8 თებერვალი 10 წუთის საკითხავი
პარარა

რას ფიქრობდა ლეონარდო, როგორი ფერის უნდა ყოფილიყო მონა ლიზას კაბა, როცა მის კონტურს ხატავდა? პიკასო, რომელიც სიურეალისტურ ფორმებს ფერებით ავსებდა? ანდაც არქიტექტორი რომელიც ძველი თბილისის ჭრელ აივნებს ხატავდა?

 

ახლა ის, ვინც პარარას დიდ, შავ-თეთრ კონტურებს ფერებით აცოცხლებს, აღმოჩნდება პიკასოს, ლეონარდოსა და არქიტექტორის როლში: გადაწყვეტილება მისი მისაღებია, რადგან მას აქვს თავისუფალი ნება ზუსტად შეინარჩუნოს არსებული პალიტრა ან და-ვინჩის დაუწუნოს არჩევანი და მონა-ლიზას წითელი კაბა ჩააცვას. ვინ არიან ასეთი გამბედავები თუ არა ცნობისმოყვარე და მხიარული ბავშვები?

 

სწორედ ასეთი მოზარდებისთვისაა „პარარას“ გასაფერადებლები, რომლებიც მათთვის ერთი მხრივ საშუალებაა გაეცნონ სინამდვილეს - მოძებნონ რა ფერია ვან გოგის „მზესუმზირები“ და გაფერადებისას ყვითელ-ნარინჯისფერი ფანქრები გამოიყენონ, ან თავიანთი წარმოდგენა ქაღალდზე  სასურველ ფერებად გადაიტანონ.

 

შემეცნების და წარმოსახვის უნარის გარდა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაფერადება ხელს უწყობს მოზარდების მენტალურ და ემოციურ სიჯანსაღეს, ავითარებს ტვინის ორივე ჰემისფეროს და თერაპიული დატვირთვაც აქვს. თუმცა ამ ჩამონათვალის გარდა, პარარას აქვს კიდევ ერთი და განსაკუთრებული დადებითი მხარე: მისი გასაფერადებელი ფუცლები სხვადასხვა ზომისაა, ზოგიერთი მათგანი კი ძალიან დიდიც - ისეთი, იატაკზე რომ გაშლი ხალიჩასავით, ფანქრებს დააყრი და ზედ კომფორტულად მოკალათდები ან კედელზე დიდი ტილოსავით გააკრავ.

მაინც რატომაა სიდიდე ასეთი უპირატესობა? - დღეს, როცა ბავშვების უმეტესობა თავს მობილურით ხელში ვირტუალურ მეგობრებთან თამაშით ირთობს, „ხალიჩა“ გასაფერადებლები მათი ერთმანეთთან კომუნიკაციის, ურთიერთობისა და მიზნის ერთად განხორციელების გზაა. ოჯახში, რომელშიც პარარას შექმნის იდეა გაჩნდა პატარა ქეთო და ნიკო დედასთან და ბაბუასთან ერთად აფერადებენ ლამაზ კონტურებს - ასე ისვენებენ, სწავლობენ და ურთიერთობენ

 

დიახ, დედებიც და ბაბუებიც ერთობიან გაფერადებით და პარარა მათთვისაც ისეთივე განტვირთვაა როგორც მოზარდებისთვის. პატარა პუტკუნა ბიჭი ალბათ ყოველთვის შეინარჩუნებს ჭკვიანი და მოუსვენარი  ბავშვის სახეს, მაგრამ იმეგობრებს არა მხოლოდ თანატოლებთან, არამედ უფროსებთანაც, რომლებსაც ხშირად ისევე სჭირდებათ ცხოვრების „გაფერადება“ როგორც პატარებს.

პარარა არამხოლოდ ფურცლების ზომაშია მზარდი, არამედ იზრდება როგორც ბიზნესიც. იმედია ანც, მხიარულ და ცნობისმოყვარე ბიჭუნას კიდევ ბევრგან შევხვდებით.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე
ფოტო: ნიკა მაქს ხუნდაძე

 

კომენტარები