28 ნოემბერი 16 წუთის საკითხავი
VVine - ონლაინ მევენახეობის ახალი პლატფორმა

როგორ გვესმის სიტყვა „ბიზნესი“? ან რას ვარქმევთ ხოლმე „კარგ ბიზნესს“? ერთი შეხედვით ეს პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვაა, რომელსაც მოგება მოაქვს და რაც უფრო მეტია ეს მოგება მით უფრო „კარგია“ ბიზნესი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ალბათ ეს განმარტება ზუსტი იყო. თუმცა, წლების განმავლობაში თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სახელმწიფოების და საერთოდ მსოფლიოს მოწყობაშიც კი იმდენად გაიზარდა ბიზნესის როლი, რომ მისი კარგობის შესაფასებლად მხოლოდ მომგებიანობა აღარაა საკმარისი. დღეს კარგი ბიზნესი გამართულ სისტემასთან ერთად რაღაც დიადი, კეთილშობილი მიზნისა და დანიშნულების ქონას ნიშნავს. ახლა პატარა ზომის კომპანიებსაც კი დიდი იდეები ესახებათ.

 

ბოლო დროს ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა რამდენიმე ისეთი სტარტაპი, რომელიც ერთი შეხედვით სოციალური პროექტია, მის უკან კი ბიზნეს მექანიზმი ფუნქციონიერებს. სოციალური და ბიზნეს აქტივობის ასეთი ერთიანობის მაგალითია ონლაინ მევენახეობის ახალი პლატფორმა - VVINE !

 გლობალური სტარტაპის ტრიპექსის ავტორება ამჯერად მისი მონათესავე სტარტაპი შექმნეს და დეველოპერების, დიზაინერების, მეღვინეების, სომელიეების და გარემოზე მზრუნველი ადამიანების გაერთიანებით ციფრულ ეპოქაში მევენახეობის 2.0 ვერსია შექმნეს.

 

„ერთი მნიშვნელოვანი საერთოც გვაქვს, ძალიან მიზანსწრაფულები ვართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე გარემოზე ზრუნვას ან რაიმეს ახლებურად კეთებას, გადააზრებას ეხება.

 

-როგორ მუშაობს VVINE?

 

VVINE-ის  მუშაობის პრინციპი ასეთია - პლატფორმის სტუმარს ერთი „დავალება“ აქვს - ვირტუალურად შექმნას მისთვის სასურველი ღვინო:

 

  • აირჩიოს რეგიონი, სადაც სურს საკუთარი ვაზის დარგვა;
  • აირჩიოს სასურველი ვაზის ჯიში
  • შეარჩიოს ეტიკეტი
  • შეკვეთის დასრულების შემდეგ მომხმარებელს მისი დარგული ვაზის პასპორტი ეგზავნება, 5 დღეში კი საკუთარი სახელობის ღვინოს იღებს.

 

მათთვის, ვისაც ონლაინ მევენახის სტატუსი მიენიჭებათ (რაც ყოველწლიურ გამოწერას გულისხმობს),  VVINE უზრუნველყოფს ვაზის დარგვას, მოვლას, ყურძნის დაწურვას, ღვინის დამზადებას, ჩამოსხმას და მის დამკვეთამდე მიტანას.

-როგორ ახერხებს VVINE მომხმარებლის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მაშინ, როცა ყველა ვაზის ჯიში კონკრეტულ ტერიტორიაზე მოდის და სპეციფიკური მოვლა სჭირდება?

 

ეს პლატფორმის ყველაზე საინტერესო ნაწილია. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ბევრი მევენახე და მეღვინეა, რომლებსაც ბაზარზე მასობრივი პროდუქცია არ გამოაქვთ, თუმცა ძალიან კარგი ხარისხის ღვინოს ქმნიან. სწორედ მათ მიწებზე ირგვება „დამკვეთის“ მიერ არჩეული ვაზი, ისინი უვლიან და საბოლოოდ ისინი აყენებენ უნიკალურ ღვინოს. მათთან თანამშრომლობით, VVINE ერთი მხრივ ხარისხის გარანტიას ქმნის, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს განვითარებაში და საკუთარ პლატფორმას უთმობს მცირე ზომის მევენახეობასა და მეღვინეობას.

„ტრადიციების გადააზრება და ახალი თაობის საუკუნოვან ღირებულებებთან დაკავშირება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას სიცოცხლეს ერთიორად გაუხანგრძლივებს, საქართველოს კი - კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ახლისა და ყველაზე ძველის სინთეზით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით შევამკობთ ჩვენს ისტორიას. საქართველოში კი, არაფერიაონლაინზეახალი და მევენახეობაზე ძველი.

იდიეის გაჩენის შემდეგ VVINE-ის ავტორებმა ბაჩო ხაჩიძემ და ილო დათუნაშვილმა საკომუნიკაციო კამპანიისთვის „ლივინგსტონს“ მიმართეს. ვაზის გახარების იდეით გახარებული ლივინგსტონელებისთვის კი პროექტი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მისი ფორმირების პროცესში ფაქტობრივად  მთელი ლივინგსტონი ვივაინის გუნდის ნაწილი გახდა - შეიქმნა ბრენდინგი, სახელი, ვებსაიტი, ეტიკეტის დიზაინები...

ვაზმა ორი კომპანა და ბევრი ადამიანი უკვე გაახარა და გააერთიანა. იმედია ეს სიხარული გადამდები აღმოჩდენა.

 

ვახარებთ მთელი საქართველოს ვენახს და ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენს სამშობლოში ვენახის მოსავალი 8000 წლის განმავლობაში მოსულა, ვაზის დარგვისა და გახარების თანამედროვე გზებიც სწორედ აქ მოსულა. ავე!

 

აქ საქმე და სიკეთე ერთდროულად კეთდება.

 

კომენტარები