13 ივლისი 15 წუთის საკითხავი
ბლუბერი - ქართული კენკრა

ქართული ხილი, ქართული კენკრა, ქართული ბოსტნეული... - სუპერმარკეტებში, ბაზარში, უბნის პატარა მაღაზიებში ყოველთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოშია მოყვანილი. თითქოს ყველაფერი გამორჩეულად გემრიელი, ჯანსაღი და არომატულია, თანაც საამაყო რომ ქართულ მიწაზე ყველაფერი ხარობს.

 

ადგილობრივი პროდუქციის ასეთი დაფასების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ბაზარზე არც თუ ისე ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი მიწათმოქმედების გამოცდილება ახალ შესაძლებლობად აქცია და ბიზნესად გარდაქმნა. თუმცა ტენდენცია მზარდია და ქვეყანაში უკვე არსებობს კერები, სადაც აგრო ბიზნესებმა საკუთარი განვითარება იპოვეს.

 

ერთ-ერთი ასეთია ქართული აგრონომიული ტრადიციისთვის არც თუ ისე ნაცნობი, თუმცა გურიის მიწასთან წარმატებით დამეგობრებული კულტურა - ლურჯი მოცვი, კერძოდ კი კომპანია „ბლუბერი“, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი აგრო ბიზნესია საქართველოში.

ისტორია ასე იწყება: 2011 წელს ლურჯი მოცვის საქართველოში პოპულარიზაციისთვის დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გურიაში დაბა ნარუჯაში გაშენდა მოცვის პლანტაცია. დასავლეთ საქართველოს მჟავიანი ნიადაგის წყალობით შედეგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოში მოყვანილი მოცვის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებიც გამოვლინდა. 2016 წლიდან დაბა ნარუჯას მოცვის პლანტაციები კერძო საკუთრებაში გადავიდა და ამ დროს დაარსდა ბლუბერიც, რომლის პლანტაციაც უკვე 13 ჰექტარს ითვლის.

 

ლურჯი მოცვი საკმაოდ ძვირადღირებული კულტურაა - ის გამოიყენება ქორფა და არა გაყინული ან დამუშავებული სახით და შესაბამისად საკმაოდ მალფუჭებადია. მართალია მოცვი ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ როგორც ბლუბერიში ამბობენ მისი ერთხელ მომხმარებელი მუდმივი მომხმარებელიც ხდება.

ბლუბერის, როგორც ლურჯი მოცვის ექსპორტიორის, წარმატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს:

  • როგორც აღმოჩნდა ჩვენთან ლურჯი მოცვი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც ბლუბერის კონკურენტული უპირატესობაა, რადგან სეზონის ადრეულ პერიოდში ის ფაქტობრივად მთავარი მომწოდებელია.
  • იმპორტიორ ქვეყნებთან ტერიტორიული სიახლოვის და ტრანსპორტირების მცირე დროის გამო, მოცვი აღარ საჭიროებს ქიმიურ დანამატებს, რაც მას გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს.
  • მართალია, 13 ჰექტარი არც ისე პატარა ფართობია, თუმცა ამ ზომის პლანტაცია საშუალებას იძლევა რომ მოცვი დანადგარის ნაცვლად ხელით დაიკრიფოს, რაც მას ხარისხს უნარჩუნებს და ნაზ ტექსტურას არ აზიანებს.

 

ახლა ბლუბერიში კრეფვის ბოლო ფაზაა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი მუშახელია ჩართული. დამფუძნებელი ინტერვიუსთვისაც ძლივს იცლის, რადგან თავად არის პროცესში ჩართული და ფაქტობრივად ნახევარ წელს გურიაში ატარებს, რომ თვალი ადევნოს მოცვის მოვლისა და მწიფობის პროცესს. მიუხედავად იმისა რომ კომპანიას 7-8 სტაბილური თანამშრომელი ჰყავს, ჰლანტაციას წლის განმავლობაში სჭირდება ბალახისგან გაწმენდა, გასხვლა, შემოწმება, რაშიც ასევე ადგილობრივი მუშახელი მონაწილეობს.

13 ჰექტარი პლანტაციის მოვლის, მოსავლის აღების, შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესი, რომელიც ძალიან მარტივად ისმინება, შეუძლებელია დიდ შრომას არ მოითხოვდეს, მაგრამ ფაქტია შრომას ამსუბუქებს და ახალისებს ენთუზიაზმი, რომელიც ბლუბერიში აქვთ - ქონდეთ მაქსიმალურად დიდი ცოდნა, ოპტიმისტურად უყურონ მომავალს და გამოიყენონ განვითარების ყველა შესაძლებლობა.

 

ქართული აგრონომიული კულტურის მთავარი გამოწვევებიც, როგორც ბლუბერიში ამბობენ, სწორედ ცოდნასთან, კვალიფიკაციასთან და ამ სფეროს მიმართ ახალგაზრდების ინტერესთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ კი, ქართული მიწის სტუმართმოყვარეობა ზემოთხსენებულ ისტორიაშიც ცხადია, ისტორიაში - თუ როგორ გახდა საქართველო სრულიად უცხო კულტურის ექსპორტიორი ქვეყანა.

კომენტარები