13 მაისი 12 წუთის საკითხავი
„თავთავი“ - თქვენი ბავშვობის სურნელი

არის დღეები, როცა ყოველდღიური რუტინით გადაღლილებს, ნოსტალგია შემოგვაწვება ხოლმე და ცოტა ხნით უზრუნველ ბავშვობაში დაბრუნების სურვილი გვიპყრობს. დროში, როცა მშობლებისა და ბებია-ბაბუების გარემოცვაში, უზრუნველად გაგვყავდა დრო. რა გვენატრება ასეთ დღეებში ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მშობლების მზრუნველი ფუსფუსი და ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი სივრცე, დღესასწაულები, სამზადისები, დედისა თუ ბებოს ხელით მომზადებული კერძებისა და ტკბილეულის ჯადოსნური გემოები და ამ ყველაფრით გამოწვეული სიხარული.

თუ ასეთმა დღეებმა შემოგიტიათ, აუცილებლად უნდა გაიხსენოთ თბილისში, აბაშიძის 5-ში მდებარე კაფე-საკონდიტრო „თავთავი“, სადაც ორმა მეგობარმა - ნანა ლეჟავამ და სალომე კლდიაშვილმა - დედებისა და ბებიების ძველისძველი, ხელნაწერი რეცეპტები გააცოცხლა და თქვენი ბავშვობის სურნელით სავსე, ტკბილი და გემრიელი გარემო შექმნა.

 

„ირგვლივ ევროპული კაფეები ჭარბობს, დაკარგული იყო ის ძველი რეცეპტურა, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, ამიტომ მე და სალომემ გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა და აღგვედგინა დედების და ბებიების რეცეპტები, იმდროინდელი ნამცხვრები და ღვეზელები. გავრისკეთ და, მგონი, გაამართლა - ერთი წელი ხდება, რაც ვარსებობთ და უკვე ბევრი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს. ჩვენთან მოსულ ადამიანებს ძირითადად ერთი განწყობა აქვს - „უი, ბებიაჩემი რომ აცხობდა ხაჭაპურს, ზუსტად ისეთია“, ან „დედაჩემის გამომცხვარი ლობიანის გემოა“. გარემოც ძალიან სახლურია და ეს მოსწონთ,“ - ამბობს „თავთავის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ნანა ლეჟავა.

ტარხუნის რულეტი კვერცხით, განსაკუთრებულ ცომში, ტრადიციული ხორცის ღვეზელი, კარტოფილის ღვეზელი ფხვიერ ცომში, კომბოსტოს ღვეზელი ვაშლით, ტაფის ხაჭაპური - ეს ის ძირითადი ცომეულია, რითაც ნანამ და სალომემ დამტვერილი რეცეპტების წიგნი გააცოცხლეს და ძველ გემოებს მონატრებული ადამიანები მიიზიდეს.

 

„ნამცხვრები დედაჩემის რეცეპტებით გავაცოცხლეთ. მაგალითად პოლრობსონი, ნიგვზით და შედედებული რძის კრემით, ვინც შემოდის, ყველა ცნობს და ამბობენ, რომ ბავშვობა გაახსენდათ; ტარტალეტკა - ყავის და კონიაკის და ვანილის კრემით, ალუბლის ან ჟოლოს შიგთავსით; გამორჩეულია შოკოლადის ტარტიც, ორნაირი, არაჟნის და ნაღების კრემით, ნიგოზი, ალუბალი და ზემოდან გადასხმული შოკოლადი; სამარხვო კექსები ნიგვზით და ქიშმიშით, ფორთოხლით; სამარხვო ნამცხვარი ჩირებით, ნიგვზით; არასამარხვო ალუბლის, ლიმნის კექსები, ზებრა; ბევრნაირი კექსი გვაქვს და ყველა ძალიან კარგად იყიდება. ლიმის რულეტი, ფენებიანი ნამცხვარი, რომელსაც ბრიუსელი შოკოლადი აქვს გადასხმული.“



ნანა და სალომე საქმეს ძირითადად თავად უძღვებიან, ჰყავთ ერთი მცხობელი და კონსულტანტი. მოთხოვნა დიდია, საქმე - ბევრი, შესაბამისად, სამომავლოდ „თავთავი“ არსებული ასორტიმენტის კიდევ უფრო დახვეწას, ახალი რეცეპტების მოძიება-გაცოცხლებას და დამხმარე პერსონალის აყვანას გეგმავს. ასე რომ, თუ ბავშვობის სურნელი და გემოები მოგენატრათ, გაიხსენეთ, რომ არსებობს ჯადოსნური ადგილი, კაფე-საკონდიტრო „თავთავი“, სადაც თავს ზუსტად ისე იგრძნობთ, როგორც თქვენი ბავშვობის სახლში.

კომენტარები