23 მარტი 20 წუთის საკითხავი
„ხემსი“ - სწრაფი, ჯანსაღი კვებიდან დიდ წარმოებამდე

დღის პირველი საათი ის დროა, როდესაც ყველა ვიწყებთ ფიქრს - სად ვჭამოთ? რა ვჭამოთ? ხომ არ გამოვიძახოთ?

 

სანამ გარეთ საბოლოოდ დათბება, ჯერ კიდევ ადგილზე მიტანის აპლიკაციებით ვცდილობ ახალი და გემრიელი კერძების აღმოჩენას. ერთ დღესაც, „სქროლვისას“ ჩემი ყურადღება ქაღალდის კონტეინერში დაფასოებულმა ჯანსაღმა საკვებმა მიიქცია, რომელსაც თოკით შეკრული ხის დანა-ჩანგალი და ქაღალდის საწრუპი მოჰყვებოდა თან. ასე, თავიდან ინტერესის გამო გაჩნდა ჩემი კვების რაციონში „ხემსი“.

 

თანამედროვე რეალობაში, სადაც ყველაფერი თვალის დახამხამებაში უნდა მოასწრო, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანსაღად კვებისთვის დრო არ რჩებათ, ნინო ტოგონიძემ და აგატა გოგიშვილმა იზრუნეს. დაფიქრდნენ - რა აკლია და სჭირდება თანამედროვე ადამიანს და კონცეფციით - სწრაფი, ჯანსაღი, გემრიელი და ნოყიერი - სწრაფი კვების ვეგეტარიანული ბრენდი, „ხემსი“ შექმნეს.

 

აგატა და ნინო ვეგეტარიანელები არიან და „ხემსის“ შექმნისას სწორედ საკუთარი გამოცდილებიდან და საჭიროებებიდან გამოვიდნენ.

 

ნინო: „როდესაც გაცნობიერებული კვება დავიწყე და დავფიქრდი -  რას იღებდა ჩემი ორგანიზმი, მივხვდი, რომ ძალიან რთული იყო თბილსიში სწორად კვება. გარეთ ფაქტიურად არ მოიძებნებოდა ის კერძები, რასაც შინ ვამზადებდოი. „ხემსის“ იდეაც ასე მოვიდა - გულწრფელად ჩვენ რითიც გვინდოდა რომ გვეკვება, აქამდე რასაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ვამზადებდით საუკეთესო ხარისხით - ის შევთავაზეთ სხვა ადამიანებსაც.“

 

„ხემსში“ ნარჩევი პროდუქტებისგან ტაილანდური, იაპონური, მექსიკური, ლიბანური, ევროპული თუ აზიური სამზარეულოების დაბალანსებული გემოვნური თვისებების მრავალფეროვანი კერძები მზადდება. „ვოლტის“ აპლიკაცია გარნირებთან, დიფებთან, სალათებთან,  წვნიანებთან, მთავარ კერძებთან, დესერტთან და სასმელთან ერთად, ყოველი დღის შესაბამის, სხვადასხვა ლანჩ-ბოქსს გთავაზობთ. 

 

აგატა: „კულინარიით ბევრი წლის წინ დავინტერესდი და თავადაც შეფ-მზარეული ვარ. „ხემსის“ ყველა კერძი ჩემს შემოწმებას გადის. ახლა უკვე ისეთი მზარეულები გვყავს, სრულიად ვენდობი მათ. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი - ჩემი არყოფნისას ზოგჯერ სხვა გემო ჯდებოდა იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი გემოები. მთელი სირთულე იმაშია, რომ ძალიან ტკბილი ან ძალიან ცხარე არ გამოგივიდეს, სუნელები მძაფრად არ იგრძნობოდეს, გემო დაბალანსებული იყოს. ამ ეტაპზე 2 მზარეული გვყავს - ცხელების და ცივების.“

 

