ბიზნეს სიახლეები
მომხმარებელი, როგორც ბიზნესის ორიენტირი,თიბისის ბიზნესდაჯილდოების ახალი ნომინაცია და ჟიური
ბიზნეს ბლოგი
29 სექტემბერი 2022
visibility 4262


"თუ შენს მომხმარებელს ასიამოვნებ, იგი ერთად კი არა, ათად დაგიბრუნდება მათივე რეკომენდაციებით. სწორედ ასე გაიზრდება კომპანია", — ამბობს ბრენდ კონექტისა და პალინდრომას დამფუძნებელი, დავით რიკიაშვილი.

რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის წარმატებაში სამომხმარებელო გამოცდილებაზე მუდმივი ზრუნვა, ეს დავითმა ძალიან კარგად იცის. კონექტი ხომ უკვე მრავალი წელია, მსოფლიოსა და საქართველოში არაერთ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობს და მათ განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ თიბისის წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ახალთახალ ნომინაციაში ჟიურის წევრი დავითი ყოფილიყო.

თიბისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი, ბიზნესდაჯილდოება, წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ბიზნესკონკურსში მონაწილეობა 3 000-ზე მეტმა ბრენდმა მიიღო. სხვადასხვა დროს გამარჯვებული ათობით ქართული კომპანია გახდა, მათი წარმატების ახალი გზა კი სწორედ თიბისის ხელშეწყობით დაიწყო.

სხვათა შორის, თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებთან თანამშრომლობდა დავით რიკიაშვილის სააგენტოც, თავად დავითი კი კონკურსს დაარსების წლიდანვე ადევნებდა თვალს. ამიტომ მისთვის წლევანდელი მარათონი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - როცა უკვე თავად შეუძლია, გამარჯვებულის ბედის გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა. იგი ხაზს უსვამს ახალი ნომინაციის მნიშვნელობასაც.


კონექტისა და პალინდრომას დამფუძნებელი

 

"სამომხმარებელო გამოცდილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბრენდის წარმატებაში, რადგან შეიძლება, პროდუქტი მარკეტინგის, კარგი შეფუთვის ან ბრენდირების წყალობით მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ შესაბამისი უკუკავშირი ვერ მიიღო", - აღნიშნავს დავითი.

სწორედ ამიტომ, ნომინაციაში წარდგენილი ბრენდების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ის იქნება, "თუ რამდენად აქვს კომპანიას გააზრებული, რომ მომხმარებელია მისი წარმატების რეალური ფორმულა და რას აკეთებს იმისთვის, რომ სწორედ მომხმარებელი იყოს ცენტრში".

"ყველაზე სწორად და ჯანსაღად კომპანია მაშინ ვითარდება, როცა მის პოპულარიზაციას თავად მომხმარებელი ეწევა. ეს არის წარმატების გასაღები", — ამატებს დავითი, — "სამომხმარებელო გამოცდილებაზე ზრუნვის გარეშე კონკურსის სხვა ნომინაციების არსებობაც წარმოუდგენელია, თუმცა, ეს მაინც ცალკე გამოიყო, რადგან მომხმარებელზე აქცენტის გაკეთება საინტერესო და მნიშვნელოვანია".

კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს არც ბრენდინგი და არც ვებპლატფორმა, მაგრამ თავისი ნიშა ეჭიროს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვით.


მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში ბრენდებს თიბისის წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე შეაფასებს შეფი და სარესტორნო ბიზნესის კონსულტანტი ლუკა ნაჭყებიაც. ლუკას თქმით, თავად ამ ახალ ამპლუას ნაკლებად უყურებს, როგორც კომპანიების შეფასების საშუალებას. მისთვის ჟიურის წევრობა ბრენდებისთვის "სასარგებლო რჩევებითა და ჯანსაღი კრიტიკით" დახმარებასაც გულისხმობს. ამიტომ, მოლოდინი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში ბევრ მოტივირებულ მეწარმეს გაიცნობს.


შეფი და სარესტორნო ბიზნესის კონსულტანტი

 

 "საქართველოში ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელსაც აქვს პოტენციალი, განვითარდეს და გახდეს წარმატებული", - ამბობს ლუკა, - "თუმცა, მომსახურების სფეროში 'თავის გასატანად' კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, იქნება ეს ბუღალტერიის გამართვა, მარკეტინგის შემუშავება თუ სხვა. ვფიქრობ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება კარგი საშუალებაა ისეთი კომპანიის საპოვნელად, რომელსაც სტიმულირება სჭირდება, რათა თავისი პროდუქტი ბაზარზე ადეკვატურად გაიტანოს".

