2 ივლისი 44 წუთის საკითხავი
წარმატების ისტორიები გერმანიიდან

მაია ყამბეგაშვილი Union Investment

ფრანკფურტი

 

მეთექვსმეტე წელია, მაია ფრანკფურტში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე სწავლის დროს, გერმანელი ლექტორების წახალისებით სწავლის გაგრძლება გერმანიაში გადაწყვიტა. მანამდე, ენას კერძო პედაგოგთან, სკოლასა და გოეთეს ინსტიტუტში სწავლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანული ენა და კულტურა მისთვის უცხო აღარ იყო, გადაწყვეტილებისა და ახალი გამოწვევების მიღება არ გაუჭირდა.

 

ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სწავლისა და ხარჯების დასაფარად მუშაობა ჰოლანდიურ ბანკში - NIBC Bank-ში დაიწყო, სადაც ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ასისტენტი იყო, შემდეგ კი უძრავი ქონების კომპანიის საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა, სადაც ძირითადად დიდი კომპანიების ოფისების მშენებლობებს აფინანსებდნენ. ამჟამად მაია გერმანული ბანკის Union Investment-ის დირექტორის თანაშემწეა.

 

ეს პოზიცია უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ბანკის ხელმძღვანელთან ბარბარა რეშთან ერთად ვგეგმავ მის ყველა შეხვედრას, მივლინება, ვამზადებ პრეზენტაციებ, ბანკის ღონისძიებებ, ვესწრები მნიშვნელოვან თათბირებს, სადაც ბანკის პოლიტიკასა და სხვა უმნიშნელოვანეს საკითხებზე მიდის მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს ყველაფერი არის ჩემთვის უდიდესი პროფესიული გამოცდილება და შესაძლებლობა. ვმუშაობ წარმატებულ და გამოცილ მენეჯერებთან, ეკონომისტებთან, ბანკირებთან, ვხედავ როგორ სტაბილურად იზრდება და ვითარდება ბანკი, რა სტრატეგიას ეფუძნება ეს წარმატება. ეს სწორედ ის ბანკია, სადაც მუშაობა ფრანკფურტში ჩამოსვლისთანავე მიზნად დავისახე.“

 

Union Investment კიდევ 6 სხვა ბანკის მფლობელია. 3500 თანამშრომლის მოტივაციისთვის მენეჯმენტი დიდ ინვესტიციას დებს. იმის გამო, რომ ქვეყნიდან ადრე წავიდა და  საქართველოში არასდროს უმუშავიასამუშაო სისტემისა და პირობების შედარება უჭირს, მაგრამ გარე დაკვირვებით იოლი შესამჩნევია, რომ გერმანიაში დასაქმებული პირი გაცილებით სტაბილურად და დაცულად გრძნობს თავს, ამასთან სარგებლობს სხვადასხვა სოციალური და კორპორატიული შეღავათით, ვიდრე საქართველოში.

 

„თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები იდეალურია,  ჩვენს ოფისში გვაქვს მოსასვენებელი ოთახები, იოგას კურსები საკუთარი საბავშვო ბაღი, ნებისმიერ ფიტნეს სტუდიაში აბონემენტი, წლის განმავლობაში ექვსკვირიანი შვებულება, სამ წლამდე დეკრეტი, აქედან ერთი წელი ხელფასის 70% ანაზღაურებით, დანარჩენი ორი წელი უხელფასოდ, მაგრამ შემდეგ იმავე პოზიციის დაბრუნების გარანტიით. ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი, უფასო მგზავრობა მთელი ჰესენის მიწაზე და კიდევ ბევრი შეღავათი ჩვენი თანამშრომლებისთვის. ეს პირობები გერმანიისთვისაც დიდი ფიფუნებაა, მაგრამ მენეჯმენტს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, კომპანიის თანამშრომლების წახალისება  და ასევე სწორი და საჭირო სამუშაო პირობების შექმნა.“

 

როგორც ახალგაზრდა მოტივირებული ეკონომისტი, მაია 2018 წელს გერმანიის ეკონომიკურ სამიტზე ახალგაზრდა ელჩის სტატუსით მონაწილეობდა. სამიტის მთავარი თემა NASA-ს ინოვაციური პროექტები  და კლიმატის ცლილებებთან დაკავშირებული იდეების განხილვა იყო, მასშტაბურ ღონისძიებას, როგროც წესი ყოველ წელს  სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებიან. https://www.wirtschaftsgipfel.com/

 

ბანკირებისა და ეკონომისტების წრეში მაიას, როგოც მათ კოლეგას ისე იცნობენ, ბანკის გარეთ კი როგორც მუსიკოსს.

