24 ივნისი 13 წუთის საკითხავი
Joblink – “იპოვე შენი გუნდი”

თუ სამსახურს ეძებთ ან თქვენი კომპანიისთვის პროფესიონალი კადრის შერჩევა გინდათ, ამაში Joblink-ი დაგეხმარებათ. სტარტაპი ერთი წლის წინ ორმა მეგობარმა, გია გელაშვილმა და თამარ სიმონიამ დააფუძნეს და ამ დროის განმავლობაში 40-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი და დამსაქმებელი დააკავშირეს ერთმანეთს.

 

„საქართველოში, სამწუხაროდ, დასაქმების პროცესი არ არის სრულყოფილად განვითარებული. ერთი მხრივ, სამსახურის მაძიებლებმა არ იციან, სად და როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი ვაკანსიები, მეორე მხრივ კი ბაზარზე მოქმედი  დასაქმების სააგენტოების უმრავლესობა მომხმარებელს არ სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს,“ - ამბობს გია გელაშვილი, Joblink-ის დამფუძნებელი.

სწორედ ამ მიზეზებმა უბიძგა გია გელაშვილსა და მის მეგობრებს დაეფუძნებინათ Joblink-ი, კომპანია, რომელიც დასაქმების სფეროში მომხმარებელს განსხვავებულ  ხედვასა და მიდგომებს სთავაზობს.

 

პროცესი ასეთია: დამსაქმებელმა Joblink-ს მისთვის სასურველი კადრის პოვნისა და მოთხოვნების შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ამის შემდეგ კომპანია საკუთარ, მუდმივად განახლებად ბაზაში, რომელიც 20 000-მდე დასაქმების მსურველს აერთიანებს, ვაკანსიისთვის ყველაზე შესაფერის კადრების შერჩევას იწყებს. რეზიუმეების გადარჩევის შედეგ გასაუბრებაზე იბარებს  და უკვე შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს კომპანიასთან აკავშირებს. რადგან კადრის შერჩევის სისწორესა და სამომავლო წარმატებულ თანამშრომლობაში თავად Joblink-ი უნდა დარწმუნდეს, გასაუბრებას შესაბამისი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან.  Joblink-ის მიზანია, ისეთი კადრების შეარჩევა, სადაც ორივე მხარის, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მოთხოვნები და ინტერესები მაქსიმალურ თანხვედრაში იქნება.

 

როგორც გია გელაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, მომავალი თანამშრომლისა და კომპანიის ხედვა ეთიკური ღირებულებებების, სტანდარტებისა და კორპორაციული კულტურის მიმართულებით ერთმანეთს ემთხვეოდეს. სწორედ ამიტომ, Joblink ჯერ დამსაქმებელ კომპანიებს სწავლობს,  მათთან კონსულტაციებს გადის და დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ იწყებს კომპანიისთვის შესაფერისი კადრის მოძიებას.

„სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული გასაუბრებების ჩატარება და უკვე შერჩეული კადრების კომპანიასთან დაკავშირება არის ის მთავარი მახასიათებელი, რაც ბაზარზე უპირატესობას გვანიჭებს. გარდა ამისა, Joblink-ი დასაქმების მაძიებლებს არანაირ საკომისიო გადასახადს არ აკისრებს. ყველა მსურველს საკუთარი რეზიუმეს ატვირთვა ჩვენს ბაზაში სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია, შესაფერისი ვაკანსიის შემთხვევაში კი, ჩვენ მათ ვუკავშირდებით“, - ამბობს  სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ სიმონია.

 

ამ ეტაპზე Joblink-ი მცირე და საშაულო ზომის კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ. შესაბამისად, მოთხოვნა განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების კადრების მიმართ საკმაოდ დიდი და მზარდია. Joblink-ი მომსახურებას საქართვლოს რეგიონებში მოქმედ კომპანიებსა და რეგიონებში მცხოვრებ დასაქმების მსურველებსაც სთავაზობს.

 

ასე, რომ თუ სამსახურს, ან თქვენი კომპანიისთვის პროფესიონალ კადრს ეძებთ, ამაში Joblink-ი დაგეხმარებათ. კომპანია ერთი მხრივ პოზიციის შესაფერისი თანამშრომლის მოძიებაში, მეორე მხრივ კი საკუთარი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისი სამსახურის პოვნაში გაგიწევთ მხარდაჭერას.

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

 

 

კომენტარები