შეფის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნომინაციის ჟიურის მულტიპროფილური ფონი აქვს და მისი წევრები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მომსახურების სფეროში ბევრი ნიუანსური წვრილმანია გასათვალისწინებელი, ამიტომ, ლუკა ამბობს, რომ ჟიურის თითოეული წევრი სხვადასხვა რამეზე გაამახვილებს ყურადღებას.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მომსახურების სფერო საქართველოში გარდამავალ ეტაპზეა და სიტუაცია არასტაბილურია, რადგან მასში თუნდაც ფინანსური უსაფრთხოების ელემენტი ინტეგრირებული არაა. თუმცა, ლუკა ამატებს, რომ ტენდენცია მზარდი და პოზიტიურია.

"ჩნდება ახალი იდეები, სიახლის შექმნა მარტივია, იზრდება კონკურენცია", - აღნიშნავს ის, - "ხოლო კონკურენტული უპირატესობა რომ მოიპოვო, ბევრი ნიუანსური ინფორმაციის ცოდნაა საჭირო: ტექნოლოგიის, იურიდიული მხარის, სამომხმარებელო ფსიქოლოგიისა და სხვა დეტალების".

 

ლუკასგან განსხვავებით, ინტერნეტჟურნალ მარკეტერის დამფუძნებელი აკო ახალაია თიბისის ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი კონკურსის შექმნის წლიდანაა. იგი ფიქრობს, რომ ღონისძიება კომპანიებს "დააფიქრებს, წარმოაჩენს და წაახალისებს. გაიგებენ სხვადასხვა კატეგორიაში ვინ როგორ არის წარმოდგენილი და მოტივაციაც მიეცემათ, გახდნენ უკეთესები".

უკეთესად ქცევისთვის რომ მომხმარებელზე ზრუნვა პრიორიტეტულია, აკო ამასაც აღნიშნავს და ამიტომ ახალ ნომინაციაში წარდგენილი ბრენდების გაცნობას განსაკუთრებულად ელოდება.

"ძალიან საინტერესო ნომინაციაა, ამ კატეგორიაში ველოდებით ბიზნესებს რომლებსაც ძალიან უყვართ და აინტერესებთ თავიანთი მომხმარებლები, რომლებიც ამას მხოლოდ კი არ ამბობენ, არამედ საქმეშიც ცდილობენ, დეტალურად გაანალიზონ, შემდეგ კი ბრენდთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე გააუმჯობესონ და შექმნან განსაკუთრებული გამოცდილება", - აღნიშნავს მარკეტერის დამფუძნებელი.


მარკეტერის დამფუძნებელი

 

აკო ასევე ამატებს, რომ ბრენდის სიყვარული "ცალმხრივი გზა" არაა, მომხმარებელს კი კომპანიის ერთგულების "საკომპენსაციოდ" სხვადასხვა დეტალში გამოხატული ზრუნვა სჭირდებათ.


მომხმარებელზე დეტალებში გამოხატული ზრუნვა ბევრი წარმატებული ქართული კომპანიისთვის უმთავრესი ქვაკუთხედია. მაგალითად, აჭარა ჯგუფისთვის, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ოთო ბერიშვილი, თიბისის წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი წევრია. ოთო აღნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ მომსახურებით, შენობების ინტერიერითაც კი ცდილობენ, მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება შეუქმნან. დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა კი, საბოლოოდ, ბრენდის წარმატებას განაპირობებს. ამიტომ, ახალი ნომინაციის გამოჩენა და ნომინანტების შეფასება ოთოსთვისაც საინტერესოა.

დღევანდელი სამომხმარებლო ურთიერთობები გასცდა მხოლოდ ფიზიკურ შთაბეჭდილებებს და არანაკლებ მნიშვნელოვანი ხდება ციფრული გამოცდილებებიც. შესაბამისად, საინტერესო იქნება იმის შეფასებაც, თუ რამდენად გამორჩეულები არიან მონაწილეები როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეებში.


აჭარა ჯგუფის CEO

 

"წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებას ძალიან საინტერესო ნომინაცია დაემატა, რადგან მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გადააფასონ თავიანთი მიდგომები და კიდევ უფრო დიდ მასშტაბში შეხედონ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს პირველივე ინტერაქციიდან ჰქონდეს საუკეთესო გამოცდილება", - აღნიშნავს ოთო.

