6 დეკემბერი 53 წუთის საკითხავი
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები

ბიზნესდაჯილდოების ფინალამდე სულ ცოტა დრო რჩება. 17 დეკემბერს ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებულები კომპანიები  გამოვლინდებიან. გამარჯვებისთვის კი, ის 15 საუკეთესო ბიზნესი იბრძვის, რომლების ჟიურიმ ფინალისტებად დაასახელა.

 

დღევანდელ ბლოგში თითოეულ მათგანს ნომინაციების მიხედვით გაგაცნობთ.

 

საუკეთესო სტარტაპის შექმისთვის: Phubber, Profy და Tripcars. სამივე მათგანი ონლაინ კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქციას სთავაზობს.

Phubber-ი მობილური აპლიკაციაა, მარკეტფლეისის და სოციალური ქსელის მიქსი,  რომლის  მიზანია ყველა გარდერობი ონლაინ ბუტიკად გადააქციოს. აპლიკაცია ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი ონლაინ მაღაზია რამდენიმე წამში გახსნან. ონლაინ მაღაზიას აქვს  მარტივი და მოქნილი ინტერფეისი, ინტეგრირებული და უსაფრთხო განვადებისა და გადახდების სისტემა, უფასო მიტანის სერვისი თბილისსა და რეგიონებში. Phubber-ს 6 თვეში 30,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და 3,000-ზე მეტი  წარმატებით დასრულებული ტრანზაქცია აქვს.

 

სულ მალე Phubber-ი საერთაშორისო ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი. ამაში მას ინოვაციების სააგენტოს 100,000 ლარიანი გრანტი დაეხმარება. სტარტაპის დამფუძნებლები კი მალე USAID-ის დახმარებით, აშშ-ში, სილიკონ ველიში, ერთ თვიან აქსელერატორში მიემგზავრებიან.  

 

Profy - ეს არის ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფრომა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სერვისს და შესასრულებელ სამუშაოს, რის შემდეგაც ალგორითმი მას სთავაზობს სერვისის მიმწოდებლების სიას, სადაც ნაჩვენებია ოსტატის რეიტინგი, წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი და სამუშაოს ფასი. Profy ხელმისაწვდომია, როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახით.

 

Tripcars.com მანქანების გაქირავების P2P პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ავტომობილები დღიურად გაქირავების მიზნით განათავსონ. ერთი მხრივ, პლატფორმა მოქალაქეებს ეხმარება მიიღონ დამატებითი შემოსავალი კუთვნილი ავტომობილებით, მეორე მხრივ, ბაზარზე ტრანსპორტირების ახალ საშუალებას აჩენს. პლატფორმა 2019 წლის ივლისიდან დღემდე 100-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. განთავსებული ავტომობილების რაოდენობა კი დღითი-დღე იზრდება. დღეის მდგომარეობით, პლატფორმაზე 350-ზე მეტი ავტომობილია ხელმისაწვდომი.

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის: „მიკროგრინი“, „ვანდერლენდი“ და VIP Secretary.

 

„მიკროგრინი“ არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში, სადაც მოჰყავთ 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი, რომლითაც ამარაგებენ საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს. მიკროგრინმა დანერგა სრულებით ახალი, თუმცა მარტივი ანაზღაურების სქემა, რომლის მიხედვითაც, თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება, პირდაპირპროპორციულად მიება კომპანიის ბრუნვას და ყველა თანამშრომელს მიეცა თავისუფალი გრაფიკი. ამ სქემას დაექვემდებარა როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე ყველა სხვა დასაქმებული (წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები, დამლაგებლები ა.შ.). ცვლილების შედეგად, ადამიანებმა თავი იგრძნეს არა როგორც დასაქმებულებად, არამედ როგორც მცირე მეწარმეებაად. შედეგად კომპანიის გაყიდვები და წარმოება 200% -ით.

