23 სექტემბერი 21 წუთის საკითხავი
უწყვეტი მოძრაობა მომავლისკენ

ყველა ადამიანი რაღაცისკენ მოძრაობს. მოძრაობის მიზანი ან გაცნობიერებული და კონკრეტულია, ან გაუცნობიერებელი და ბუნდოვანი. თუმცა, არის შემთხვევები, როცა უხილავი, გაუცნობიერებელი მიზანი მოძრაობის პროცესში იკვეთება, ხილული, რეალური ხდება და მისკენ მიმავალი ადამიანიც რწმუნდება, სწორად მიჰყვა ინტუიციას, რომ ყოველთვის უნდა ენდო იმას, რასაც შინაგანი ხმა გკარნახობს. ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები ეჭიდებიან ყველაზე რთულ საქმეებს, არ უშინდებიან სირთულეებს, რადგან ინტუიცია კარნახობთ - ვიდრე ცოცხალი ხარ, ყოველთვის შეძლებ ძალების მოკრებას და რაღაცის შეცვლას. ვიდრე ცოცხალი ხარ - უნდა იმოძრაო.

ასე დაიწყო მოძრაობა დავით რიკიაშვილმა ოცი წლის წინ, როდესაც პირველ პროფესიას გადაუხვია და იმ დროისათვის უცხო ფენომენით - კომპიუტერით დაინტერესდა. დღეს უკვე იუმორით ყვება იმ დროზე, როცა საქართველოში პირველად გაჩენილ კომპიუტერს და ინტერნეტს ადამიანები შიშით უყურებდნენ. თუკი დღეს მათ გარეშე ცხოვრება ძნელი წარმოსადგენია, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ კაცობრიობის ისტორიის ეს უდიდესი გამოწვევა საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილისთვის უნდობლობისა და გაუცხოების წყარო იყო და ცოტას თუ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ ძირეულად შეცვლიდა ჩვენს ყოველდღიურობას და ცნობიერებას კომპიუტერი და ინტერნეტი. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა და ირწმუნა დავით რიკიაშვილმა ეს „უცხო ძალა“, მიჰყვა ინტუიციას და დაიწყო სიარული იმ უცნაური ინტერესისკენ, რასაც დიჯიტალური სამყარო ჰქვია.

„ჩემი პირველი პროფესია საერთაშორისო ურთიერთობებია. ეს არ იყო უინტერესო საქმე, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ სხვა რამ მაინტერესებდა. განსაკუთრებული ვიზუალური აღქმა მქონდა და ეს სფერო - ვიზუალი მიზიდავდა. თავიდან ჩემთვის ვმუშაობდი, ქაღალდზე გადმომქონდა ფანტაზია. შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმე კომპიუტერით უნდა მეცადა. ოცი წლის წინ მოხდა ეს.  გავყიდე სახლი და ვიყიდე პირველი კომპიუტერი - პენტიუმ 1. მაშინ ეს წარმოუდგენელი და ბევრისთვის არასერიოზული ნაბიჯი იყო, არავის ესმოდა, რას ვაკეთებდი. იმ დღიდან კომპიუტერი ჩემი მთავარი ხელსაწყოა,“ - ყვება მარკეტინგული კომპანია CONNECT-ის გენერალური დირექტორი, დავით რიკიაშვილი.

 

კომპიუტერით გაკეთებული პირველი პროექტი, სარეკლამო ტიხარი, დავითმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას აჩუქა, რის შემდეგაც, პროდუქტით აღფრთოვანებულმა დირექციამ მას ტელეკომპანიაში მუშაობა შესთავაზა. ამას მოჰყვა სხვა რამდენიმე ტელევიზიაც.

 

„უკვე კარგად ვიცოდი, რა მინდოდა და რას ვაკეთებდი -კომპიუტერული გრაფიკა.  მეორე, რაც მე და ჩემმა ძმამ ბინის შემდეგ გავყიდეთ, ახლა უკვე კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების შესაძენად, პიანინო იყო. შინ მოსულ მამაჩემს, რომელმაც იკითხა, პიანინო სად არისო, ხელისგულზე მოთავსებული პატარა პლატა ვაჩვენე. რა თქმა უნდა, რთული იყო მისთვის ამის გაგება. იმ თაობისთვის კომპიუტერი უცხო და არასერიოზული რამ იყო.“

 

ამას მოჰყვა რუსთავი 2-სთვის შექმნილი პირველი საინფორმაციო პლატფორმა და გამოცდილება რამდენიმე კრეატიულ სააგენტოში, რის შემდეგაც საქმეში დახელოვნებული დავითი მიხვდა, რომ დამოუკიდებლად მუშაობა გაცილებით კომფორტული და მომგებიანი იქნებოდა, ამიტომ სამსახურიდან წამოვიდა და პროექტების მომზადება კერძო დამკვეთებისთვის დაიწყო.

2007 წელს დავითმა მეგობართან, სანდრო ოტიაშვილთან ერთად საკუთარი მარკეტინგული კომპანია CONNECT -ი დააარსა. იმ დღიდან მოყოლებული, „კონექტი“ მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ის სივრცეა, სადაც არ არსებობს სოციალური სტატუსი, სადაც მთავარი ღირებულება ფიქრი, მოძრაობა და დროის უახლესი გამოწვევების მიღება-გადალახვაა.

 

დღეს „კონექტი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც კლიენტებს სრულ მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს. მარკეტინგი, ვებდიზაინი, ვებდეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ვიდეო პროდაქშენი, ვებ ჰოსტინგი, სოციალური მედიის მართვა - ის სფეროებია, რომელშიც „კონექტის“ 25 კაციანი ჯგუფი მომსახურებას სთავაზობს, როგორც მსხვილ ორგანიზაციებს, ასევე სტარტაპებსაც.

 

სხვადასხვა გამოცდილების, განათლების, გემოვნების მქონე ადამიანთა ჯგუფთან წლებია, თანამშრომლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა თბილისის ფოტო ფესტივალი, JTI, ტვ პირველი, GIZ, HUECK, BUISNESS MEDIA GEORGIA, სანტა, BIA, ევექსი ჯგუფი, ბორჯომი.

 

„იდეა, ვიდრე სრულყოფილ ფორმად იქცევა, ჩვენთან გადის არაერთ ეტაპს, რასაც საბოლოოდ მოაქვს სასურველი შედეგი. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მთავარი საქმეში არის ხარისხი და არა რაოდენობა. ახლაც მივყვები შინაგან ხმას და არ ვღალატობ პრიორიტეტს - ხარისხი ყველაფრის ფასად.“ - ამბობს დავით რიკიაშვილი.

 

თიბისი „კონექტის“ ჯგუფთან რამდენიმე წელია, წარმატებით თანამშრომლობს. 2018 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებული კომპანიებისთვის - სანტა, თი-ერ-სი, Ecotours Georgia, გეფერინი - „კონექტმა“ თიბისისთან პარტნიორობის საფუძველზე ვებ-გვერდები შექმნა.

„კონექტის“ საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ თუკი მოძრაობის მიზანი მომავლისკენ სწრაფვაა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ყველაზე კეთილშობილური ზრახვებით ერთიანდებიან, ღირსეულად ხვდებიან დროის ყოველ გამოწვევას და ნებისმიერი დაბრკოლების ფასად გზას უკაფავენ შემდეგ თაობებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები