8 ივლისი 12 წუთის საკითხავი
ჯგუფი „ჯიგრები“ თქვენს სამუშაო სივრცეს ნახატებით აამეტყველებს

მომხმარებელთან ემოციური კომუნიკაცია რომ ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარია, ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა ადამიანმა იცის. მომხმარებელთან დადებითი ემოციური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, თქვენი სამუშაო სივრცე იყოს მაქსიმალურად მეტყველი და პოზიტიური. ასეთი სივრცე კლიენტებთან ურთიერთობისას, მისი მოზიდვის თვალსაზრისით, უდიდეს როლს ასრულებს. თუმცა, მსგავსი გარემოს შექმნა ადვილი საქმე არ არის.

სწორედ ამის შექმნაში დაგეხმარებათ ახალი, რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული კომპანია - „ჯიგრები“, რომელიც თქვენი შენობის შიდა და გარე სივრცის მოსახატად შესაფერის მხატვარს შეგირჩევთ და პროცესს მთლიანად თავის თავზე აიღებს, ანუ თავად მოგიგვარებთ ყველა ტექნიკურ თუ ბიუროკრატიულ დეტალს, დაწყებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, დამთავრებული საბუღალტრო საქმით.   

ასეთი სერვისის შექმნის იდეა, როგორც წარმატებული ბიზნესის იდეების უმრავლესობა, კომპანია „ჯიგრების“ დამფუძნებლებს, ნიკოლოს ბაძაღუას, ჯემალ კობალაძესა და ნიცა ბუხნიკაშვილს, პრაქტიკული პრობლემის გადაჭრის პროცესში გაუჩნდათ, როცა ერთ-ერთ მათგანს თავად დასჭირდა საცხოვრებელი ფართის მოხატვა:

 

„მანამდე არ მიფიქრია, რამდენ სირთულესთანაა დაკავშირებული ეს ამბავი. გარდა შინაარსობრივი მხარისა, რაც მხატვრული იდეის დამუშავებასა და მხატვრის შერჩევას გულისხმობს, ამას ახლავს უამრავი ტექნიკური პრობლემა, დაწყებული ბიუჯეტის შედგენიდან, დამთავრებული მასალის მოძიება-შეძენით. შესაბამისად, ორივე მხარეს, დამკვეთსაც და, განსაკუთრებით მხატვარს, უჭირთ ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა და მოკლე დროში ხარისხიანი შედეგის მიღწევა. ჩვენი იდეა სწორედ ამ პროცესის გამარტივება და ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც გააადვილებს ურთიერთობას დამკვეთსა და მხატვარს შორის,“ - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბაძაღუა.

პლატფორმა „ჯიგრები“ წარმატებით თანამშრომლობს საგანგებოდ შერჩეულ მხატვრებთან, რომელთა შორისაც არიან როგორც პროფესიონალი ხელოვანები, ასევე დამწყები მხატვრები, რომლებმაც ესესაა დაამთავრეს აკადემია და მზად არიან, თქვენი გემოვნების გათვალისწინებით მოხატონ თქვენი სამუშაო სივრცის კედლები.

 

გუნდი აქტიურად მონაწილეობს სააქცელერაციო პროგრამებში, როგორიცაა Venture Elevator, Creative Business Cup Georgia, Creative Startups, Yes Georgia, რაც, ნიკოლოზ ბაძაღუას თქმით, კომპანიას ეხმარება საინტერესო კოლეგებთან კონტაქტების დამყარებაში, ქართველი და უცხოელი მენტორების პოვნასა და მათთან ერთად ახალი, დახვეწილი ბიზნესმოდელის შექმნაში.

სამომავლოდ, „ჯიგრების“ მიზანი სწორედ ახალი მოდელის - ერთიანი სრულყოფილი ციფრული პლატფორმის შექმნაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, ყველა დაკვეთისთვის საჭირო პროცედურა ინტერნეტის საშუალებით შეასრულოს, დაუკვეთოს კომპანიას ნებისმიერი სივრცის მოხატვა, დაზოგოს კიდევ უფრო მეტი დრო და რესურსი და შედეგად მიიღოს მაღალკვალიფიციური მომსახურება. თავად დამფუძნებლებს კი ასეთი პლატფორმა საშუალებას მისცემს, თავიანთი მომსახურება უკვე მეზობელ ქვეყნებს შესთავაზონ, რაც, ერთი მხრივ, კოპანიას გააფართოვებას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები