19 მარტი 10 წუთის საკითხავი
საცნობელი - ქართული სამაგიდო თამაში

დღეს მსოფლიო სხვა რეალობაში ცხოვრობს და სახლიდან მუშაობა, სწავლა თუ სხვა სოციალური აქტივობები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.  რა შეიძლება იღონოს ამ დროს საზოგადოებამ?! გაერთიანდეს და პრობლემას ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს. „თვითიზოლაცია“ საკმაოდ პოპულარული სიტყვა გახდა, გარეთ გასვლა იმდენად უსაფრთხო აღარაა და WHO-ც გვირჩევს მოვერიდოთ სახლის დატოვებას. ასეთ პერიოდში ინტერნეტი, სოციალური ქსელი და სერიალების ყურება დიდი ხნის განმავლობაში მოსაბეზრებელია. სამაგიდო თამაშები კი მხსნელად და ხშირად, სოციალიზაციის იდეალურ გზად გვესახება.

 

„საცნობელი“ რამდენიმე ქართველის: ელენე ძნელაძის, სოფო კუჭავას, მაია ძიძიგურისა და ქეთა პირველის წამოწყებაა. ასოციაციური სამაგიდო თამაში, რომელიც რაღაცით Imaginarium-ს გავს, თუმცა განსხვავებული წესები და ვიზუალი ახასიათებს. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სათამაშო ბანქო მთლიანად 60 ქართველი მხატვრის ნამუშევრებითაა შექმნილი. როგორც „საცნობელის“ აღმასრულებელი მენეჯერი, ხატია ხატიაშვილი გვიყვება, თამაში სოციალიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა.

„ხშირად სამაგიდო თამაშები იმიტომ იქმნება, რომ ყველაფერი ციფრულ სივრცეში იყო, ადამიანებმა კი სოციალიზაციის შეგრძნება დაკარგეს. ქვეცნობიერამდე ჩასვლა მეგობრებთან ერთად და არა ზედაპირული კომუნიკაცია ამიტომაც გვსურდა.“

 

- ამბობს ხატია.

 

მისი თქმით, ახალ რეალობაში ადაპტირება აუცილებელია და ბიზნესებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. მართალია, ჯერ დამწყებები არიან, თუმცა ყველაზე პესიმისტური სცენარისთვისაც მზად იქნებიან.

 

„საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა და ადამიანებმა სახლიდან გასვლა დიდი ხნით ვეღარ შეძლეს, თამაშის ონლაინ ვერსიას შევქმნით და საზოგადოებას ასე მივცემთ სოციალიზაციის საშუალებას. „საცნობელს“ მხოლოდ მიმოწერით ვერ ითამაშებ, ამისთვის პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო და ეს ადამიანებს შორის ურთიერთობას მხოლოდ დაეხმარება“

 

- გვიყვება ხატია ხატიაშვილი.

„საცნობელი“ მხოლოდ ზრდასრულების თამაში არაა და მისით გართობა ბავშვებსაც შეუძლიათ, სპეციალური ვერსიით. დიზაინიც და იდეაც საქართველოშია მოფიქრებული, თუმცა მისი დამზადება ჰოლანდიაში ხდება, ის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველანაირად უსაფრთხოა მათ შორის ბავშვებისთვისაც.

 

98 ბანქო  და 4-7 ადამიანი - სულ ესაა, რაც ახალ ქართულ სამაგიდო თამაშს სჭირდება, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, კურიერი პირდაპირ სახლში მოგიტანთ.

 

კომენტარები