ნინო: „მომხარებელს ისეთ ნოყიერ კერძებს ვთავაზობთ, რომლებიც თავისუფლად ანაცვლებს ხორცსაც კი. მაგალითად, ფალაფელის ბურგერი და ვრაპები, ენჩელადა ლობიოთი, ყველით არაჟნითა და ბოსტნეულით. ჩვენს ერთ პორცია ენჩელადას რომ მიირთმევს ხორცის მჭამელი ზრდასრული მამაკაცი, მთელი დღე დანაყრებული იქნება. გამოხმაურებებიც ასეთი გვაქვს - ხშირად გვწერენ, დავნაყრდი და თან ძალიან მსუბუქად ვარო.“

 

„ხემსმა“ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ჯანსაღ კვებასთან ერთად, შემეცნებითი ფუნქციაც შეითავსა და Facebook გვერდი ერთგვარ სოციალურ პლატფორმად აქცია, სადაც  ყოველდღიურად, კერძების შემადგენლობასთან ერთად, მოკლე, მაგრამ ინფორმაციულ პოსტებს ამოიკითხავთ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: გარემოს დაბინძურება, ჯანმრთელობისთვის მავნე დანამატები, ეკოლოგიის კუთხით შექმნილი ინოვაციები, ცნობილი ვეგეტარიანელი ადამიანები და მათი მიდგომები, ვეგეტარიანიზმი, ორგანული სოფლის მეურნეობა...

 

სწორედ „ხემსის“ პოსტებში აღმოვაჩინე რამდენიმე უცნაური დასახელების პროდუქტი, რომელთა არსებობის შესახებ, აქამდე გაგებულიც კი არ მქონდა, მაგალითად - ედამამე.

 

აგტა: „ედამამე, იგივე ახალგაზრდა სოიოს ლობიო, იმ დისტრიბუტორს ჩამოჰქონდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა დაწესებულებას აზიური პროდუქტებით ამარაგებს. „ჩაწოლილი“ პროდუქტი იყო - ვერ ყიდდა, ზუსტად იმის გამო, რომ მომხმარებელმა არ იცოდა რა იყო. ედამამეზე დავიწყეთ პოსტებით Facebook-კომუნიკაცია. ხალხს ავუხსენით ამ ინგრედიენტის სარგებელი და ძალიან მალე, დისტრიბუტორმა მთელი მარაგი გაყიდა. ცნობადობასთან ერთად, მოთხოვნაც გაიზარდა და სხვა დამკვეთებმაც დაიწყეს მისი შეკვეთა.“

 

სოციალური ქსელის პარალელურად, სულ მალე “ხემსი“ ბლოგის სახით კიდევ ერთ შემეცნებით პლატფორმას შესთავაზებს მომხმარებლებს და მკითხველებს, სადაც ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული კონტენტი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სიღრმისეული და რეგულარული იქნება. ბლოგთან ერთად კი, მთავარი გეგმა კაფე და საწარმოა, რომლის განხორციელებაშიც „ხემსის“ შემქმნელებს სტარტაპსესხი ეხმარება.

 

ნინო: „თავიდან პატარა ხემსების დამზადება იყო ჩენი გეგმა, თუმცა, ახლა ჩვენს კვებას წახემსებას ნამდვილად ვერ უწოდებ. პირველ ეტაპზე, ადგილზე მიტანის სერვისითა და ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით პოპულარიზება გავუწიეთ ვეგეტარიანულ კვებას, ადამიანებს სხვადასხვა პროდუქტი გავაცანით, ავუხსენით - რატომ არის სასარგებლო თითოეული მათგანი. ახლა უკვე მზად ვართ, ახალ ეტაპზე და მასობრივ წარმოებაზე გადავიდეთ. გვინდა ჩვენი დიფები მასობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტებში გავიტანოთ. ასევე, სულ მალე, კინოსტუდიის ეზოში ჩვენი საკუთარი კაფე გვექნება პატარა ბაღით. იქვე კი - მცირე საწარმო, სადაც 15-მდე ადამიანი დასაქმდება.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

კომენტარები