23 მარტი 17 წუთის საკითხავი
ყველის საწარმო „სანტა“

თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე ვართ. ერთადერთი, რასაც გარშემო ვხედავთ - ასეულობით ჰექტარზე გადაჭიმული, დაუსრულებელი მინდვრებია. ალპურ ზონაში, სადაც ამოსვლა ძალიან რთულია, გარშემო მიტოვებული სახლებია, ადამიანი კი იშვიათად შეგხვდებათ - გზა რომ მიგასწავლოთ, ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ მაღალი დონის საწარმო მუშაობს და უგემრიელესი ყველი მზადდება.

 

20 წლის წინ, დარეჯან კანთელაძემ თავისი ცხოვრების სრულიად შეცვლა და რაღაც ღირებულის გაკეთება მოინდომა. ოჯახის წევრებიც დაარწმუნა- დედაქალაქი დაეტოვებინათ და წალკის რაიონში, დაცარიელებულ სოფელ სანტას სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა.

 

„იქამდე სოფლის მეურნეობასთან შეხება არასოდეს მქონია. სარისკო და ბევრისთვის გაუგებარიც იყო - უზრუნველყოფილი ცხოვრების დატოვება და ასე შორს დასახლება. თან, იმ დროს აქ ყოველ დღე ვიღაცას აყაჩაღებდნენ. დაძინებაც კი გვეშინოდა.“

 

სოფელში გადასული ფილოლოგის მსხვილ ფერმერად გადაქცევას ვერავინ წარმოიდგენდა. არადა, ძროხის მოწველაც ისწავლა და ყველის ამოყვანაც. მიტოვებული ფერმების ნანგრევები შეისყიდა და იჯარით მიწის ნაკვეთები აიღო. ადგილობრივებისგან კი, ქმრისგან მალულად, ძროხების შესყიდვა დაიწყო.

 

„ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო, ძალიან გაბრაზდა - მწყემსი არ ვარ და აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებო. წინააღმდეგობის მიუხედავად, დასახულ  მიზნამდე მისვლა მქონდა გადაწყვეტილი.“

 

დამწყებმა ფერმერმა სოფელში საბჭოთა მეურნეობის დროიდან დარჩენილი შვიცის ჯიშის ძროხები ჰოლშტინო ფრიზის ჯიშის ბუღებთან შეაჯვარა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შეგუებული ჰიბრიდი მიიღო. ამ მხარეში უკვე არსებობდა ევროპული ყველის კეთების ტრადიცია, ამიტომ, მისი აღდგენა გადაწყვიტა. ეს საქმე ინტუიციითა და ადგილობრივებისგან მიღებული ცოდნით დაიწო.

„ძველი თაობის რამდენიმე გამოცდილი ვეტექიმი და ზოოტექნიკოსი ცხოვრობდა სოფელში. ჩვენს სახლში სტუმრად რომ მოდიდოდნენ, ყოველი წუთის დაკარგვა მენანებოდა. უამრავ კითხვას ვუსვამდი, რომ ყველაფერი მესწავლა.“

 

მაღალმთიან რეგიონში, ადგილობრივი ბერძნებისგან დაცლილ სოფელში სხვადასხვა კუთხიდან ეკომიგრანტები და დევნილები ჩამოასახლა, რომლებსაც სამუშაო და სახლები მისცა. 2008 წელს „სანტამ“ მილენიუმის პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით საწარმო ააწყო. 2009 წელს კი, ბაზარზე „ალპიას“ ბრენდით ყველი გამოუშვა.

 

„კონტროლი და რეგულაციები სუსტი, კონკურენცია კი არათანაბარი იყო, ამიტომ, ბაზარზე დამკვიდრება ადვილი არ ყოფილა. მაშინდელი კანონი ეტიკეტირებასა და დოკუმენტაციას არ ითოხვდა. შესაბამისად, მომხმარებელი კარგ და ცუდ პროდუქტს ვერ არჩევდა.“

მოგვიანებით იყო „ქართული ყველის ათასწლეულისა და მისი ევროპული მომავალის“ დაჯილდოებაზე მოპოვებული ოქროს მედალი, შემდეგ, საწარმოსთვის მინიჭებული „დარგის ლიდერის“ სტატუსი, 2016 წელს კი, HACCP-ის სტანდარტის მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უსაფრთხო პროდუქტი უსაფრთხო გარემოში კეთდება.

 

დღეს „გუდვილის“ ქსელში „ალპიას“ 5 სახეობის ყველი იყიდება - ქარხნული, იმერული, სახაჭაპურე, ლორი და შეცვლილი ტექნოლოგიებით დამზადებული გაუდა. მზიანი მინდვრები და რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნება აქ დამზადებული პროდუქტის გამორჩეული გემოსა და  ეკოლოგიური სისუფთავის გარანტია.

ძველი ფერმების ნანგრევებითა და რამდენიმე ადამიანით დაწყებული მეურნეობა დღეს 35 მუდმივ თანამშრომელს, 500 ჰექტარ მიწასა და 270 პირუტყვს ითვლის.

 

დარეჯან კანთელაძის ისტორია საქართველოს გარეთაც იციან. აქ ხშირად ჩამოდიან უცხოელები - ქალი ფერმერის ისტორია ფოტო, თუ ვიდეო კამერით რომ ასახონ და სხვებსაც მოუყვნენ.

 

უნდა, რომ თავის დროზე, თიბისი-ს აგროსესხით შემოყვანილ ძროხებს კიდევ 30 სული დაამატოს. ამიტომ, როგორც ამბობს, თიბისი ბანკის ბიზნესსესხი ქალი მეწარმეებისათვის - დროული პროდუქტია, სესხის პირობის მიხედვით, ორჯერ ნაკლები უზრუნველყოფის წარდგენა კი - დიდი შეღავათი.

 

„რძე, არაჟანი, კეფირი - მომავალში ახალი პროდუქტების დამატება მინდა. ისე, განვლილ 20 წელიწადს რომ ვიხსენებ, იმდენი სირთულე იყო, რომ მეორედ ამ გზას ვეღარ გავივლიდი. მაგრამ, შეგრძნება, რომ რაღაც კარგს და მნიშვნელოვანს ვაკეთებ ყველაფრის ძალას მაძლევს.“

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე

კომენტარები