21 ნოემბერი 9 წუთის საკითხავი
„ბააკა“ - ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთი აქსესუარები

თუ ქალაქში გამორჩეული დიზაინის, ბუნებრივი, ფერადი ქვებისგან დამზადებულ ბეჭდებს ან საყურეებს შენიშნავთ, ეს „ბააკას“ ხელნაკეთი ნივთებია.

 

სტარტაპი, რომელიც სოფო ბააკაშვილმა 2 წლის წინ წამოიწყო, დღეს უკვე წარმატებულ ბრენდად იქცა. თითოეული ნივთს განსაკუთრებული სიყვარულით და მონდომებით ამზადებს. როგორც თვითონ ამბობს, ეს ის საქმეა, სადაც „საკუთარი თავი იპოვა“.

„ზოგადად, სამკაული ძალიან მიყვარს. რამდენჯერმე ბეჭდები და საყურეები ჩემი დიზაინით დავამზადებინე ოქრომჭედელს. იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე თვითონ მეცადა. ყველა ნივთს, რომელსაც ვამზადებ, პირველ რიგში, მე ვიყენებ, ვაკვირდები, რამდენად კომფორტულია, როგორ მოწონებას დაიმსახურებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამომაქვს გასაყიდად. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ნივთების დამზადების პროცესში. როცა კარგი შედეგი დგება, ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს - ამბობს სოფო.

 

ორიგინალური დიზაინის გარდა, „ბააკას“ ხელნაკეთი ნივთები მაღალი ხარისხის მასალით გამოირჩევა. სოფო მხოლოდ ბუნებრივ ქვებს და ვერცხლს იყენებს. ამბობს, რომ დიზაინთან ერთად, ხარისხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

”ინტერესი ჩემი ნივთების მიმართ იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ყოველდღიურად არაერთ პოზიტიურ შეფასებას ვიღებ, როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივების მხრიდან, რაც ძალიან მახარებს და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ნებისმიერი საქმის წამოწყებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვაგვარად სტარტაპერობა წარმოუდგენელია“, - ამბობს სოფო.

 

უახლოეს მომავალში „ბააკას“ დამფუძნებელი სახელოსნო- მაღაზიის გახსნას გეგმავს. ბეჭდებსა და საყურეებს კი სხვადასხვა სახის ხელნაკეთ აქსესუარს შემატებს, მათ შორის ყელსაბამებს, გულსაკიდებს, სამაჯურებს.

 

„ბააკას“ სამკაულის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ Faebook-ის ან Instagram-ის გვერდებზე, ასევე რამდენიმე მაღაზიაში თბილისში („მფრინავი მღებავი“, Co lab), და რეგიონებში. ნივთების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და 250 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

კომენტარები