 

„ორი წლის წინ კუნძულ მალიორკაზე ქორწილში ძალიან ნიჭიერ დიჯეის დენ ბეის შევხვდი. აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ფრანკფურტიდან ვართ და ერთმანეთის შემოქმედება გვაინტერესებდა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ჩავწერეთ ჯერ ერთი სიმღერა, შემდეგ კიდევ ცხრა და ამასობაში ბენდად Dan Bay & Maya ჩამოვყალიბდით. ჩვენი სამი სიმღერა უკვე განთავსდა სოციალურ ქსელებში - YouTube, iTunes, Spotify. ალბომს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოვუშვებთ, ასევე გეგმაში გვაქვს ქართული მუსიკის მოტივებზე მუშაობაც. ამჟამად, ჩვენი ბენდი ელექტროპოპის მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ვაპირებ სოულს და ბალადებს დავუბრუნდე, მუსიკას, სადაც უფრო მეტად გამოვხატავ სიყვარულს და ემოციას.“

 

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, Union Investment-ის ქართველი თანამშრომელი  ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში დასაქმებისთვის ან წარმატების მისაღწეავად აუცილებელია ენის საფუძვლიანად სწავლა და ფლობა, მაგრამ გერმანიაში დასამკვიდრებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა და ბევრი შრომა, გერმანულ სამუშაო სისტემაში გარკვევა და კულტურის გაზიარება.

 

 

 

 

თეონა ხუციშვილი - Deutsche Bank AG

ბერლინი

 

2009 წელს ომის თემაზე მომზადებული თემით თეონა ილმენაუში ადამიანების უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სტუდენტურ კონფერენციაზე მიიწვიეს და ათი დღის შემდეგ, მოულოდნელად სწავლის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ამ დროს მაგისტრის ხარისხი ტექნიკურ უნივერსიტეტში (საერთაშორისო ეკონომიკა) უკვე მიღებული ჰქონდა და საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის (საბანკო საქმე და ფინანსები) სტუდენტი იყო.

 

ბერლინის სამართლისა და ეკონომიკის სკოლაში სამაგისტრო პროექტის დაცვიდან ორ დღეში ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიაში (Marcus Evans Group) გაყიდვების მენეჯერად დაიწყო მუშაობა, სადაც მის მოვალეობებში ბიზნესკონფერენციების ევროპის მასშტაბით გაყიდვა შედიოდა. ერთი წლის შემდეგ კი Deutsche Bank- ში მრავალსაფეხურიანი კონკურს-გასაუბრებების შედეგად საოპერაციო რისკების უფროს ანალიტიკოსად აიყვანეს. რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა აურიტორულ/ქონსალტინგ კომპანიებთან საერთო პროექტებზე მუშაობდა.

 

თეონა თებერვილად რისკების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და ნიუ-იორკის მოდელების რისკების მართვის განყოფილებას ექვემდებარება.

 

„ჩვენი განყოფილების ფუნქციაა ფინანსური მოდელების რისკების აღრიცხვა-მართვა და ბანკის მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის სპეციალური ანგარიშებისა და რეპორტების წარდგენა. ჩვენი დეპარტამენტი ასევე თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან, რომელიც ჩვენი ოპერაციების აუდიტს ახორციელებს.

 

მოდელების რისკების მართვის სფეროში მუშაობისას ხშირად გიწევს რეგულატორებთან მუშაობა, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის გამოწვევებთან. პირადად ჩემს მოვალეობაშია რისკების კომპლექსური ანალიზი, შეფასება და ხშირ შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ასევე პასუხსიმგებელი ვარ  დოკუმენტაციის კორექტირება-განახლებაზე, მოდელების რისკების მართვის ფორუმების მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ.“

 

თეონა ამბობს, რომ პირველი და  ყველაზე მთავარი გამოწვევა საერთშორისო სამუშაო სტანდარტებზე მორგება იყო, თუმცა ადაპტაციის პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა.  ახალ პოზიციაზე რამდენიმე თვეა მუშაობს და ახლა შემდეგი ადაპტაციის პროცესია, რაშიც მისი უშუალო ხელმძღვანელი ეხმარება. თუმცა Deutsche Bank -ის ყველა თანამშრომელს განვითარების საკუთარი გეგმა აქვს, რომელსაც წელიწადში ორჯერ უშუალო მენეჯერთან ათანხმებს. მისი აზრით, საქართველოში თანამშრომელს შორის კონკურენცია მათი წარმატების ერთ-ერთი პირობაა, გერმანიაში ეს წარმატება კონკრეტული პირის განვითარებასა და მიღწევებზეა დამოკიდებული, ორგანიზაცია კი მათ მოტივაციას სხვადასხვაგვარად განამტკიცებს.

 

„Deutsche Bank გერმანიის ფინანსური სიმბოლოა და აქ მუშაობა ცხადია ძალიან პრესტიჟული და გამოცდილების თვალსაზრისით მომგებიანია. იმის მიუხედავად, რომ ბანკს ამ დროისთვის პრობლემები აქვს, განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე, სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ პროცესს კი როგორც მორიგ გამოცდილებას ისე ვუყურებ, ვაკვირდები რა გადაწყვეტილებებს იღებს მენეჯმენტი, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილებები და როგორია კრიზისების მართვის პოლიტიკა“.

