15 ივლისი 15 წუთის საკითხავი
„შენიას“ ჯადოსნური წიგნები საქართველოს შემდეგ უკვე თურქეთშია

ალბათ არ ვცდები, თუ ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ყველაფერზე დიდი სიამოვნება მშობლებთან ურთიერთობაა. მათთან თამაში, ხატვა, სეირნობა, მათთან საუბრები, მათი მოყოლილი ზღაპრები, მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გვახსოვს და ალბათ ყველაზე დიდი ძალაა, რაც ზრდასრულ ასაკშიც ყველაფერში გვეხმარება. სამყაროსთან ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობით იწყება, მათთან გატარებული წუთები ჩვენს მეხსიერებაში ჯადოსნური ზღაპრებივით რჩება, სადაც ყველაფერს სიყვარული ამოძრავებს.

 

მეორე მხრივ, ბავშვობის მოგონებები დიდობაში, უკვე თავად მშობლებსაც გვეხმარება შვილებთან ურთიერთობაში, მათთან სალაპარაკო ენის გამონახვაში, მათთან ერთად სირთულეების გადალახვაში, მეგობრობაში, მათი ნდობის მოპოვებაში.

სწორედ ბავშვებთან ურთიერთობისას განცდილი ემოციებზე, მათზე დაკვირვებისას გამოტანილი დასკვნებზე, ბავშვების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე საუბრისას გაუჩნდათ სურვილი მეგობრებს - მარიკა წულუკიძეს და მარიკა ლორიას, თავიანთი გამოცდილება სხვა მშობლებისთვისაც გაეზიარებინათ.

 

როგორ მივიტანოთ ბავშვებამდე ის ღირებულებები, რომლებზეც უნდა დაშენდეს მათი მომავალი? როგორ ვასწავლოთ გარესამყაროსთან ურთიერთობა? როგორ გავაღვივოთ მათში სხვებისადმი თანაგრძნობის, მხარდაჭერის გრძნობა? ბუნების, ცხოველების სიყვარული? ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში გაჩნდა იდეა, რომელიც საუკეთესო ფორმად - პერსონიფიცირებულ წიგნებად იქცა. ამ წიგნების მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ მისი მოქმედი პირი ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს.

„შევქმენით წიგნები, რომლებშიც აქცენტები დასმულია მნიშვნელოვან თემებზე - მეგობრობა, სიყვარული, თანაგრძნობა...ეს ის ღირებულებებია, რომლებიც მშობელმა ბავშვამდე რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა მიიტანონ, რაც არ არის ადვილი საქმე. ჩვენ ეს იდეები საგანგებოდ შერჩეულ ავტორებს გავუზიარეთ. მათ ამ პროექტისთვის დაწერეს ძალიან საინტერესო ტექსტები, ზღაპრები, რომლებშიც წიგნის დამკვეთი თავად ირჩევს მთავარი მოქმედი პირის სახელს, სქესს, თმის ფერს.

 

აი, მაგალითად, თქვენ გინდათ შეუკვეთოთ წიგნი ბავშვისთვის, რომელსაც ჰქვია კიწი და აქვს ქერა თმა. ონლაინ შეკვეთის პროცესში უთითებთ ბავშვის მონაცემებს, რომელთა ინტეგრირებაც ავტომატურად მოხდება ზღაპრის ტექსტში და ილუსტრაციებში. ჩვენი ფერიები მიიღებენ თქვენს შეკვეთას, 3-დან 5 დღემდე ვადაში დაამზადებენ წიგნს, რომელშიც თქვენი შვილი თავის თავს ტექსტშიც და ილუსტრაციებშიც ადვილად ამოიცნობს, შესაბამისად, ის უფრო მეტი სიამოვნებით წაიკითხავს ტექსტს და ამავდროულად, დაფიქრდება მოთხრობილ ამბავზე, გაუჩნდება თანაგანცდა მოქმედი პირების მიმართ, ბუნებრივად მიიღებს და გაიგებს იმ საკითხებს, რომელთა გაგებაც სხვა შემთვევაში გაუჭირდებოდა,“ -ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, მარიკა წულუკიძე.

წიგნების ავტორებმა, დიანა ანფიმიადიმ და ლია ლიქოკელმა, 2- დან 8 წლამდე ბავშვებისთვის ზღაპრები სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერეს. ლია ლიქოკელის  „პატარა ნაძვის ამბავი“ არის წიგნი ადამიანის გულში მომხდარ სასწაულზე, გარესამყაროზე, რომლის ჯადოსნურობაც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება. დიანა ანფიმიადის ტექსტში „წამოცდენილი სიტყვა“, როგორც სათაურიც მიგვანიშნებს, მოთხრობილია სიტყვებზე, რომლებმაც შეიძლება დაგვაკარგვინოს, ან გვაპოვნინოს ადამიანი. ყოვლისშემძლე, ჯადოსნურ სიტყვებზე, რომლებიც ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში. თუ რა სიტყვებია ესენი, ამ ბლოგში საიდუმლოდ დავტოვებთ.

 

სულ ახლახან,  „შენიამ“ გლობალურ ბრენდად ტრანსფორმაცია დაიწყო და თავისი ჯადოსნური ზღაპრებით საქართველოს შემდეგ უკვე თურქეთის ბაზარზე შევიდა.

 

ესტუმრეთ  ვებგვერდს www.shenia.ge, გაიარეთ მარტივი პროცედურა, შეუკვეთეთ წიგნი ფერიებს, დასხედით თქვენს პატარებთან ერთად და წაიკითხეთ, განიცადეთ, დაიმახსოვრეთ ჯადოსნური სიტყვები!

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

კომენტარები