22 ივლისი 11 წუთის საკითხავი
„ვილა შოთაძე“ - საოჯახო ბიზნესი აჭარაში

შოთაძეების ვილა უკვე ერთი წელია ოჯახურ გარემოში სტუმრებს იღებს. გამწვანებული ეზო, მანდარინების ბაღი, ვენახი, კომფორტული სახლი და აუზი - ეს ყველაფერი დაგხვდებათ „ვილა შოთაძეში“, რომელიც ბათუმის აეროპორტთან ახლოს, მშვიდ და წყნარ დასვენებას გთავაზობთ.

 

ისტორია სამი წლის წინ დაიწყო, როცა ზაურ შოთაძემ, რომელიც ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს ტრანსფერებს სთავაზობდა, გადაწყვიტა, რომ მათთვის ემასპინძლა კიდეც.

 

აეროპორტთან ახლოს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, გადაწყვიტა ოჯახის დანაზოგით ინვესტიცია განეხორციელებინა და პირველი საოჯახო სასტუმროს მშენებლობა წამოიწყო. ეს იყო სამსართულიანი, სრულად აღჭურვილი ვილა, რომელიც იდეალურია ოჯახური დასვენებისათვის. განცხადების განთავსებამ  Booking.com-ზე და  Airbnb-ზე მოლოდინს გადააჭარბა - ზაფხულის სეზონი მთლიანად დაიტვირთა, ძირითადად, უცხოელებით.

„პირველმა წარმატებამ დამანახა, რომ მოთხოვნა მსგავსი ტიპის დასასვენებელ სახლებზე იზრდება, ხალხს ურჩევნია მშვიდ და ოჯახურ გარემოში დაისვენოს. გარდა ამისა, მე მათ ვთავაზობ ტრანსფერებს აეროპორტიდან და უკან, სურვილის შემთხვევაში, გონიოს ან ბათუმის ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი, სახლის საფასურში შედის. ამ სფეროში დიდი კონკურენციაა, ვცდილობთ, რაღაცით გამორჩეული ვიყოთ, რომ დავაინტერესოთ ტურისტები,“ - ამბობს ზაურ შოთაძე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

 

ბიზნესის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და თიბისის სტარტაპ-სასტუმროს პროგრამაში ჩაერთო. აღებული სესხით მესამე სახლის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობაც დაასრულა.

 

გარდა დასვენებისა, „ვილა შოთაძე“ ტურისტებს ისეთ გამოცდილებას სთავაზობს, როგორიც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მიიღო. ასეთია ყურძნის დაკრეფა და დაწურვა, მანდარინის დაკრეფა.

„ჩვენთვის რაც ჩვეულებრივი ამბავია, უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო გამოცდილებაა. ამიტომ რაც შეგვიძლია, რომ ვანახოთ და რაშიც შეგვიძლია, მონაწილეობა მივაღებინოთ, სიამოვნებით ვაკეთებთ. უკრაინიდან და რუსეთიდან სპეციალურად მანდარინის დასაკრეფად ჩამოვიდნენ, იმდენად უყვართ ეს ციტრუსი,“ - ამბობს ზაურ შოთაძე.

 

„ვილა შოთაძის“  სამ ვილას სულ 25-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია, სტუმრებს ჯერ კვებას ვერ სთავაზობს, თუმცა ამ საკითხის მოგვარება სამომავლო გეგმებში შედის. კიდევ აპირებს, რომ უცხოელებს ტურები შესთავაზოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავს, ოღონდ ამჯერად საკუთარი რესურსებით.

თუ ზაფხულში შავი ზღვის სანაპიროზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გადაწყვიტე დასვენება და ჯერ კიდევ არ იცი სად, აუცილებლად დაათვალიერე booking.com-სა და Airbnb-ზე „ვილა შოთაძის“ შეთავაზებები, იქნებ შენც გაგიმართლოს და ვილის დაჯავშნა შეძლო.

 

 

 

ავტორი: სოფო კვინტრაძე

 

კომენტარები