ბიზნეს სიახლეები
ყველაფერი, რაც ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებზე უნდა იცოდეთ
ბიზნეს ბლოგი
06 ნოემბერი 2023
visibility 6080


თიბისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, ბიზნეს დაჯილდოება, 1 ნოემბრიდან ბრუნდება. ბიზნეს დაჯილდოებამ უკვე 3500-ზე მეტი ბიზნესი გააერთიანა, გამარჯვებულებს კი მისცა უნიკალური შანსი ზრდისა და განვითარებისთვის. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც პირდაპირ ეხმაურება თიბისის მისიას, მხარი დაუჭიროს მცირე თუ საშუალო ბიზნესებს და გააძლიეროს ბიზნეს სოციუმი.

 წელს თიბისი გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის, ინოვაციური სტარტაპისთვის, რეგიონში გამორჩეული როლის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამომხმარებლო გამოცდილებისთვის. 

 ნომინაციები, ტრადიციულად, მოიცავს ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტს, შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის საშუალო თუ მცირე კომპანიას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარი წარმატების ისტორია სხვებსაც გაუზიაროს. 

 

საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება

ამ ნომინაციაში ისეთი კომპანიების განაცხადები მიიღება, რომელთა პროდუქტს ან მომსახურებას 2023 წელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. თუ წარმოადგენთ ბიზნესს, რომელმაც ეფექტური რებრენდინგისა და მარკეტინგული კამპანიის შედეგად, ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა შეძლო და გააუმჯობესა სერვისის ან პროდუქტის ხარისხი, მაშინ ეს ნომინაცია თქვენთვისაა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში გასულ წლებში ისეთმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, როგორებიცაა POSTRED, ქარი, ალტერსოქსი და სხვა. 

 წელს ნომინაციის ჟიურის წევრები იქნებიან: მიხეილ ხიდურელი, ნინო ენუქიძე, მამუკა შურღაია, გიორგი სიმონგულაშვილი, ერეკლე ინაშვილი და ბესო კაჭარავა.

 

წლის ინოვაციური სტარტაპი

 

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციურ იდეებსა და წამოწყებებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც შეიქმნა ეს ნომინაცია, რომელიც ზრდის პოტენციალის მქონე ბიზნესებს გამოავლენს. კატეგორიაში გამარჯვების მოპოვებისთვის სტარტაპი მომხმარებლის პრობლემას ორიგინალური, ინოვაციური გზებით უნდა აგვარებდეს, ამასთან ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა დიდი ბაზრების ათვისებისთვის. 

გასულ ღონისძიებებზე ეს ჯილდო მიიღო ფეიზიმ, Artisio-m, BioCure-მა.

 ნომინაციაში შემოსულ განაცხადებს შეაფასებენ: ავთო კასრაძე, დიანა კიღურაძე, დავით ჩეჩელაშვილი, რამაზ კუკულაძე, ირაკლი სვანიძე. 

 

გამორჩეული როლი რეგიონში



რეგიონული ინიციატივების წასახალისებლად, ეს ნომინაცია ბიზნეს დაჯილდოებას 2021 წელს დაემატა. ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო იმ გარემოებით, რომ დასაქმების, განათლების და სხვა ცენტრების დედაქალაქში თავმოყრის გამო, ხშირად რეგიონებში რესურსების და ინიციატივების დეფიციტია. ამიტომაც, ამ ნომინაციაში გამარჯვებას ისეთი ბიზნესი მოიპოვებს, რომელმაც რეგიონში დასაქმების შესაძლებლობები გააჩინა, გახდა შთამაგონებელი სხვებისთვის და შექმნა მატერიალური და არამატერიალური ღირებულება ადგილობრივი ბიზნესებისთვის.

 ნომინაციის გამარჯვებულები გასულ წლებში გახდნენ კურორტი ნუნისი და სადგური. 

 ჟიურის წევრები კი არიან: დავით წიკლაური, ანი კვარაცხელია, ივანე ლექვთაძე, მედეა ტაბატაძე, ეკა ქათამაძე.

 

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა



 თიბისი აფასებს ბიზნესებს, რომლებისთვისაც გარემოს დაცვა, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენა და ცნობიერების ამაღლება პრიორიტეტულია. ამიტომაც ნომინაციაში ელიან ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა ბიზნესში და თავიანთი საქმიანობით ინდუსტრიასა და გარემოს უკეთესობისკენ ცვლიან. 

 ასეთ ბიზნესებს შორის გასულ წლებში დასახელდნენ სამკერვალო საწარმო ლიდერი, კოდალა, ჩიკატაი და სხვები.

 წელს კი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს გამოავლენს გიორგი ისაკაძე, ქეთი ებანოიძე, ელენე ჟვანია, გელა მღებრიშვილი, ნინო შავგულიძე, ლევან ხმიადაშვილი. 

 

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება



ეს ნომინაცია ბიზნეს დაჯილდოებაზე გასულ წელს გამოჩნდა იმ ბრენდების გამოსავლენად, რომელთაც იციან, რომ მომხმარებელზე ზრუნვა წარმატების საუკეთესო ფორმულაა. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდება ბიზნესი, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილების მისაღწევად სხვადასხვა ხერხს იყენებს და აღიქვამს მას ყველაზე მნიშვნელოვან რგოლად პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას. 

ამ ნომინაციის პირველი გამარჯვებული შარშან Veli.Store გახდა. 

წელს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბიზნესებს აკო ახალაია, ოთო ბერიშვილი, ელენე ჯღარკავა, თამარ ჩხეიძე, არჩილ ფირიაშვილი და კოკა ქამუშაძე შეაფასებენ.

 

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ასე რომ, იჩქარეთ, გაგზავნეთ განაცხადი ვებსაიტზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება.