25 მარტი 11 წუთის საკითხავი
Winess - ღვინო, რომელიც გვაკავშირებს

გრძნობების გამოხატვა ნებისმიერ სიტუაციაში საჭიროა. არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. სიყვარული, რომელიც ადამიანებს აერთიანებს მუდამ ჩვენი თანმდევია. 

 

Winess ადამიანების დასაკავშირებლად და იმ ფიქრების ხმამაღლა გასაჟღერებლად შეიქმნა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სულ რაღაც 4 თვეში დავით მიგინეიშვილმა და ანა ქურდაძემ მოახერხეს და „ვაინეს“-ის ერთგვარი კომუნა შექმნეს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბრენდის ერთგული რჩება.

„ნამდვილად არ ვაპირებდით ამ პერიოდში მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ჩვენც გაგვიკვირდა, როდესაც სოციალურ ქსელში მომხმარებლების შეტყობინებები არ წყდებოდა. მივხვდით, რომ 1 თვით გაჩერება ნებისმიერი ბიზნესისთვის დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ურთულეს რეჟიმში გვიწევს ოპერირება, თუმცა ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივაწოდოთ პროდუქტი“ - ამბობს დავით მიგინეიშვილი.

 

დღეს გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია და თითქმის ყველაფერი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. Winess „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით, ხარვეზების და დიდი ენერგიის მიუხედავად, მაინც ცდილობს ადამიანები „სიყვარულის“ გარეშე არ დატოვოს. როგორც დავითი ჰყვება, ამჟამად კერძო საკურიერო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ პროცესი წარმატებით დასრულდა მიტანის სისწრაფე შედარებით გაუმჯობესდება.

„4 თვეში მოვახერხეთ სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი მიმდევარის შეძენა რაც ძალიან გვახარებს. უამრავი ადამიანია, რომელსაც უყვარს ჩვენი პროდუქტი, ამას ვგრძნობთ და დიდ მოტივაციას გვაძლევს. ეს ადამიანები გვაძლევენ მამოძრავებელ ძალას. ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანი ვმუშაობთ, ვაპირებდით კიდევ ერთი კადრის აყვანას, თუმცა სიტუაცია მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც შეიცვალა. თვის ბოლოს ვგეგმავდით სხვა პროდუქტის, ჩანთების დამატებას, ალბათ ეს მიმართულება სექტემბრამდე გადაინაცვლებს“ - ამბობს დავითი.

 

Winess შეყვარებული წყვილების, და არამარტო მათი, საყვარელი საჩუქარი გახდა. იყო შემთხვევები, როდესაც ხელი ადამიანებს სწორედ Winess-ის ღვინის მეშვეობით სთხოვეს.

„პროდუქტის დამატება ნიშნავს იმას, რომ სტარტაპი ფეხზე დგას და უკვე სიარულს სწავლობს. ერთგვარი კომუნა და საზოგადოება „ვაინეს“-ის გარშემო შექმნილია და დასაწყისშივე ვგრძნობდით თუ აქცენტი რაზე უნდა გაგვეკეთებინა. გვსურს ადამიანებმა სათქმელი მარტივად და გულწრფელად თქვან ერთმანეთთან. თითოეული ჩვენგანის გრძნობები უნდა გაჟღერდეს და გულში არ უნდა ჩაიმარხოს.  Winess-ის დახმარებით არაერთი ასეთი ფაქტი მოხდა რაც ძალიან მახარებს“- გვივყვება კომპანიის თანადამფუძნებელი.

 

კომენტარები