5 ივნისი 30 წუთის საკითხავი
პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესის სამსახურში

უკვე 6 თვეა, რაც იურისტმა და ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო და CONTRACTS.GE-ს ვებ-პლატფორმაზე ჭკვიანი კიბერ-იურისტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ისეთი იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, როგორიცაა ხელშეკრულებები, მინდობილობები, შეთანხმებები, სამეწარმეო თუ სასამართლო დოკუმენტები და სხვა.

 

ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად შექმნილია იურიდიული ჩანაწერების ბანკი (LEGAL BANK), სადაც დღეისათვის 6000-მდე იურიდიული ჩანაწერია თავმოყრილი, რაც ჭკვიან კიბერ-იურისტს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთან ციფრული ინტერვიუს გზით, ასევე LEGAL BANK-იდან შესაფერისი პუნქტების შერჩევით და მათი კომბინაციით,  კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული იურიდიული დოკუმენტი მოამზადოს. ამასთან, CONTRACTS.GE-ს ჭკვიანი კიბერ-იურისტი, მისი ანალოგებისგან განსხვავებით, არ იყენებს ე.წ. შაბლონებს, ყველა დოკუმენტის მომზადებას იწყებს სუფთა ფურცლიდან, რაც საშუალებას აძლევს, შინაარსობრივი თვალსაზრისით არ შეიზღუდოს და ყველა მომხმარებელს კონკრეტულად მასზე, მის ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი მოუმზადოს.

პროგრამული უზრუნველყოფის 80% უკვე დასრულებულია და სექტებრამდე პროგრამის პირველი ვერსია მზად იქნება.

 

ეს ინოვაციური იდეა თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და საპრიზო ფონდიდან 15 000 ლარი მიიღო. სწორედ ამ თანხით დაიწყეს იდეის ავტორებმა მისი განხორციელება, თუმცა პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მის დეველოპმენტს გაცილებით მეტი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდა.

 

„რომ არა თიბისის კონკურსში გამარჯვება, ამ პროექტის დაწყება საკმაო ხნით გადაიდებოდა. თიბისის ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს კონკურსის დასრულების შემდგომაც, რაც პროექტის მუდმივ ინტელექტუალურ მხარდაჭერაში გამოიხატება.  კიბერ-იურისტს თითქმის ყველა სახის იურიდიული დოკუმენტის შედგენა შეეძლება და ეს არეალი პერიოდულად გაფართოვდება. CONTRACTS.GE-ს ჭკვიანი კიბერ-იურისტი მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში გაესაუბრება, დაუსვამს შეკითხებს, მიღებული პასუხების გათვალისწინებით განსაზღვრავს მის საჭიროებას და LEGAL BANK-ში დაცული ჩანაწერების საფუძველზე მოუმზადებს სრულფასოვან იურიდიულ დოკუმენტს (საჭიროების შემთხვევაში უცხო ენაზეც, სულ რაღაც ერთი კლიკით). დოკუმენტის გენერირების პროცესი ხდება პარალელურად, როგორც კი მომხმარებელსა და კიბერ-იურისტს შორის გასაუბრება მთავრდება, დოკუმენტი მზად არის ხელმოსაწერად,“ - გვიყვება ლევან გორელაშვილი.

 

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა - რამდენად სანდოა სოფტვეარის მიერ შექმნილი დოკუმენტი? ამაზე ლევან გორელაშვილი პასუხობს: „იგი, პროფესიული თვალსაზრისით, გაცილებით უნარიანი იქნება, ვიდრე ცალკე აღებული ერთი, თუნდაც საკმაოდ კვალიფიციური იურისტი“.

 

პროცესის ავტომატიზება შეცდომას გამორიცხავს, თუმცა შესაძლებელია იურისტის დახმარება მხოლოდ იმ ნაწილში გახდეს დამატებით საჭირო, რომლის შესახებაც კიბერ-იურისტს გასაუბრებისას შეკითხვა არ დაუსვამს (იგულისხმება კომპლექსური და არასტანდარტული შემთხვევები). მომხმარებელი რომ ბოლომდე დაარწმუნონ, იდეის ავტორები CONTRACTS.GE-ს ჭკვიანი კიბერ-იურისტის პროფესიულ პასუხისმგებლობას თიბისიში დააზღვევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კიბერ-იურისტის მიერ მომზადებული დოკუმენტი არაკვალიფიციური, კანონშეუსაბამო ან არასრულყოფილი აღმოჩნდა (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია) და ამით ზიანი მიაყენა მომხმარებელს, ეს ზიანი სრულად ანაზღაურდება.

 

კიბერ-იურისტის გამოყენება ყველას შეეძლება. პირველ რიგში კი ის საქმეს იურისტებს გაუმარტივებს და დროსაც დაუზოგავს. „ის იურისტისთვის დაახლოებით იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც კალკულატორი ასრულებს ფინანსისტისთვის“ - ამბობს ლევან გორელაშვილი.

 

ლევან გორელაშვილი ფიქრობს, რომ CONTRACTS.GE  მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს საქმეს ბიზნესმენებს, რომლებსაც იურიდიული დოკუმენტები ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ - „იურიდიული დოკუმენტების მომზადება გახდება გაცილებით მარტივი და იაფი, რაც მასზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის.“

 

„ტექნოლოგიების ან ეშინიათ, ან იყენებენ. ჩვენ მეორე ვარჩიეთ და გვჯერა, რომ CONTRACTS.GE  გაამართლებს და ბევრი ბიზნესისსთვის გახდება შეუცვლელი პარტნიორი,“ - ამბობს ლევან გორელაშვილი.

ბიზნესისთვის კიდევ ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს VOBI, რომელიც ასევე თიბისის კონკურსის გამარჯვებულია. VOBI-მ უკვე დაასრულა ვებ-პლატფორმის სატესტო ვერსიის დეველოპმენტი და სავარაუდოდ, ერთ თვეში finvoice.ge ბიზნესებს ინვოისინგის მენეჯმენტში დაეხმარება.

 

„ჩვენი მომხმარებლები ისეთი კომპანიები იქნებიან, რომლებსაც ინვოისების თვალყურის დევნება უწევთ. ამ პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელი აგზავნის ინვოისს, რომელიც პარალელურად იგზავნება  rs.ge-ზე, პროცესი ინტეგრირებულია ბანკთანაც, ანუ გადახდა ავტომატურად დაფიქსირდება პროგრამაში,“ - გვიყვება გაბრიელ მელივა, VOBI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

 

გაბრიელ მელივა ამბობს, რომ პროგრამას  მომავალში მთელი რიგი ფუნქციონალები, შემდგომ კი აპლიკაციებიც დაემატება.  სერვისით სარგებლობა ფიზიკურ პირებსაც შეეძლებათ, მაგალითად, ფრილანსერებს.

 

თიბისისგან მიღებული ფულადი პრემია 15 000 ლარი VOBI-მ პლათფორმის დიზაინის შესაქმელად გამოიყენა, კონკურსში გამარჯვება კი, უფრო მეტ ინტეგრაციაში და კლიენტების მოზიდვაში დაეხმარა. VOBI-ის დამფუძნებლებმა ისარგებლეს თიბისის ბიზნეს კონსულტანტების მომსახურებით.

 

VOBI-ს 20 თანამშრომელი წარმატებით მუშაობს, როგორც საქართველოში, ასევე აქვთ შეკვეთები აშშ-დან, ინგლისიდან, მაროკოდან და დუბაიდან. VOBI-ის ფინტექ პროექტებზე მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. მათ შექმნეს საკაოდ დიდი პროგრამა ERP, რომელსა დღესდღეობით 20-მდე კომპანია იყენებს.

 

„სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დაგვეწყო finvoice-ის პლატფორმის კეთებაც. კლიენტებთან და სხვა ბიზნესებთან კომუნიკაციის შედეგად მივხვდით, რომ მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი საჭირო და საინტერესო შეიძლება იყოს ბიზნესისთვი,“ - ამბობს გაბრიელ მელივა.

Tbcbusinesstools -ის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა IT კომპანია Systemjet, რომელიც სერვისის მიმწოდებელი ბიზნესებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. Systemjet-ის პროდუქტს უკვე ჰყავს აქტიური მომხმარებელი.

 

პროდუქტი სილამაზის სალონებსა და ესთეტიკ ცენტრებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესი, აწარმოონ ჯავშნები მულტიფუნქციურ კალენდარში, შექმნან მომხმარებელთა ბაზა, დაეკონტაქტონ კლიენტებს SMS-ების საშუალებით პროგრამიდან გაუსვლელად, აკონტროლონ თანხების შემოდინება-გადინება, პროდუქტების მართვის სისტემა, ანალიტიკა, სტატისტიკური დიაგრამები თუ მონაცემები.

 

კომპანიამ კონკურსში მოგებული თანხა 30 000 ლარი პროდუქტის დახვეწისთვის და ახალი სერვისის შესაქმნელად  გამოიყენა. Systemjet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან მესხიშვილი ამბობს, რომ კლიენტების შეფასებები ძალიან დაეხმარათ იმაში, რომ პროგრამული უზრუნველყოფა კიდევ უფრო მეტად მოერგოს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.  სოფტვერის მომხმარებელი მცირე და საშულო ზომის ბიზნესები  არიან.  სამომავლოდ პრდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავენ, პირველ ეტაპზე აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

„თიბისის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანი იყო, როდესაც ამხელა კომპანია გეუბნება, რომ მაგარ პროექტს აკეთებ და ამისთვის გრანტსაც გაძლევს, ეს უდიდესი სტიმულია. ამას გარდა, ძალიან დაგვეხმარნენ თიბისის ბიზნესკონსულტანტები, ჩვენ სტარტაპი ვართ და გამოცდილი კომპანიისგან მიღებული რჩევა ჩვენთვის ფასდაუდებელია,“ - ამბობს ლევან მესხიშვილი.

 

Systemjet-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოყენების აქტიურ ფაზაში ზაფხულიდან გადავა, როცა მას განახლებული სახით უკვე  ბევრი ახალ კლიენტი მოიხმარს. 

დამატებით ინფორმაციას ამ და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.businesstools.ge.

კომენტარები