10 ივნისი 13 წუთის საკითხავი
ინვენტორი - სტარტაპი, რომელიც ავტონაწილების მოძიებაში დაგეხმარებათ

თუ ავტომობილი გაგიფუჭდათ და მის შესაკეთებლად საჭირო ავტონაწილების მოძებნისა და  შეძენისთვის ე.წ. „დაშლილებში“ და ბაზრობაზე სიარულისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ,  „ინვენტორი“  სწორედ თქვენთვის შეიქმნა.

 

სტარტაპი, რომელიც სამმა მეგობარმა ოთხი თვის წინ დააფუძნა, მომხმარებელს ავტომობილების ახალი და მეორადი ნაწილების მოძიების სერვისს სთავაზობს. პროცესი ძალიან მარტივია - თქვენთვის საჭირო ავტონაწილის შესახებ ინვენტორს ფბ-ის გვერდზე, შეტყობინებაში უნდა მიწეროთ ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 596 73 30 00. სტარტაპერები თქვენთვის საჭირო ავტონაწილს 15-20 წუთში მოძებნიან და მას ყველაზე დაბალ ფასად, თქვენთვის სასურველ ადგილზე მოგაწვდიან.

„იდეა რამდენიმე თვის წინ სპონტანურად გაგვიჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს მანქანა გაუფუჭდა და საჭირო ავტონაწილის საყიდლად „დაშლილებში“ მოგვიწია წასვლა. საკმაოდ ცუდი გამოცდილება მივიღეთ.  უამრავი დრო დაგვეხარჯა და სასურველი ნაწილი მაინც ვერ ვიშოვეთ. ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა არსებობდეს ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს მსგავსი ტიპის უსიამოვნებებს თავიდან აარიდებს და საჭირო ავტონაწილს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მისთვის სასურველ ადგილზე მიუტანს“, -  ამბობს  თორნიკე ყიფიანი, „ინვენტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

ასე შეიქმნა „ინვენტორი“, ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მეორადი და ახალი ავტონაწილების მოძიებისა და მოწოდების სრულ სერვისს სთავაზობს -  გარანტიისა და განვადების ჩათვლით. ამისათვის კი, მომხმარებელს არც ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და  არც სახლიდან გასვლა არ სჭირდება.

 

„მას შემდეგ რაც შეტყობინება შემოგვდის, ჩვენ მაშინვე ვიწყებთ კონკრეტული ნაწილის მოძიებას. გვაქვს ძალიან სრულყოფილი ბაზა, რომელზეც მუშაობას დაახლოებით 4 თვე მოვანდომეთ. ამ ეტაპზე 1500-ზე მეტ მომწოდებელთან ვთანამშრომლობთ, რომლებთანაც ვამოწმებთ საჭირო ავტონაწილს და მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად“.

როგორც ინვენტორის დამფუძნებლები ამბობენ, მომსახურებას ისინი მომხმარებელს ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე სთავაზობენ. დამატებითი საფასური მხოლოდ კურიერის მომსახურებაა, რომელიც თქვენთვის საჭირო ნაწილს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ.

 

„ჩვენი დევიზია -  არანაირი საკომისიო ჩვენს მომხმარებელს.  ნებისმიერ ნაწილს, რომლის საჭირობა ჩვენს მომხმარებელს აქვს, ვამოწმებთ ბაზაში. რომელი მომწოდებელიც უფრო ხელსაყრელ ფასად შემოგვთავაზებს აღნიშნულ ნაწილს, სწორედ მას ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავზოგოთ  მომხმარებლის ფინანსური და დროის რესურსი და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მას“,  - ამბობს თორნიკე.

„ინვენტორის“ მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დამფუძნებლების მოლოდინსაც კი გადააჭარბა. აქედან გამომდინარე,  გუნდის სამომავლო გეგმებიც საკმაოდ ამბიციური გახდა. „ინვენტორის“ დამფუძნებლები უახლოეს მომავალში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავენ. შესაბამისად, ახალი კადრების  მოძიებაზე აქტურად მუშაობენ. გარდა ამისა, „ინვენტორი“ უახლოეს მომავალში  მომხმარებელს არაერთ  საინტერესო სიახლესა და სერვისს შესთავაზებს.

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები