14 თებერვალი 10 წუთის საკითხავი
საშაბათო სკოლა „Gmschool“

წლების წინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, ერთი შიში მქონდა. ჩემს საკლასო ოთახში, კედელთან, ჩემი სიმაღლის საანგარიშე იდგა. დღე არ გადიოდა, რომ მასწავლებელს ვინმე არ გაეძახა და ერთეულებისა და ათეულების ჩამოყრა არ ეთხოვა და აი, ამ დროს იწყებოდა ყველას კოშმარი. ბავშვური, გაუცნობიერებელი შიშით გვეშინოდა საანგარიშესი და მათემატიკის გაკვეთილის. მხოლოდ წლების შემდეგ, როცა საანგარიშეს  სიმაღლეში გავასწარი, დაფასთან გაძახების და შეცდომის დაშვების შიში დავძლიე. მაგრამ მაინც მაწუხებდა მრავალუცნობიანი განტოლებასავით რთული შეკითხვა, შეიძლება ბავშვისთვის მათემატიკა იყოს საინტერესო?

ამოცანის პირობა

უკვე მეორე წელია 162-ე სკოლაში საშაბათო სკოლა “GMschool”არსებობს და I-დან VI კლასის მოსწავლეებს 3 საათის განმავლობაში ასწავლიან მათემატიკას, ლოგიკას და ხელოვნებას. 120 მოსწავლე 9 ასაკობრივ ჯგუფშია განაწილებული. საგაკვეთილო პროცესი სახალისო და არასტანდარტულია. ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის მიზანი ბავშვისთვის საგნის შეყვარება, ლოგიკურად მსჯელობისა და აზრის  არგუმენტირებულად დასაბუთების  უნარის განვითარებაა. განტვირთვასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაზე ხელოვნების გაკვეთილზე ზრუნავენ. საშაბათო სკოლაში ჭადრაკის წრეც ფუნქციონირებს.

VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის მეცადინეობები კვირაში ორჯერ ტარდება. მიღება მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. GMschool-ში სწავლის მსურველთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მოსწავლის სურვილია.

მომავალ წელს „Gmschool“-ი გაზრდას და გაფართოებას გეგმავს.

Gmschool-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გრიგალაშვილია, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილებით. საშაბათო სკოლის იდეა დიდი ხანია ჰქონდა და ერთ დღეს,  პროფესიით მათემატიკოსმა, როგორც ამბობენ, ყველაფერი ნულიდან დაიწყო და „Gmschool” დაარსა. მისი აზრით, ჩემს შეკითხვაზე პასუხი  სიყვარულია, რომელიც მასწავლებელს ბავშვების და საგნის მიმართ უნდა ჰქონდეს. საშაბათო სკოლაშიც სწორედ ასეთი პროფესიონალები ასწავლიან, რომელთა სტაჟიც ორნიშნა რიცხვით იწერება. 

 

ბავშვობიდან ჩარჩენილი მრავალუცნობიანი განტოლება ძალიან მარტივად ამოვხსენი.

პასუხს კი, სრულად გიზიარებთ:

საინტერესო და ინოვაციური სწავლების მეთოდები, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი მასწავლებლები და ძალიან დიდი სურვილი - შეცვალო ერთი ბავშვის დამოკიდებულება მატემატიკისადმი = შეცვალო სამყარო.

აქსიომა, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს.

 

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

ფოტო: ნიკა მაქს ხუნდაძე

კომენტარები