6 სექტემბერი 10 წუთის საკითხავი
მეტი, ვიდრე ჰოსტელი

ჰოსტელის გახსნის იდეა, კომპანია “Check Inn Group”-ს ორი წლის წინ გაუჩნდა. რადგან ევროპელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა დიდი იყო, გადაწყვიტეს მაღალი კლასის ჰოსტელი თბილისში გაეხსნათ, მით უმეტეს, რომ ამ სფეროში კონკურენცია არც ისე დიდია.

მშვიდობის ხიდის ქვეშ მდებარე შენობის რეკონტრუქცია მარტში დაიწყო და 1 სექტემბერს აქ უკვე The Bridge Hostel-ი, მეტი, ვიდრე ჰოსტელი გაიხსნა. The Bridge Hostel-ში 140 ადამიანზე გათვლილი 22 ნომერია განთავსებული. აქედან ერთი ორადგილიანი ნომერია, დანარჩენები კი ე.წ. დორმები, ანუ საერთო საცხოვრებელი.

 

ერთი ადგილის ფასი ამჟამად 24 ლარია, თუმცა ფასები შეიძლება შეიცვალოს სეზონის მიხედვით.

 

„ჩვენ ევროპელ ტურისტებზე ვაკეთებთ აქცენტს, რომლებმაც იციან ჰოსტელის კულტურა.  ვცდილობთ, მათ შევთავაზოთ ისეთი სერვისები, რაც მათთვის საინტეროა. მაგალითად, ჰოსტელში გაიხსნა „რიყე ბაზარი“, სადაც ქართული წარმოების პროდუქციას ვთავაზობთ სტუმრებს,“ - ამბობს ანა გავაშელი, The Bridge Hostel-ი კომუნიკაციების დირექტორი.

რიყის ბაზარში ქართველი მწარმოებლების დახლები და მაღაზიებია წარმოდგენილი, აქ არის ხელნაკეთი ნივთები, მინანქარი, თექა და სხვა; ასევე, ქართული ღვინო, ყველი და პური, რომელიც ადგილზე არსებულ თონეში ცხვება. სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყობა სადეგუსტაციო მაგიდა, სადაც ტურისტებს ღვინის და ყველის დაგემოვნება შეეძლებათ.

გარდა ამისა, ჰოსტელში ფუნქციონირებს ორი ბარი, სულ მალე კი, ჰოსტელის სახურავზე რესტორანი გაიხსნება.

 

ჰოსტელის დიზაინზე ქართველმა დიზაინერებმა იმუშავეს, კონცეფცია არის ვინტაჟური,  სადაც ფაქტურაში, ძირითადად, ხე ფიგურირებს. შიდა ბარში განთავსებულია დიჯეის აპარატურა და დიდი ვინილის კოლექცია, რაც კიდევ ერხელ ხაზს უსვამს ადგილის ვინტაჟურობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩართული გვაქვს დორმსერვისი და ვსარგებლობთ საერთაშორისო აპლიკაციით, რომლითაც სტუმარს შეუძლია ნებისმიერი სერვისი შეუკვეთოს, ისარგებლოს და გადაიხადოს კიდეც, და ეს ყველაფერი გააკეთოს დისტანციურად, ჰოსტელის მომსახურე პერსონალთან კონტაქტის გარეშე,“ - ამბობს ანა გავაშელი.

The Bridge Hostel-ის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული სააგენტოს მომსახურებით, რომელიც იქვე ჰოსტელში გაიხსნა. სააგენტო ტურისტებს სთავაზობს ტურებს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

 

ჰოსტელი უკვე ჩართულია საერთაშორისო ვებგვერდებზე Booking.com, Expedia.com, Hostelworld.com.

 

The Bridge Hostel პროგრამა სტარტაპერის მონაწილეებს რიყე ბაზარში ტერიტორიის ქირაობისთვის სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

კომენტარები