 

ტურისტული კომპანია „ვანდერლენდი“ 2007 წელს დაარსდა და პირველი თანამშრომლები დღემდე მუშაობენ კომპანიაში, რაც წარმატების ერთ ერთ მთავარ მიზეზად მიაჩნიათ. „ვანდერლენდი“ თანამშრომლებს მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის: მოსასვენებელი ადგილები ოფისში, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო, ხარისხიანი ტექნიკა, ორთოპედული სავარძლები, ოფისის დიზაინი, რომელიც თითოეული თანამშრომლის იდეით, გემოვნებით და ინიციატივით შეიქმნა. „ვანდერლენდი“ ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე, აწყობს მათთვის რეგულარულ საინფორმაციო ტურებს საქართველოში და საზღვარგარეთ, ტრენინგებს და სემინარებს, საჭიროების შემთხვევაში, უფინანსებს უცხო ენის შესწავლის 1 წლიან აბონიმენტს, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ თიმბილდინგს საქართველოში ან საზღვარგარეთ. აქ ამბობენ, რომ „ვანდერლენდი“ ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთნაირად ზრუნავენ ოჯახის წევრებზე.

 

VIP Secretary 2012 წელს, ერთი ადამიანის მიერ დაარსებული კომანიაა, რომელიც ადამიანებს მომსახურებას სთავაზობს შემდეგ სფეროებში: ბუღალტერია, მენეჯმენტი, რეპორტინგი, კონსულტაცია რეესტრის შესახებ, ძველი პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა, იურიდიული კონსულტაცია. VIP Secretary-ის სამუშაო საათები 10-იდან 4 საათამდე დროს ითვალისწინებს, 35 წუთიანი შესვენებით. ხუთშაბათი და შაბათ-კვირა დასვენების დღეებია, რომლებსაც, ძირითადად, თვითგანვითარებისთვის იყენებენსწავლისგან თავისუფალი დრო კი მთლიანად მათ განკარგულებაშია. ზამთარში და ზაფხულში კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასვენებას მაღალი კლასის სასტუმროში. თითქმის ყველა დღესასწაულზე დირექტორი კოლეგებისთვის ამზადებს საჩუქრებს. ოჯახის შექმნისთვის კომპანია თანამშრომელს 200 ლარიან, შვილის გაჩენისთვის კი 500 ლარიან პრემიას გადასცემს. მთავარი მოტივაცია კი მაინც ხელფასია, რომელიც 2500-3000 ლარს შეადგენს.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის plasticwatcher.ge, სოციალური საწარმო დადარი და ნატა ბუაჩიძის სტუდია

 

მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება ამ რაოდენობის მხოლოდ 9%-ი. საქართველოდან ამ 9%-ში თავისი წვლილის შეტანას Plastic Watcher ცდილობს. იგი მეორადი პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ, გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთებს, რომლებსაც თავადაც ხმარობს, სხვასაც უზიარებს და საქართველოს საზღვრებსაც სცდება. Plastic Watcher – ის მიზანია, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, მათში ქცევის ცვლილების გამოწვევა, პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღება. ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე არის ის, რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების შექმნის ამ კონკრეტულ ძალისხმევას.

 

სოციალური საწარმო „დადარი“ წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარ ერთიან გუნდს, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს. გუნდის სოციალური მისიაა, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებაში გადაამზადონ და დაასაქმონ განსაკუთრებული საჭიროებების, ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირები, რაც მათ აძლევთ შანსს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას. „დადარი“ 2018 წელს დაარსდა და წელიწადნახევრის განმავლობაში მან შეძლო ჩამოეყალიბებინა გუნდი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ხის სათამაშოებს. ამ დროის განმავლობაში მათ გადაამზადეს 9 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი. „დადარის“ გუნდი დღეს 11 ადამიანისგან შედგება და შემოსავლების 100%-ს წარმოებული პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხა წარმოადგენს. „დადარი“ ცდილობს ყოველდიური საქმიანობით დაამტკიცოს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

 

„ნატა ბუაჩიძის სტუდიაში“ თავდაპირველად ყველაფერი თამაშით და დიდი სურვილით დაიწყო, რომ ბავშვებისთვის სწავლის პროცესი გამხდარიყო ბედნიერება. შემდეგ კომპანია დარეგისტრირდა და შეიქმნა თავისუფალი სივრცე, სადაც სწავლება მიმდინარეობს ლაღად, მხიარულად და თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. სწავლის პროცესში მოსწავლეების თვითშეფასება, პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება სწავლისადმი საგრძნობლად იზრდება. დღეს სტუდიაში 500-მდე მოსწავლეა, 50-მდე ჯგუფი, 23 საგანი და 20 მასწავლებელია. აღსანიშნავია, რომ სტუდია უკვე 21 წელია ზრუნავს თაობების აღზრდაზე. სტუდია 2018 და 2019 წლებში მიწვეული იყო TAF-ზე მასტერკლასების ჩასატარებლად, ასევე, მონაწილეობდა სკოლების გამოფენაზე პროგრამის წარდგენით, ვორქშოპებით და ლექციებით. წელს სტუდია საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. ნატა ბუაჩიძის სტუდია მიწვეულია ესტონეთის ხელოვნების სკოლების ასოციაციის ‘Eisti Kunstikoolide Litt’ მიერ მასწავლებლებისთვის მასტერკლასების ჩასატარებლად.

 

საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის - ველი, Optio Ai და CCLA

„ველი“ ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მოწინავე შესაძლებლობების მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, როგორც ოპერაციების ავტომატიზაციაში ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში. კომპანიის მიზანია ყველა შენობა (იქნება ეს ბიზნეს დაწესებულება, საცხოვრებელი სახლი, ქარხანა, სათბური და სხვ.) გახადოს ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც გულისხმობს ველის სენსორებისა და მოწყობილობების მარტივ ინსტალაციას. შედეგად მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ინფორმაციის ანალიზით იღებს ეფექტურ და სწორ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების გარემოს გასაუმჯობესებლად, ქმნის უსაფრთხო, კომფორტულ და გონივრულ სივრცეს.  

 

Optio Ai

 

ხარჯვითი ქცევის ანალიზი ბანკებს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებლების მოთხოვნების სწორად შესწავლაში. თუმცა, ტექნოლოგია, რისი საშუალებითაც კლიენტების ტრანზაქციების კლასიფიკაციას ახდენენ მოძველებულია და არაზუსტი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა Optio Discovery რომელიც ეხმარება ბანკებს ფინანსური ტრანზქციების კატეგორიზაციაში და მონაცემების გამდიდრებაში. არსებული მოძველებული მიდგომის ნაცვლად (MCC) Optio იყენებს „მერჩანტების“ დასახელებებს რაც ანალიზისას მინიმუმადე ამცირებს შეცდომის ალბათობას და ბანკს საშუალებას აძლევს ხარჯვით კატეგორიასთან ერთად კონკრეტული მერჩანტის დონეზე შეისწავლოს მომხმარებელების ქცევა. Optio Ai ასევე აანალიზებს გადარიცხვებს, სადაც ტექსტის ანალიზის ალგორითმების საშუალებით (NLP) ტრანზაქციის დანიშნულების შესაბამისად ანიჭებს კატეგორიას გადარიცხვას.

 

CCLA - იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოა. სააგენტომ შექმნა პროდუქტი - ლობოტი, რომელიც არის პირველი ქართველი იურისტი ბოტი. პროდუქტი გამორჩეულია იმდენად, რამდენადაც, იურიდიული სერვისები, ზოგადად, კონსერვატიულ მიმართულებად მიიჩნევა. ამდენად, ამ სფეროში, ახალი ტექნოლოგიური კომპონენტის შემოტანა მნიშვნელოვანი სიახლე იყო ქართულ ბაზარზე. სააგენტო მიზნად ისახავს, ტრადიციული იურიდიული სერვისების გათანამედროვებას, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ CCLA პირველი და ერთადერთია საქართველოში, რომელიც საქმიანობის აღსაწერად იყენებს ტერმინს - სააგენტო. ეს სიტყვა კარგად გამოხატავს კომპანიის დამოკიდებულებას სიახლეებისადმი, ინოვაციებისადმი. გარდა ლობოტი-ს შექმნისა, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამართლისა და ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენებით შექმნას თანამედროვე საშუალებები იურიდიული სერვისების გაუმჯობესებისათვის.