 

ბერლინი ის ქალაქია, რომელიც თეონამ საცხოვრებად და სამუშაოდ საგანგებოდ შეარჩია. ამ ქალაქში ყველას, ვისაც ახალი იდეები აქვს და გამოწვევებს არ გაურბის, ადვილად შეუძლია საკუთარი ადგილი იპოვოს.

 

 

მარიამ გურგენიძე -  “Zalando”

ბერლინი

 

„Zalando-ს“ 16 ათას თანამშრომელს შორის მარიამი ერთ-ერთია და თავადაა პასუხისმგებელი ახალი თანამშრომლების მიღებაზე. მისი, როგორც ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების რეკრუტის მოვალეობაა ხელოვნური ინტელექტისა და კომპუტერული სწავლების მიმართულებისთვის ახლი კადრების მოძიება და მოზიდვა. კომპანია, რომელიც ათი წლის წინ ბერლინში დაფუძნდა, მოდის პროდუქტებს ონლაინ ყიდის და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო  დამსაქმებლად მიიჩნევა. კომპანიაში 130-მდე სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელი მუშაობს და ოფიციალური სამუშაო ენა ინგლისურია.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  2013 წლიდან ამ კომპანიის თანამშრომელი ვარ, რადგან ვმუშაობ პროფესიონალებთან ერთად. ყველა განყოფილების მენეჯერი ხელს უწყობს თითოეული ჯგუფის წევრის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ჩვენ ჩართულები ვართ სხვადასხვა ტრენინგში, პერიდოდულად ტარდება პიროვნული ტესტი იმის დასადგენად, რა არის კადრის ძლიერი მხარე ან რა უნარები აქვს მას გასაუმჯობესებელი, სად შეიძლება მისი რესურსის უკეთ გამოყენება- ეს ეხმარება კომპანიას ასევე გაიგოს, რა აძლევს მის თანამშრომლებს მოტივაციას, რაც ხელს უშლის კადრების გადინებას.

 

ასევე გვაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კვირაში განსაზღვრული 40 სამუშაო საათი დამოუკიდებლად, მაგრამ შედეგიანად გადავანაწილოთ. თანამშრომლებს შეუძლიათ, თან ჰყავდეთ ბავშვები, რადგან ოფისებში მათთვის სპეციალური ოთახებია განკუთვნილი. შესაძლებელია სახლიდან მუშაობა, ე.წ „ჰოუმოფისის“ გამოყენება. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სამუშაო პირობები მხოლოდ „Zalando-ში“ არ არის, ეს მიღებული პრაქტიკაა ევროპაში.“

 

 „Zalando-ში“  მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიაში ეკონომიკური პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. თუმცა, როგორც მარიამი ამბობს, მისი პირველი სამსახური „თიბისია“,სადაც მიღებულ გამოცდილებას დღემდე წარმატებით არა მხოლოდ იყენებს, არამედ სხვებსაც უზიარებს.

 

„თბილისში, მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად თიბისიში დავიწყე მუშაობა, ბანკის ქოლცენტრში, ეს იყო ჩემი პირველი კორპორატიული, სტაბილური სამსახური, სადაც ძალიან ძლიერი გუნდი დამხვდა. ერთ-ერთი პირველი ტრენინგი, რაც  თიბისიში ჩაგვიტარდა,  დროის მენეჯმენტს შეეხებოდა. ამ დრომდე ეს ტრენინგი კარგად მახსოვს.  აქ შეძენილი უნარები დღემდე  მეხმარება სამუშაო დრო, რესურსი და ასე შემდეგ სწორად გადავანაწილო და ვმართო. ძალიან ხშირად ბერლინში ჩემი  კოლეგები ამ გამოცდილებას და პრაქტიკას იზიარებენ და იყენებენ.“

 

მიუხედავად იმისა, რომ მარიამი პროფესიით მაკროეკონომიკის სპეციალისტია, ძალები სხვადასხვა სფეროში არაერთხელ მოსინჯა. ამბროლაურში სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში სწავლის პარალელურად, სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. შემდეგ DAAD -ეს სტიპენდია მიიღო და სწავლა ბერლინში გააგრძელა. სწავლის დასრულების და აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას და მუშაობას აპირებდა, მაგრამ დაოჯახებამ მისი გეგმები, როგორც თვითონ ამბობს, დროებით შეცვალა. რამდენიმე წელში ის არ გამორიცხავს, ევროპული გამოცდილებით რომელიმე ქართული კომპანიის თანამშრომელი გახდეს.

 

ავტორი: თამარ ილურიძე

 

კომენტარები