ბლოგერები
ენერგოეფექტური მწვანე შენობები
12 მარტი 2021
visibility 7505

საქართველოს ყველა დიდი ქალაქი განსხვავებულია: დაგეგმარებით, სიდიდით, რელიეფით… თუმცა, ერთი შეხედვით განსხვავებულ ქალაქებს ერთი რამ აქვთ საერთო: ყველგან შეგხვდებათ მშენებლობა. საცხოვრებელი თუ კომერციული, სამშენებლო ობიექტების რიცხვი ყოველ წელს მატულობს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

მშენებლობა იმ მრეწველობის დარგებს შორისაა, რომელიც მუდამ იზრდება. მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, დასასვენებელ თუ სხვა ფართებზე ყოველთვის არსებობს და მიწოდებაც არ აყოვნებს. სულ რაღაც 6 წლის მანძილზე (2013 - 2019 წწ) მშენებლობის დარგის ბრუნვის მოცულობა 4.6 მილიარდი ლარიდან 8.3 მილიარდამდე გაიზარდა.

დროთა განმავლობაში დარგი ვითარდება და, ამასთან ერთად, იცვლება მოთხოვნა შენობის ხარისხის მიმართ. ცნობიერების განვითარებასთან ერთად, შენობის ხარისხის განმარტებას სხვადასხვა კომპონენტი ემატება. დღესდღეობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე შენობის ხარისხის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი მისი ენერგოეფექტურობაა

სანამ შენობების ენერგოეფექტურობას განვიხილავთ, მნიშნველოვანია ენერგოეფექტურობის ორი მთავარი პრინციპების გაცნობა: 

  1. მიიღე იგივე ნაკლები ენერგიის გამოყენებით და 
  2. მიიღე მეტი იგივე ენერგიის გამოყენებით.

ეს ორი პრინციპი პირდაპირ ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რომელიც (1) მომენტალურად იგრძნობა: იქნება ეს ხარჯის დაზოგვა თუ რესურსის ოპტიმალურად გამოყენება და (2) სარგებელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშნველოვანია: გარემოს დაცვა და მისადმი გაფრთხილება. 

შენობაში სითბოს 61% მისი სახურავიდან, კედლებიდან და ფანჯრიდან იკარგება. მსოფლიოს CO2 მთლიანი წილის 39%-ზე კი სწორად შენობებია პასუხისმგებელი, საიდანაც 28% შენობის ექსპლუატაციაზე, ანუ მის გათბობაზე, გაგრილებასა და განათებაზე მოდის. 

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა შენობებს, მათი აშენების და დემონტაჟის პრინციპებს, გამოყენებულ მასალებსა და სამშენებლო ტექნიკას. საერთაშიროსო და ადგილობრივი სერტიფიკატების მრავალფეროვნება კი ადასტურებს, რომ თანამედროვე სტანდარტი მუდამ ითვალისწინებს შენობის გავლენას გარემოზე, არამარტო ექსპლუატაციაში შესვლის შედმგომ პერიოდში, არამედ ადგილის შერჩევისა და პროექტირების ეტაპიდანვე. სტანდარტების ახალი მიზანია CO2-ის გამოყოფის შემცირება. 

ამ მიმართულებით აღსანიშნავია შენობები, რომლებშიც ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულამდეა დაყვანილი (Net Zero Energy buildings). ასეთი შენობის კარგი მაგალითია, United Therapeutic-ის შენობა, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს. შენობა აღჭურვილია გათბობისა და გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ამცირებს მავნე აირების ატმოსფეროში გამოყოფას. ამასთან ერთად, მზის ელექტროსადგურის მეშვეობით, შენობა სრულად გამოიმუშავებს მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობას. 

მიუხედავად იმისა, რომ Net Zero შენობები მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში, სამშენებლო სექტორი მუდამ ვითარდება. მსოფლიოში ახალი ტენდენცია ახლა უკვე Net Positive Energy შენობებია. განმარტების თანახმად, ასეთია შენობა, რომელიც წლების განმავლობაში იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს ვიდრე მოიხმარს. ეს მიმართულება ჯერ ახალია, თუმცა გავრცელებული მოსაზრებების თანახმად ის არის მშენებლობის მომავალი. 

შენობების ენერგოეფექტურობა საქართველოშიც იძენს აქტუალურობას. 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. მის თანამხად, რამდენიმე წლის პერიოდში საქართველოს ყველა ახალი შენობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. სასიხარულოა ისიც, რომ კანონი არამარტო ფიზიკურ მშენებლობას, არამედ შენობის პროექტირებასაც ეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგოეფექტურობის კომპონენტი დასაწყისიდანვე იქნება გათვალისწინებული. 

და მაინც, რას ნიშნავს ენერგოეფექტური შენობა? ეს არის შენობა, სადაც სამშენებლო მასალებით დაწყებული, განათებით დამთავრებული ყველაფერი მიმართულია ენერგიის ეფექტურად გამოიყენებასა და დანაკარგის შემცირებაზე. მშენებლის მიერ გასათვალისწინებელი სტანდარტების გარდა (მაგალითად, თბოიზოლაცია, გათბობა-გაგრილების სისტემა და ა.შ.), ენერგოეფექტურობის პრინციპი ინდივიდუალურ საცხოვრებელ, თუ საოფისე ფართებზეც ვრცელდება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ კარ-ფანჯარა და დაამონტაჟოთ ისეთი, რომელიც არსებული იზოლაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შეამცირებს თბოდანაკარგს ზამთარში, ზაფხულში კი სიგრილეს შეინარჩუნებს. ეს კი, თავის მხრივ, დაგიზოგავთ მთელი წლის განმავლობაში ბინის გათბობისა და გაგრილების ხარჯებს. 

ენერგოეფექტურობა ბიზნესისთვისაც მეტად საინტერესო ინვესტიციაა. მაგალითისათვის, სასტუმრო, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, დაახლოებით $6 300 ზოგავს წლიურად ელ. ენერგიის გადასახადში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავაჭრო ცენტრი კი $240,000. ეს ყველაფერი - კომპანიების მიერ ენერგოეფექტურობაში ინვესტიციის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგოეფექტური კომპონენტებით შენობის აღჭურვა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, როგორც ახალი შენობის აშენების, ისევე ძველის განახლებისას. 

დღესდღეობით, ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სჭირდება ენერგია და, რაც დრო გადის, მის მიმართ მოთხოვნა იზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჯერ-ჯერობით ენერგიას ამოწურვადი წყაროებიდან იღებს, მნიშვნელოვანია მისი სწორად და ჭკვიანურად გამოყენება. საქართველოში ბოლო დროის ტარიფების ზრდის ტენდენციაც კი ამ მოსაზრებას ამყარებს. 

თუკი ენერგოეფექტურობა თქვენთვის აქტუალურია, როგორც შენობის მფლობელისთვის ან როგორც შენობის მომხმარებლისთვის, გსურთ ახალი შენობის აშენება ან არსებულის გაუმჯობესება, შემოგვიერთდით თიბისი ბანკისა და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების (GEFF) პროგრამის ტრენინგზე “ენერგოეფექტური მწვანე შენობები”, რომელიც 2 მარტს, 16:00-ზე გაიმართება. პროგრამის ექსპერტი, მურად ხარაიშვილი, გაგაცნობთ ბაზარზე ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებს შენობისა და მშენებლობის ხარისხს, განიხილავს საქართველოში აშენებულ ენერგოეფექტური შენობების მაგალითებს და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს.