25 მარტი 17 წუთის საკითხავი
Smash Burger გამოწვევის წინაშე

მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბურგერების რესტორანი Smash Burger თითქმის ერთ წელზე მეტია, წარმატებით ფუნქციონირებს და იქ მისულ სტუმრებს ქალაქში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და გემრიელ ბურგერებს სთავაზობს. სხვადასხვა სახეობის ტრადიციულ ბურგერებთან ერთად, Smash თავის მომხმარებლებს მენიუში განსაკუთრებული და უჩვეულო ნაყინის ბურგერითაც მასპინძლობს. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რესტორნის დარბაზი დროებით დახურული დაგხვდებათ, თუმცა მისმა დამფუძნებლებმა შეიმუშავეს ალტერნატიული გეგმა, რომლის მიხედვითაც Smash ბურგერებს ახლა უკვე გატანის ან სახლში მიტანის სერვისით დააგემოვნებთ.  

 

Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს Smash-ის თანადამფუძნებელ ირაკლი ბიბილეიშვილთან, რომელიც თავისი კომპანიისა და მისი ახალ რეალობაში ფუნქციონირების შესახებ გვიყვება.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. პირველად როდის და როგორ გაჩნდა Smash-ის დაარსების იდეა?

 

ბურგერების გაკეთება ძალიან დიდი ხანია მინდოდა, თუმცა თავს ვერასდროს ვაბამდი, 2018 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ადგილი ვიპოვეთ, რომელმაც არ გაამართლა და ამიტომ რესტორანი გახსნამდე დავხურეთ. უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, როცა ჩემმა ამჟამინდელმა პარტნიორმა შემომთავაზა, რომ  მოსეშვილის ქუჩაზე, იმ ადგილას, სადაც თავის იმდროინდელ ობიექტს ხურავდა, გვეცადა და ახალი ბურგერების რესტორანი გაგვეკეთებინა.

 

რა არის კომპანიის მთავარი კონცეფცია?

 

უბრალოდ, გვინდოდა, ძალიან მარტივი, სწრაფ საკვებზე ორიენტირებული ადგილი შეგვექმნა, სადაც მოხვიდოდი, უცებ შეჭამდი და წახვიდოდი, რაც, ახლა რომ ვუფიქრდები, რეალურად თავისთავად კონცეფცია გამოდის.

 

ვისთვის არის Smash? შეგიძლიათ დაახასიათოთ როგორია ადამიანი, რომელიც თქვენი მუდმივი სტუმარია?

 

როდესაც Smash-ს ვხსნიდით, ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სამიზნე აუდიტორია. მივხვდით, რომ ყოველთვის ყველას კმაყოფილს ვერ დავტოვებდით და ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ბევრი არ გვეფიქრა. საბოლოოდ მაინც ჩვენს სუბიექტურ გემოვნებაზე მორგებული ბურგერები გავაკეთეთ, იმ იმედით, რომ ისეთი  ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც ჩვენს გემოვნებას იზიარებს.

 

დღეს რა ხვდება თქვენთან მოსულ სტუმარს ისეთი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

 

ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ ისეთი ბურგერები დავახვედროთ, როგორიც ჩვენ და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მოსწონთ, და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად, თავისუფალ გარემოში გავაკეთოთ.

 

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და წინააღმდეგობა, როცა ამ საქმეს იწყებდით?

 

მომწოდებლის სტაბილურობა. სინამდვილეში, ბევრად უფრო მეტ გამოწვევას ველოდით, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ პარტნიორებიც მარტივად შევთანხმდით, მალევე ვიპოვეთ ძალიან პოზიტიური და შრომისმოყვარე ადამიანები და შევკარით გუნდი, რომელიც დღეს ძალიან მიყვარს. რაც შეეხება მომწოდებლებს, ეს პრობლემა ამ სფეროში ძალიან ხშირია, არის შემთხვევები, როდესაც დროულად არ მოაქვთ ან შეფერხებით მოაქვთ პროდუქცია, თუმცა მგონია, რომ გამოცდილების ზრდასთან ერთად ესეც გამოსწორდება.


რამდენად აისახა ბოლოდროინდელი მოვლენები, კორონავირუსის გავრცელება და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა თქვენს ბიზნესზე? რა პრობლემები შეგექმნათ თქვენ როგორც სტარტაპს და როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?

 

ზოგადად, აქამდე  გატანის სერვისის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მიმაჩნია, რომ ბურგერი არ არის ის საჭმელი, რომელიც უნდა გაიტანო, იმიტომ რომ გზა და დრო ძალიან მოქმედებს მის არომატზე, ტექსტურაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც მომხმარებელი ბურგერების მირთმევით იღებს. თუმცა რადგან ფორსმაჟორია, არსებულ სიტუაციაზე მორგება მოგვიწია, დარბაზი დავხურეთ და საკურიერო და გატანის სერვისი დავამატეთ. რეალურად შიდა პროცესები დიდად არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ სტუმრები ჩვენს ბურგერებს რესტორნის ნაცვლად სახლში დააგემოვნებენ, რაც მე პირადად არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ, დღევანდელი მოცემულობა ასეთია.

 

ალბათ შეიცვალა თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმებიც...

 

უახლოესი გეგმები ნამდვილად შეიცვალა, მაგალითად, თუნდაც მიტანის სერვისის დამატება იმისთვის, რომ ჩვენს სტუმრებს სახლში ყოფნისას კომფორტი შევუქმნათ. გვინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმაც  უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ჯგუფებად დავიყავით, რომ ერთმანეთთანაც არ გვქონოდა ზედმეტი კონტაქტი. რაც შეეხება გრძელვადიან სამომავლო გეგმებს, ის რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, შეძლებისდაგვარად გავფართოვდეთ და ჩვენი სტუმრებიც მაქსიმალურად ბედნიერი და კმაყოფილი გვყავდეს, ნამდვილად არ შეცვლილა.

 

 

ავტორი: Hammock Magazine

კომენტარები