21 თებერვალი 10 წუთის საკითხავი
ამხანაგობის ამხანაგი

ყველა სამეზობლოს ჰყავს ერთი დოდო დეიდა, რომელიც თვიდან თვემდე ლიფტის, დასუფთავებისა თუ სხვა ხარჯების შეგროვების მძიმე, მაგრამ  აუცილებელ საქმიანობას კურირებს. წარმოიდგინეთ,  პირველი და მეორე სართული ფულს იმიტომ არ დებს, რომ ლიფტს არ იყენებს. მეოთხე სართული ამბობს, რომ სახურავის შეკეთება მას არ ეხება, წყალი მასთან არ ჩამოდის. აი, მერვე სართულს კი, სულ არ უნდა დასუფთავების ფულის დადება. რა უნდა ქნას დოდო დეიდამ, როცა საკმარისი თანხა  არ გროვდება, სამეზობლოში კი ამდენი მოსაგვარებელი პრობლემაა?

 

ერთი შეხედვით ვითომ რიტორიკული შეკითხვა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დოდო დეიდას არსებობის პარალელურად კი, ჯიბეში აუცილებლად უნდა გვედოს 5 ან 10 თეთრი ლიფტისთვის. თვის ბოლოს კი ისევ უნდა ვკითხოთ ერთმანეთს, სად წავიდა რკინის დაგროვილი ხურდა?

ამ პრობლემებით შეწუხებულმა დავით პირველაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა „Citycom“-ის დაარსება გადაწყვიტეს. კომპანია ამხანაგობებს ძლიერი თვითმმართველობის შესაქმნელად თანამედროვე ტექნოლოგიებს სთავაზობს, ეხმარება მათ რესურსის მობილიზებაში და სწორად გადანაწილებაში. „Citycom“-ი სულ რაღაც სამი თვეა არსებობს და უკვე ორმოცდაათზე მეტ ამხანაგობას ემსახურება.

 

როგორ მუშაობს „Citycom“-ი?

 

„Citycom“-ი სადარბაზოს ელექტრონული საფულეა, რომელიც ლიფტის გამოყენებისას გადახდილ თანხას ამხანაგობის ანგარიშზე აგროვებს და საშუალებას აძლევს თავად განკარგონ იგი.  

„Citycom“ –ის მომხმარებლები,  ლიფტით გადაადგილებისას, ხურდის ნაცვლად, პლასტიკურ ბარათს იყენებენ. წამკითხველზე ბარათის მიდებით წინასწარ დადგენილი თანხა იჭრება და სამეზობლოს ანგარიშზე ირიცხება. ბარათზე თანხის ჩარიცხვის რამდენიმე გზა არსებობს: სწრაფი გადახდის აპარატები, ონლაინ ბანკი და „Citycom“-ის ვებგვერდი. ამავე ვებგვერდზეა შესაძლებელი ამხანაგობის მიერ დაგროვილი თანხის ნახვა და განკარგვა. თბილისის რამდენიმე სამეზობლომ უკვე მოაწესრიგა კორპუსის ფასადი და გაამწვანა ეზო. ცხადია, მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება და კომპანია გაფართოებასა და სხვადასხვა ქალაქებში შესვლას გეგმავს.

რაც მთავარია, „Citycom“-ის გამოყენებით, აღარ ჩნდება შეკითხვები: რამდენი შეგროვდა ან სად წავიდა შეგროვილი ფული? ამხანაგობის ყოველი წევრი თანაბრად ზრუნავს სამეზობლოს გალამაზებაზე. „Citycom“-ის დახმარებით სულ უფრო მეტი ადამიანი იჯერებეს, რომ მათი სახლი და გარემო მათ ხელშია.

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

ფოტო: ნიკა მაქს ხუნდაძე

 

კომენტარები