13 მაისი 7 წუთის საკითხავი
აპლიკაციების კონკურსის ფინალისტი - Autonomi

ლუკა ჩხეტიანი 21 წლისაა, მაგრამ უკვე იმდენად აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიების სფეროში, რომ საკუთარი კომპანია SystemCorp-იც აქვს. მისი კომპანია კვლევებზე მუშაობს და თანამედროვე გამოწვევის წინაშე მყოფი ბიზნესებისთვის ჭკვიანურ, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობს.

 

ლუკა ჩხეტიანი გუნდთან ერთად თიბისის აპლიკაციების კონკურსშიც ჩაერთო და მომხმარებლების დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა „აუტონომი“ წარადგინა.  ინოვაციური სისტემა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, მათ შორის, ბანკებს საშუალებას აძლევს დისტანციურად, მარტივად მოახდინონ მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათზე ციფრული სერვისების ადაპტირება.

 

სისტემის ერთ-ერთი ავტორი გვიყვება, რომ ამ გადაწყვეტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი მთლიანად მისი გუნდის შექმნილია და არ იყენებს არანაირ დამატებას, რაც პირადი ინფორმაციის სრულ დაცულობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ამავე მიზეზით, სისტემური უზრუნველყოფა ალტერნატიული საშუალებებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო იაფია.

 

„ჩვენი სისტემა მომხმარებლის იდენტიფიცირებისას სამ ეტაპს აერთიანებს: მომხმარებლის ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტისა და სელფის ანალიზსს, მისი ავთენტურობის შემოწმებასა და სახელმწიფო დოკუმენტზე დატანილი ტექსტის ექსტრაქციას. ეს ერთობლიობა იძლევა უტყუარ გარანტიას, რომ პიროვნება სწორად არის იდენტიფიცირებული“, - ამბობს ლუკა ჩხეტიანი.

 

თიბისის აპლიკაციების კონკურსში ჩართვა ლუკამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონკურსის მთავარი მიზნის შესახებ შეიტყო. ამბობს, რომ მისი პროგრამა ძალიან ამარტივებს ბიზნესების საქმიანობას მომხმარებლების იდენტიფიცირების ნაწილში. როგორც საუბარში აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში „აუტონომის“ განვითარებაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს, რათა სერვისი გააუმჯობესოს.

კომენტარები