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების ზრუნვას პრიორიტეტულად მიიჩნევს.

 

პანელურ დისკუსიაზე გიორგი ასათიანი ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ "ხრიკსა" თუ მეთოდოლოგიაზე, რომელთაც ოკტოპუსში მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად იყენებენ. ასევე დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს პირად გამოცდილებას, თუ რა სხვაობები დაინახა მომხმარებლის გამოცდილების შექმნის ამერიკულ და ქართულ პრაქტიკებს შორის.

ბიზნესდაჯილდოების ცერემონია უაღრესად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასევე ძალიან ამაყი ვარ, რომ ოკტოპუსი იყო დასახელებული ფინალისტებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის და მომსახურებისთვის“ და რომ მეძლევა საშუალება, მონაწილეობა მივიღო ბიზნესდაჯილდოების პანელურ დისკუსიაში, — გიორგი ასათიანი.




აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი, გვიამბობს, რომ დისკუსია შეეხება იმას, თუ საიდან შეიძლება ორგანიზაციაში ფიქრის დაწყება, რომელიც მომხმარებელს გამორჩეულ გამოცდილებას მიანიჭებს.

“ძალიან სწორ დროს დაემატა ბიზნესდაჯილდოებას ახალი ნომინაცია „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”. პანდემიის შემდეგ, თითქოს, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდა ადგილობრივი ბიზნესი იმ გამოცდილებაზე, რასაც მომხმარებელს სთავაზობენ. მართალია, უშუალოდ ამ სიტყვას თითქმის სულ იყენებდა ბიზნესი, მაგრამ ახლა უკვე მას სპეციალური ვორქშოპები, სტრატეგიები და რიგ შემთხვევაში — „როლებიც“ მიეძღვნა. კერძო ორგანიზაციის სტრუქტურებში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებაზე მუშაობენ”, — განმარტავს აკო ახალაია.


 მისი თქმით, ადგილობრივ ბიზნესში მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებისადმი დამოკიდებულებების ტრენდი ცალსახად დადებითია, შეინიშნება უკეთესობა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და სასურველი.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურებაყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეექვსე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიის წარმატების ისტორიებს აცნობსდაჯილდოების პლატფორმამ ამ დრომდე 3000-მდე წევრი გააერთიანარომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.