ბიზნესდაჯილდოების მნიშვნელობაზე საუბრისას კი აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კონკურსი ქვეყანაში წარმატებული ინიციატივების წარმოჩენას და მონაწილეებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას უწყობს ხელს.

"თიბისი აჭარა ჯგუფის დიდი ხნის პარტნიორია და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ", - ამატებს ოთო, - "საინტერესო იქნება მონაწილეების შეფასებაც, რადგან აჭარა ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და ჩვენს სივრცეებში ვცდილობთ ერთგვარი მიკროჰაბების შექმნას, რომლებიც სწორედ ასეთი წარმატებული ბიზნესების, სტარტაპებისა და ინოვატორი ადამიანების გადაკვეთის ადგილები ხდება".


ნომინაციაში გამორჩეული სამომხმარებელო გამოცდილების შექმნისთვის კიდევ ერთი ჟიურის წევრი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავაა. კონკურსში შემფასებლის როლი მან პირველად მოირგო, მთავარი მოტივაცია კი სწორედ ახალი ნომინაციის შინაარსი გახდა.

"რადგან განათლების სექტორში ვმუშაობ, ჩემთვის საინტერესოა, აღმოვაჩინო ამ ნომინაციაში წარდგენილი მცირე თუ საშუალო ბიზნესები და შევისწავლო, როგორ ახერხებენ ისინი სამომხმარებელო გამოცდილებაზე ზრუნვას", - ამბობს ელენე.

დავითის მსგავსად, ისიც ხაზს უსვამს, რომ ნომინირებული ბრენდების შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, "თუ რამდენად არის კომპანიისთვის მომხმარებელი ყველაზე ფასეული სუბიექტი თავის ბიზნესპროცესში და რამდენად აღიქვამს მას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს, პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას".

"სხვადასხვა სექტორში დღევანდელი საბაზრო კონკურენციის პირობებში საჭიროა, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს", - ამატებს ელენე, - "ხოლო რა გამორჩეულ მიდგომებს მიმართავს ამისთვის, როგორ რეაგირებს უკუკავშირზე, აქვს თუ არა პერსონიფიცირებული მომსახურება და სხვა - სწორედ ესენი იქნება ნომინაციაში კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები".


CSB-ის დეკანი

 

როგორც ბიზნესის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, ელენე ქვეყანაში ბოლო წლების ტენდენციასაც აფასებს. რადგან მისი შეფასება საიმედოა, ნომინაციაში საინტერესო კომპანიების გამოჩენას და დიდ კონკურენციას უნდა ველოდოთ.

"საქართველოში უკვე ბევრი მზარდი და სწორად მოპოზიციონერი კომპანიაა, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს, გამორჩეული სამომხმარებელო გამოცდილება შექმნას", - ამატებს ელენე, - "რადგან კონკურსზე წელს პირველად არის ასეთი ნომინაცია, კიდევ უფრო საინტერესოა, ვინ 'გაბედავს' და მიიჩნევს, რომ ის ქმნის საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლისთვის".


ნომინაციაში ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება თაკო ჩხეიძეც. იგი დიზაინ სტუდია DODO Designs-ის თანადამფუძნებელია. ბრენდი თიბისის გასულ წლის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა, თაკოს თქმით კი, ახალ ამპლუაში ყოფნა "საინტერესო გამოცდილებაა".

"ეს პროექტი ძალიან მომწონს", - ამბობს იგი, - "და გამიხარდება, თუ მონაწილეობას მივიღებ სხვებისთვის იმ წარმატების შექმნაში, რომელიც ჩვენ შარშანდელი გამარჯვების შემდეგ გვეწვია".

მართალია, ნომინაცია გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის წელს პირველად არის თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე, მაგრამ ის მნიშვნელობით დანარჩენ კატეგორიებს არ ჩამოუვარდება. მეტიც, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, თორნიკე გოგიჩაიშვილი, აღნიშნავს, რომ მათთვის მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა "ღირებულებების ცენტრალური ხაზია".

"თუ გინდა, იყო გრძელ ვადაში წარმატებული ორგანიზაცია, შექმნა ძლიერი ბიზნესი, მაშინ უკიდურესად აუცილებელია, მომხმარებლებთან ახლოს იყო, გქონდეს მათთან ემოციური ბმა, ზრუნავდე და გიყვარდეს ისინი".


ემოციური ბმისა და მომხმარებლის სიყვარულის დამსახურებაა, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეშვიდე წელია, წარმატებით იმართება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ბიზნეს ისტორია გველოდება, ამიტომ სიახლეებს აუცილებლად ადევნეთ თვალი დაჯილდოების ვებგვერდზე.