 

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის სამოსელი პირველი, ალაზნის თავი და Soplidan.ge

კომპანია „სამოსელი პირველი” 2008 წელს დაარსდა და ის პირველი კომპანიაა, რომელმაც შეისწავლა, გამოიკვლია და აღადგინა ძველი ტრადიციული ქართული სამოსი, როგორც ქალის ასევე მამაკაცის და ბავშვის. მას შემდეგ რაც „სამოსელი პირველის“ მაღაზია გაიხსნა, ქართველებმა აქტიურად დაიწყეს ტრადიციული ქართული ტანსაცმლის მოხმარება. კომპანიის მთავარი მიზანია აღადგინოს მივიწყებული, შექმნას ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსი, მოარგოს ის დღევანდელობას, ისე, რომ სამოსს არ დაეკარგოს ძველი იერსახე და სინატიფე. ბოლო წლებში ქართული სამოსის მიმართ დიდმა ინტერესმა „სამოსელ პირველს“ უბიძგა შეესწავლა კავკასიური სამოსი და დაეწყო მისი წარმოება.

 

ალაზნის თავი

 

„ალაზნის“ თავი თუშური "გუდის" რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს: ცხვრის, ძროხის, შერეული, ჩოგი. ევროკავშირის გრანტით თუშეთში საწარმო ააშენეს, მიღებული აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან აღიარების სერთიფიკატი, ხარისხის ნიშანი - "დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა". გუდის ყველის დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე სუპერმარკეტებში ხდება - "გუდვილი", "ევროპროდუქტი", "ფრესკო", "კარფური", "ნიკორა", "8000 მოსავალი", "კოპალა", "ფრომაჟერი" და ა.შ. „ალაზნის თავის“ პროდუქცია ექსპორტზე სამ ქვეყანაში გადის - აშშ, რუსეთი, დუბაი. საწარმო ერთადერთია, სადაც გუდაში და არა პოლიეთილენში, თანამედროვე სტანდარტების დაცვით იწარმოება ყველი.

 

2017 წელს იტალიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენაში, გუდამ 300 მონაწილეს შორის, საუკეთესო ნაწარმის პრიზი მოიპოვა. კომპანია მუშაობს „ყველის სახლის“ პროექტზე ალვანში, სადაც თანამედროვე პირობებში შეინახება და დაფასოვდება ყველი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი, სადაც ჩატარდება კონფერენციები, სხვადასხვა აქტივობები გუდასთან დაკავშირებით.

 

soplidan.ge

 

ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონალინ შეძენის შესაძლებლობას. ბიზნესი ფერმერებს საშუალებას აძლევს მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ბაზრის, ინტერნეტის საშუალებით გაყიდოს პროდუქტი. soplidan.ge-ს მომხმარებელთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ის იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც ქართული სოფლის პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით დაიწყო. soplidan.ge ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს ფერმერსა და ქალაქის მაცხოვრებელს შორის და ამარტივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, როგორც შეძენას, ისე გაყიდვას. პლატფორმა ფერმერებს შესაძლებლობას სთავაზობს იფიქრონ ბიო წარმოებაზე, აძლევს მათ მიმართულებას, როგორ მიიღონ უფრო ხარისხიანი პროდუქტი და თან ფინანსური სარგებელი. რადგან soplidan.ge მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს ახორციელებს, ცდილობს პროდუქტთან შეხების დეფიციტი მომხმარებელს კომუნიკაციით შეუვსოს - უყვება მომხმარებელს პროდუქტის შექმნის, მისი ფერმერის ისტორიას.

 

კომენტარები