13 მაისი 7 წუთის საკითხავი
აპლიკაციების კონკურსის ფინალისტი - Gamo Development

ლუკა ძაგანია თიბისის აპლიკაციების კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია. ტექნოლოგიების სფეროში ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის დამსახურებით აღმოჩნდა. პარალელურად, კარგად ფლობს ციფრული მარკეტინგის პრინციპებს და ამ მიმართულებით არაერთ კომპანიაში უმუშავია.

 

დღეს ის საკუთარი ბიზნეს-კონცეფციის განვითარებას ცდილობს, რომელსაც Gamo დაარქვა. სწორედ ამ იდეამ დაიმსახურა ჟიურის მოწონება და დღეს ის თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტია.

 

Gamo Carploonig აპლიკაციაა, რომელიც ერთი მიმართულებით მიმავალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და საწვავის თანხის განაწილებას სთავაზობს. აპლიკაციის დახმარებით, ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ მოძებნონ თანამგზავრები და გაიყოლონ ისინი საწვავის თანხის სანაცვლოდ.

 

„აპლიკაცია გაამარტივებს ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილებას, მძღოლებს საწვავის ხარჯს დაუზოგავს, ხოლო მომხმარებლებს ტრანსპორტის ლოდინის დროსა და ენერგიას“, - ამბობს ლუკა ძაგანია.

 

აპლიკაცია თითქმის დასრულებულია და ის ტესტირებას გადის. დარჩენილია ბოლო მნიშვნელოვანი შტრიხები, რაც საშუალებას მისცემს შექმნელებს, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ამ მიზნის მიღწევაში ლუკას და მის გუნდს თიბისის კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვედრა ძალიან დაეხმარება.

 

„თიბისის აპლიკაციების კონკურსი ძალიან დადებითი მოვლენაა, რადგან აპლიკაციების შემქმნელებს ხელს უწყობს მიზნების მიღწევაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი კონკურსები ზოგადად ამ სფეროს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თუ გავიმარჯვებთ, ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ აპის შექმნის ბოლო ფაზა წარმატებით დავასრულოთ და საზოგადოებას სრულყოფილი ვერსია წარვუდგინოთ“, - გვითხრა ლუკა ძაგანიამ.

 

კომენტარები