10 აგვისტო 24 წუთის საკითხავი
ლოგიკუმი • Logicum


„ლოგიკუმი“ ლოგიკური აზროვნებისთვის

ბავშვის განვითარებაში თამაში ერთ-ერთი საკვანძო მოქმედებაა, სათამაშოებზე კი უამრავი უნარ-ჩვევის გამომუშავებაა დამოკიდებული. სათამაშოების ბაზარზე დიდი არჩევანია, თუმცა ბევრი უხარისხო, თან ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოს ყიდვას,  ცოტა და ხარისხიანის შეძენა სჯობს. ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სათამაშოები ძალიან პოპულარული გახდა, ხის სათამაშო ძალიან ბევრია, თუმცა  მთავარი ამ სათამაშოს დანიშნულებაა.


სათამაშოებს, რომელიც როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე  ტიპიური განვითარების ბავშვებში  სხვადასხვა ქცევის დასწავლას შეუწყობს ხელს, ქართული ბრენდი „ლოგიკუმი“ აწარმოებს.  ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტების სამმა სტუდენტმა 2017 წლის დეკემბერში  მონაწილეობა მიიღეს   საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა საქმედ აქციეს.  


„დავიწყეთ სიუჟეტური ფაზლების გაკეთება, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დავეხმარებოდით, ქცევების დასწავლის პროცესი მათთვის შედარებით მარტივი გამხდარიყო. თუმცა გათვლა მხოლოდ შშმ პირებზე არ გვქონია.  ეს სათამაშოები ქცევის დასწავლის გარდა, ლოგიკური აზროვნების განვითარებასაც უწყობს ხელს,“
- გვიყვება  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი თინათინ ბლადაძე.




„ლოგიკუმის“  მთავარი მიზანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ტიპიური განვითარების ბავშვებს შორის არსებული ბარიერი დაარღვიოს.  სტუდენტებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევა სურთ, თითქოს  განსხვავებული უნარების გამო, ბავშვებს ერთნაირი სათამაშოებით თამაში არ შეუძლიათ.  სტუდენტები სათმაშოებს იმის მიხედვით არჩევენ, უფრო მეტად განვითარება რომელ მიმართულებას სჭირდება. ყვებიან, რომ უმეტესად ხარვეზებია ლოგიკური აზროვნების, მეტყველების პროცესების განვითრებაში, ისევე როგორც გართულებულია ქცევების დასწავლა, ლოგიკუმის სათამაშოები,  კი სწორედ უნარების გაუმჯობესებას უწყობს  ხელს.  


„ჩვენი აწყობილი სიუჟეტური ფაზლები  ჩვეულებრივი ფაზლისგან განსხვავდება. „ლოგიკუმის“ სათამაშოებში მცირე ბიჯებად არის ჩაშლილი ერთი რომელიმე კონკრეტული ამბავი. თვითმოვლის უნარ-ჩვევებიდან რომ ავიღოთ, მაგალითად, სავარცხლის გამოყენება. ბავშვი სწავლობს, როგორ უნდა მოკიდოს ხელი, წაიღოს თმისკენ, დაივარცხნოს და დააბრუნოს თავის ადგილას. ანუ ჩვენი მიზანიც ეს არის,  ქცევები დავშალოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და შემდეგ ბავშვმა თავად ააწყოს მოქმედება. სწავლის პარალელურად, ეს საკმაოდ სახალისო პროცესია,“
- აღნიშნავს თინათინ ბლადაძე.



ხელნაკეთი ხის სათამაშოები ბაზარზე საკმაოდ ბევრია. ყველა  ხის არის, ფერადი,ზოგიც ხელნაკეთია, მაგრამ დეტალები, მიზანი და დიზაინი განსხვავებულია.  „ლოგიკუმში“ შემეცნების გზა აირჩიეს -  ყველა სათამაშო კოგნიტური უნარების განვითარების, დასწავლის პროცესისკენ არის მიმართული,  ფაზლების ასაწყობად კი ილუსტრაციებს იყენებენ.  


2017 წლის დეკემბერშივე, „ლოგიკუმის“ შექმნიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა და 12-დან 10 სათამაშო გაყიდა. ეს სტუდენტების პირველი წარმატება და ახალი ბიზნესის ეფექტური სტარტი იყო. ახლა მათ თვეში დაახლოებით 50 შეკვეთა აქვთ. ჰყავთ ერთგული კლიენტებიც. მომხმარებელს სათამაშოს შერჩევა „ლოგიკუმის“ ფეისბუქ გვერდზე შეუძლია
https://www.facebook.com/Logicumgeorgia/.  რადგან სტუდენტებს საკუთარი სახელოსნო არ აქვთ და ბიზნესიც ნოლი ლარიდან დაიწყეს, შეკვეთას წინასწარ იღებენ.  გადარიცხული თანხით მასალას ყიდულობენ და სათამაშოს მაქსიმუმ 5 დღის ვადაში ამზადებენ.