23 მაისი 13 წუთის საკითხავი
„ფიგურა“ - ტანსაცმლით გამოხატული სათქმელი

არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრითაც, ყველანაირ საქმეს უნდა ჰქონდეს კარგად გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული მოტივი და მიზანი. ეს საქმის წარმატებულად წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. ყველა საქმის უკან უნდა იდგეს ადამიანი, რომელსაც აქვს ახალი, საინტერესო სათქმელი, რაც მის პოზიციასთან ერთად, სხვებისთვის მნიშვნელოვან მესიჯსაც გამოხატავს. ამ მოტივით დაიწყეს მათთვის საინტერესო საქმის კეთება დედა-შვილმა - ირინა და ნინი კენჭაძეებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ტანსაცმელი ადამინის ცხოვრებაში იმაზე დიდ როლს ასრულებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„ფიგურა“ ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც დედა-შვილმა ერთი წლის წინ დაარსა. მისი მთავარი მიზანია შეკეროს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ოდნავ მაინც შეცვლის, გაალამაზებს, განსხვავებული სათქმელს შესძენს,  ახალი შინაარსით დატვირთავს. ინსპირაცია, როგორც პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ნინი კენჭაძე ამბობს, ძირითადად მხატვრობიდან მოდის: „სწორედ ამიტომ, ეს ბრენდი აერთიანებს თითქმის ყველანაირ სტილს, ავანგარდიდან კლასიკურამდე. „ფიგურას“ მიერ შექმნილ სამოსში ხშირად ამოიცნობთ კუბისტურ და პოსტმოდერნისტულ ელემენტებს.“


რა განასხვავებს ფიგურას სხვა ქართული ბრენდებისგან?


„პირველ რიგში ის, რომ აქ შექმნილი მოდელები უნიკალურია, ანუ „ფიგურას“ კოლექციაში ვერ იპოვნით ორ ერთნაირ მოდელს, რაც ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდა ამისა, ჩვენთან ყველაფერი ხელით კეთდება დაწყებული ბლანდით, დამთავრებული გვირისტით. ხარისხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ყველანაირ ქსოვილს ამის მიხედვით ვარჩევთ. და კიდევ ერთი კომპონენტი - ჩვენი პროდუქციის ფასები ძალიან ხელმისაწვდომია სხვა ბრენდებთან შედარებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ყველა მოდელი უნიკალურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს ჩვენი პროდუქციის ყიდვა,“ - ამბობს ნინი კენჭაძე.


აზრის, პოზიციის, სათქმელის გამოხატვა რომ ტანსაცმლითაც კარგად შეიძლება, ამაზე ფიქრი ნინიმ ბავშვობაშივე დაიწყო, როცა პროფესიით მხატვარი დედა მისთვის ყველასგან გამორჩეულ ტანსაცმელს კერავდა. ჩაცმას ნინისთვის ყოველთვის ჰქონდა  განსაკუთრებული დატვირთვა, რაც მას სხვებისგან განასხვავებდა და რაც საერთო, დამკვიდრებულ კლიშეებს უპირისპირდებოდა. „ფიგურას“ დაარსების მთავარი მიზანიც სწორედ ზოგად, ფერებისგან დაცლილ ფონში ახალი, ფერადი შტრიხების შეტანა და ამით თავისუფლებისკენ, სილაღისკენ სწრაფვის მოწოდებაა.

„ეს არ არის ადვილი, რადგან ჩვენ მაინც ერთფეროვნებას და სტერეოტიპებს შეჩვეული ხალხი ვართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ ამ მიმართულებით. ახლა უკვე გვყავს მუდმივი მომხმარებელი, რომელიც ყველანაირ სამოსს ჩვენთან არჩევს ან იკერავს. სულ უფრო მეტი ადამიანი ბედავს თავის ჩაცმულობაში ახალი, ექსტრავაგანტული დეტალების შეტანას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავისუფლების სურვილი ადამიანებში დიდია,“- ამბობს ნინი.


„ფიგურა“ სამომავლოდ კოლექციის გაფართოებას, უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას, მკერავი კონსტრუქტორის აყვანას და უკვე არსებულ სტენდთან ერთად,  მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. ერთი წლის დაუღალავი შრომითა და მცდელობებით მიღწეული შედეგი დედა-შვილს დაწყებული საქმის მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოებისა და ზოგადი ფონის ახალი ფერებითა და ხასიათით შევსებისკენ უბიძგებს.

კომენტარები