31 ივლისი 8 წუთის საკითხავი
დაუვიწყარი ბათუმური გამოცდილება

ჩემი ბავშვობის მოგონება ბათუმზე ასეთია: გაჩახჩახებული სანაპირო, მსუბუქი ბრიზი, ოდნავ აღელვებული ზღვა და ჰორიზონტზე მცურავი გემი. ყოველთვის მინდოდა იმ გემზე მოვხვედრილიყავი და ყოველ ჯერზე, როცა ტურისტებით დატვირთულ გემბანზე ავდიოდი, თავს შორეულ მოგზაურობაში წარმოვიდგენდი.

 

ამ შთაბეჭდილებების ძიებაში დღესაც უამრავი ადამიანი ისვენებს შავი ზღვის სანაპიროზე, ტურისტებს ასეთ დაუვიწყარ გამოცდილებას უამრავი ადგილობრივი ბიზნესი ჰპირდება. მათ შორის არის გიზო ჭიჭინაძე, რომელიც უკვე 10 წელია ამ სფეროში საქმიანობს.

მისი ტურისტული გემები ბათუმის იახტ კლუბში ელოდებიან ტურისტებს. ტურები უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით და პროფესიონალი ინსტრუქტორების თანხლებით ტარდება. გემით შესაძლებელია ბათუმის სანაპირო ზოლის დათვალიერება ზღვიდან.

 

გემების გარდა, გიზო ჭიჭინაძის საკუთრებაში კიდევ კატერები და წყლის სკუტერებია. თავად ამბობს, რომ მისი ბიზნესი სეზონურია, აპრილიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.

„ამ სფეროში კონკურენცია დიდია, მაგრამ ჯანსაღი. ვცდილობთ, ტურისტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გავუშვათ ბათუმიდან, ამიტომ მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, ვზრუნავთ მათ კარგ განწყობაზე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე,“ - ამბობს გიზო ჭიჭინაძე.

 

მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებაზე, ამ სეზონზე ახალი კატერების შეძენას აპირებს, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს ბათუმის სტუმრებს.

 

დამსვენებლების უმეტესობა უცხოელია, მათ შორის ჭარბობენ ტურისტები არაბული ქვეყნებიდან, თუმცა გემით ან სკუტერით გასეირნებაზე არც ქართველები ამბობენ უარს.

„ტურისტების რაოდენობა ჩვენს მხარეში წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ ვცდილობთ, გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ და სერვისი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვცდილობთ, ყოველ სეზონზე სიახლით დავხვდეთ სტუმრებს, რომ მათ აქ დაბრუნება ისევ მოუნდეთ,“ - ამბობს გიზო ჭიჭინაძე.

კომენტარები