ბიზნეს სიახლეები
უსული - გადამუშავებული ნარჩენებით შექმნილი ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი
ბიზნეს ბლოგი
01 დეკემბერი 2023
visibility 1002



უსული ძველქართული სიტყვაა და ლამაზს, მოხდენილს ნიშნავს. ასეთია ორი მეგობრის, სოფია ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის მიერ შექმნილი ბრენდის ფეხსაცმელები და აქსესუარები — დახვეწილი, ფერადი და, რაც მთავარია, ეკომეგობრული. 


მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 92 მილიონი ტონა ტექსტილი ხვდება ნარჩნებში. წარმოდგენისთვის, ეს ყოველ წამს ტანსაცმელებით სავსე თითო სატვირთოს ნაგავსაყრელზე დაცლის ტოლფასია. ზიანი, რომელიც ეგრეთ წოდებულ სწრაფ მოდას მოაქვს ეკოლოგიისთვის, კიდევ უფრო დიდია. ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი პასუხისმგებლიან წარმოებასა და მოხმარებაშია. 


სწორედ ამ მისიას ემსახურება ბრენდი უსული, რომელიც ნარჩენი ქსოვილისა და ტყავისგან უნიკალურ, იშვიათ პროდუქტებს ქმნის. უსული 2020 წელს ჩამოყალიბდა  ახლა კი ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეა ნომინაციაში საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ამ სტატიაში კი ბრენდის კონცეფციას, განვლილ გზასა და მომავლის გეგმებს გაგაცნობთ. 


ნარჩენი ტექსტილის ახალი სიცოცხლე

უსულის პროდუქციის ძირითადი ხაზი ფეხსაცმელებია, ასევე ამზადებენ ჩანთებს, ქამრებსა და საფულეებს. მასალებს კი მეგობარი დიზაინერებისა და მოსახლეობისგან აგროვებენ. 


“ხშირად გვიკავშირდებიან სრულიად უცხო ადამიანები და გადარჩეულ ტანსაცმელსა და მატერიებს გვიგზავნიან”, — ამბობს სოფია ლაპიაშვილი. 


ამგვარად, ის, რაც შეიძლებოდა ნაგავსაყრელზე მოხვედრილიყო, მოხდენილი, პრაქტიკული ნივთების ფორმით აგრძელებს სიცოცხლეს. 


უსული იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვინც განსხვავებული ესთეტიკის ნაწარმს ეძებს ან ცხოვრების ეკომეგობრულ წესს მისდევს. 


“ჩვენი პროდუქცია არასდროს მეორდება, რადგან არ გვაქვს ერთნაირი ნაჭრები. ამიტომაცაა ექსკლუზიური და უნიკალური თითოეული ნივთი”, — განმარტავს სოფია.  თუმცა, ეს არ არის ბრენდის ერთადერთი სახასიათო ნიშანი. მათ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებაც გამოარჩევთ.


“ყოველთვის ვერგებით მომხმარებლების მოთხოვნებსა და გემოვნებას. ჯერ ვქმნით ნიმუშებს და თუ ეს ნიმუში კლიენტს მოეწონება, შემდეგ ვთავაზობთ ალტერნატივებს, ერთად ვარჩევთ მატერიას, რომელიც სხვა ფეხსაცმელსა თუ აქსესუარზე აღარ განმეორდება. ვიღებთ ზომას და პროდუქტს ინდივიდუალურად ვკერავთ. ამასთან, გვაქვს უფასო მიტანაც”, — ამბობს სოფია.


ყველა სეზონისთვის შესაფერის ფეხსაცმელებს სიჭრელეც გამოარჩევს. დიზაინს, როგორც დამფუძნებელი ამბობს, პირველ რიგში, მატერია კარნახობს და შემდეგ — წარმოსახვა. მუშაობის პროცესიც არაორდინალურია, ტექსტილის ყოველ ახალ პარტიას ყურადღებით არჩევენ, ფორმაში მოჰყავთ და ამის შემდეგ წყვეტენ, რა პროდუქტი გამოვა მისგან. 


