13 აპრილი 10 წუთის საკითხავი
საინი - ანბანით შეპყრობილთა შესახებ

ოდესმე თუ ბერძენიშვილის ქუჩაზე ჩაივლით, შეიძლება, განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნიოთ. მაგრამ დამიჯერეთ, ასეთ საოცრებას ვერსად ნახავთ. ამ ქუჩაზე, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა ქუჩებისგან, ერთი სახლია, სახლი- სახელოსნო. ამ სახლში კი, ანბანი ცხოვრობს, ახალი, განსხვავებული, ჩვენთვის უცნობი უნიკალური ფორმით. აქ 2009 წელს სტარტაპი „საინი“ დაიბადა.

 

გიფიქრიათ, რომ ქართული ანბანი უნიკალური მისი ფორმის და სიმეტრიის გამოა? ან ოდესმე წარმოგიდგენიათ, რომ ანბანი შეიძლება ლამაზ განსხვავებულ და სრულიად ახალ ორნამენტებს ქმნიდეს? თან ერთს ან ორს კი არა, 1200-ზე მეტს!

ნინო სლეპჩენკომ, „საინის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ქართული ანბანის უნიკალურობა სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს აღმოაჩინა და ერთ დღეს, როგორც ხდება ხოლმე, საკუთარი იდეის განხორციელება დაიწყო. დღეები, ღამეები და კვირები რა მოსატანია, როცა ნინომ და მისმა მეუღლემ, ლევან ვათეიშვილმა, უკვე წლებია ცხოვრება მიუძღვნეს ქართულ ანბანს.

 

თავდაპირველად, უნიკალური ორნამენტების გადატანა თეფშებზე დაიწყეს. შემდეგ მოსინჯეს სანათები,დეკორატიული სარკეები, გრავირება, ჭურჭელი, კერამიკული ფილები, დეკორატიული გაფორმებები და ა.შ. თუმცა, „საინი“-ს ორნამენტებს უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ფორმისა და სიმეტრიის გამო მათ გამოყენებას უკვე გეგმავენ სამკაულებად და სამოსის მოსართავად.

„საინი“ ოფიციალურად 2015 წელს დარეგისტრირდა. სახელზე და ლოგოზე თავად ნინომ იმუშავა. შეარჩია ჰარმონიულად ჟღერადი, უცხოელებისთვის მარტივად წასაკითხი სახელი. გადაბმული „ა“ და „ი“  ძალიან ჰგავს უსასრულობის ნიშანს და იმაზე მიუთითებს, რომ „დატრიალებით“ შექმნილი ორნამენტების ვერსიებიც უსასრულოა.

 

ამ ცხრა წლის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შეხვდათ და მიუხედავად ამისა, არც ერთი წამი უფიქრიათ საქმის შეწყვეტა. ყველაზე დიდი სირთულე მაინც საწარმოებისა და ქარხნების არარსებობაა. თითოეული ნივთისთვის ბუნებრივ მასალას იყენებენ: ხე, რკინა, ქვა... ორნამენტების გადატანისთვის ლაზერით ან წყლის ჭავლით გრავირებას და ჭრას მიმართავენ. რასაც აქ, საქართველოში ვერ ქმნიან, თურქეთში მცირე რაოდენობით უკვეთავენ, მაგალითად, დეკოლს და ფაიფურის თეფშებს.

ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ „საინი“-ს თითოეული ნივთი უნიკალური ეგზემპლიარია.

 

ნინოსთან და ლევანთან სტუმრობის მერე იმაზე ვფიქრობ, რომ ქართული ანბანის მხოლოდ იმ ნაწილს ვიცნობთ, რომელსაც ახლა ეკრანზე ვხედავთ. მის უკან კი დიდი სამყაროა, რომელიც „საინი“-ს დამფუძნებლებმა გეომეტრიისა და სხვადასხვა „სანელებლების“ შერევით უნიკალურ ფორმებად აქციეს.

კომენტარები