17 ოქტომბერი 12 წუთის საკითხავი
Waffle Nest - კაფე, სადაც სიმყუდროვე და ოჯახური გარემო დაგვხდებათ

ევროპაში, სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას, ალბათ, ყველა ჩვენგანს შეგვხვედრია მყუდრო, ინტერიერით გამორჩეული კაფე, რომელსაც სხვა მსგავსი ადგილებისგან ოჯახური გარემო და ამ კონკრეტული ქალაქისთვის დამახასიათებელი დიზაინი გამოარჩევს. ასეთ კაფეებს განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ აქ პერსონალის ნაცვლად მომსახურებას კაფის მეპატრონეები  გაგიწევენ.

 

ასეთი ადგილის სტუმრობას და სახლში მომზადებული კერძების და ყავის დაგემოვნებას კიდევ ერთი პლიუსი აქვს - მეპატრონეებისგან ბევრ საინტერესო ისტორიას და ამბავს მოისმენთ ქალაქის შესახებ, ისეთს, რომელიც შესაძლოა წიგნებში ან ინტერნეტში ვერ ამოიკითხოთ.

თუ მსგავი მყუდრო ადგილების სტუმრობა გიყვართ, ამის შესაძლებლობა თბილისში, ჭავჭავაძის 12 ნომერში ახლადგახსნილ კაფე Waffle Nest-ში გეძლევათ, სადაც 25 წლის ცოლ-ქმარი, ანა და ანზორი განსაკუთრებულ იტალიურ ყავას და ბელიგურ ვაფლებს მოგიმზადებენ უძველესი რეცეპტით. თუმცა, ეს მხოლოდ შეთავაზების ნაწილია. Waffle Nest –ში  დამფუძნებლების მიერ მომზადებული გემრიელი კერძების დაგემოვნებასაც შეძლებთ.

 

როგორც ანა ამბობს, Waffle Nest-ის გახსნის პირველივე დღიდან მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებას და აზრს აქვს. სწორედ ამ პრინციპზე დგას კაფე. ანა გვიყვება, რომ სტარტაპის დაფუძნება, ბიზნესის სფეროში გამოცდილების არ ქონის გამო, არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა და ცოლ-ქმარს არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია, თუმცა გამოცდილება ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სტარტაპერებს მომხმარებელთან ურთიერთობასა და მათთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნას უმარტივებს.

„ვიცოდით, რომ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება საკმაოდ რთული იქნებოდა. გვინდოდა ისეთი კაფე გაგვეხსნა, რომელიც ყველასგან გამორჩეული იქნებოდა და როგორც ადგილობივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს მიიზიდავდა. სირთულე ბევრი შეგხვდა და ახლაც ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენი კაფიდან უკმაყოფილო მომხმარებელი არ გასულა, მათი შეფასებები კიდევ უფრო გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენს ჩანაფიქრს აუცილებლად მივაღწევთ“, - ამბობს ანა.

 

ანამ და მისმა მეუღლემ  ყველა დეტალი საკუთარი ხელით შექმნეს, მათ შორის კაფის დიზაინიც. უნდოდათ, სტუმრებისთვის პოზიტიური მუხტი და აურა შეექმნათ.

 

„ამ კაფეში ჩემი თავი ვიპოვე.  მომხმარებელთან ძალიან უშუალოები და გულწრფელები ვართ, რაც ჩვენს კაფეს სხვა მსგავსი ადგილებისგან გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ როგორი კარგი თანამშრომელიც არ უნდა ავიყვანოთ, საქმეს ისეთი გულდასმით და მონდომებით ვერავინ შეასრულებს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ“,  - ამბობს ანა.

 

Waffle Nest-ი უახლოეს მომავალში კიდევ ერთი კაფის გახსნას გეგმავს. სტარტაპერებს მიაჩნიათ, რომ ქუთაისი ასეთი ტიპის კაფისთვის თბილისის შემდეგ ყველაზე შესაფერისი ქალაქია.

 

კომენტარები