სწორედ ეს იყო მათი შთაგონების წყაროც, როცა საქმიანობას იწყებდნენ. ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის დიზაინერი ბევრი მეგობარი ჰყავთ. ისინი ხშირად ახსენებდნენ, რომ ტექსტილის ნარჩენების გადაყრა უწევდათ, ამიტომ გადაწყვიტეს უსულის დამფუძნებლებმა, წამოეღოთ ნარჩენები და რაიმეს წარმოება დაეწყოთ. ფეხსაცმლის შეკერვა წინასწარ განზრახული არ ჰქონდათ. დიდი ძალისხმევა გასწიეს, სანამ პირველ ნიმუშს შექმნიდნენ, თანაც ისეთს, რომლის ხარისხი თავადაც მოეწონებოდათ. 


ამის შემდეგ დაიწყო ბრენდმა ზრდა. 


ზრდა და გამოწვევები

“სამწუხაროდ, როგორც სტარტაპს, არ გვქონია ფინანსური მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენი მცირე ბიუჯეტით დაწყებული ინიციატივის პირობებში, მგონია, რომ კარგი შედეგი მივიღეთ. უცხო გარემოში შეგვხვედრია ჩვენი პროდუქტები, ხშირად უთქვამთ, რომ იცვამენ ჩვენს ფეხსაცმელებს. ასე რომ, ცნობადობა ამაღლდა და მრავალფეროვანი გახდა ასორტიმენტიც. დინამიკა სულ არის, ვიზრდებით”, — ამბობს სოფია. 


უსული ახლა პროდუქციას, ძირითადად, ონლაინ ყიდის. მათ ნაწილს ორ მაღაზიაში აბარებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ფეხსაცმლის გაყიდვა საკმაოდ სპეციფიკურია და განსხვავებული მიდგომები სჭირდება.


“უნდა მოირგო, მოისინჯო, ამიტომ შოურუმის არქონის გამო, რთულია მომხმარებლებისთვის ფეხსაცმლის შერჩევა. ახლა, როცა პანდემიის შემდეგ მაღაზიები სრულად გაიხსნა და ონლაინ ვაჭრობა შედარებით შემცირდა, გვინდა გაყიდვების სხვა ფორმატზე გადავერთოთ”. 


დამფუძნებლებს ბევრი განსხვავებული საქმის შეთავსება უწევთ — დიზაინი, მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა.  რთულია ლოჯისტიკაც, რადგან ერთი ქოლგის ქვეშ ჯერ არ არის გაერთიანებული წარმოება — ფეხსაცმელს ერთ-ერთ საწარმოში კერავენ, აქსესუარებზე კი სხვადასხვა ადამიანი მუშაობს. ამიტომ ქალაქში გადაადგილებაც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს. 


ცნობიერების ამაღლება ეკომეგობრულობაზე

უსული ეკომეგობრულ წარმოებასა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას საკუთარი პროდუქტებითვე ცდილობს. ნივთებს იარლიყი მოჰყვება, სადაც წერია, რომ პროდუქცია ნარჩენებისგან იკერება და მყიდველს საკუთარი წვლილი შეაქვს გარემოსდაცვით პროცესში. ეს მათთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა აღმოჩნდა, სათქმელი მომხმარებლამდე მიეტანათ. 


უსულის, როგორც ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთი მონაწილის, მთავარი მოტივაციაა, მეტ ადამიანს გააგებინონ რა სარგებელი მოაქვს დედამიწისთვის გადამუშავებული მასალებით შექმნილ პროდუქციას და ბრენდის ცნობადობაც უფრო აამაღლონ. მათ განაცხადი საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში შეიტანეს და ფიქრობენ, რომ გამარჯვების შანსიც მაღალი აქვთ. 


“ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის, განსაკუთრებით მარკეტინგული კომპონენტის გაძლიერებისთვის. ეს ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება”, — ამბობს სოფია.


სამომავლოდ კი სურთ, ბრენდი როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო მასშტაბით გაფართოვდეს. მიიჩნევენ, რომ დასავლურ ბაზრებზე მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად აქვთ გათვითცნობიერებული ეკომეგობრული პროდუქციის მნიშვნელობა, ამიტომ მათ კონცეპტუალურ ხედვებს მეტი ადამიანი გაიზიარებს.