26 სექტემბერი 21 წუთის საკითხავი
ჭკვიანი სახლი კომფორტული ყოველდღიურობისთვის

სამსახურიდან სახლში დაღლილი თუ ბრუნდებით,  შეგიძლიათ,  ყავა გზიდანვე  გააცხელოთ და შინ მისულმა ყავის მომზადებაში დრო აღარ დაკარგოთ.. ავტოფარეხის კარი მანქანიდან გადმოსვლის გარეშე გააღოთ..  საძინებლიდან  გათიშოთ განათება, რომელიც სამზარეულოში ანთებული დაგრჩათ.. თუ სტუმრად წახვედით და არ გახსოვთ, სამოსის გაუთოვების შემდეგ, უთო ჩართული ხომ არ დაგრჩათ, სახლში დაბრუნების ნაცვლად, შეგიძლიათ მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაცია ჩართოთ და უთოს დენის წყარო გათიშოთ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომფორტისა, რასაც ჭკვიანი სახლი შეგიქმნით.

ასეთი ჭკვიანი სახლი ორმა ქართველმა მეგობარმა შექმნა.  პროგრამისტ ნიკოლოზ იჩქიტიძესა და მიკროელექტონიკის სპეციალისტს დათო ფიფიას ნოუ-ჰაუსთვის არ მიუგნიათ. მათ სპეციალური მობილური პროგრამა დაწერეს და კონტროლერი  დაამზადეს, რომლითაც ჭკვიან სახლში დენის წყაროსთან მიერთებული საგნები ან ტელეფონით ან ხმოვანი ბრძანებების მიხედვით იმართება.



„ადამიანი ყველანაირად ცდილობს, გაიმარტივოს ცხოვრება. ვიღაცას კიბეებზე ასვლა რომ დაეზარა, გამოიგონა ლიფტი და ესკალატორი. იდეა გამიჩნდა იქიდან, რომ მე თვითონ მჭირდებოდა სახლში ჭკვიანი ელემენტები. როდესაც დავინტერესდით, აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ კეთდება. უცხოეთში საკმაოდ მაღალი ფასებია და გადავწყვიტეთ,  შეგვექმნა  ქართული ჭკვიანი სახლი. გვაქვს საშუალება, შევიდეთ ბაზარზე და რატომაც არა,“ - ამბობს ნიკოლოზ იჩქიტიძე.  

მეგობრებმა პირველად საკუთარი სახლები „დააჭკვიანეს“.  ნიკოლოზის ეზოში სარწყავი სისტემები უკვე მეექვსე თვეა  მობილური აპლიკაციით აქტიურდება. ავტორები გეგმავენ, რომ ჭკვიან სახლს ლოგიკაც დაუმატონ, მაგალითად, სენსორული დეტექტორები ნიადაგის ტენიანობას გაზომავს და თავად გადაწყვეტს, გამწვანება მოსარწყავია თუ არა.

განათება, ჟალუზები, მადუღარა,  კონდენციონერი, ეზოში  სარწყავი არხები, ავტოფარეხი... ნიკოლოზ იჩქიტიძემ და დათო ფიფიამ „ჭკვიანი სახლის“ თავდაპირველ პროექტში 32 წერტილის მართვა ჩადეს, თუმცა გეგმავენ რომ ეს რაოდენობა გააორმაგონ.



„ბაზარზე ამ პირობებით იმიტომ შევედით, რომ სტანდარტულ 3 ოთახიან ბინას 32 წერტილი ყველაფერში უნდა ჰყოფნის. მაგრამ მოლაპარაკებების დროს,  ერთ-ერთი დეველოპერის მოთხოვნა იყო 64 წერტილი, რადგან ნებისმიერი დენის წყაროს მართვა აქვს ნაგულისხმევი,“ - აღნიშნავს პროექტის ავტორი.

პროდუქტის შემქმნელები  მოლაპარაკებებს რამდენიმე დეველოპერულ კომპანიასთან აწარმოებენ.  ჭკვიანი სახლის იდეის რეალობად ქცევისას  მთავარი გათვლა, სწორედ სამშენებლო ბიზნესზე ჰქონდათ. ნიკოლოზი ამბობს, რომ საცალო ვაჭრობაზე ორიენტირებულები არ არიან,   მიუხედავად ამისა, თუ კერძო პირი ჭკვიანი სახლის პროგრამის შეძენას მოინდომებს, მას 1400 $-ის გადახდა მოუწევს. კერძო კომპანიებისთვის  თანხა 1200 $-ია, თუმცა პროექტის ავტორები მზად არიან, ბევრის შეძენის შემთხვევაში, კლიენტს საკუთარი პროექტი ნაკლებ ფასად შესთავაზონ.

„ერთ-ერთმა დეველოპერმა გვკითხა, რომ უცხოური კომპანიები  ჭკვიანი სახლს გაცილებით ძვირად ყიდიან და რატომ არის ჩვენი ფასი ასეთი დაბალი. უცხოელების პროდუქტში უკვე დახარჯულია მარკეტინგის, ბრენდირების თანხა, ისინი დამკვიდრებულები არიან ბაზარზე. თანაც მათი პროექტები ითვალისწინებს WIFI-ის, რაც აძვირებს პროდუქტს.  ჩვენ ჭკვიანი სახლი გათვლილი გვაქვს რემონტის პროცესზე და ინტერნეტისთვის ვიყენებთ კაბელს... ამით თავს ვიზღვევთ იმისგან, რომ თუ ინტერნეტი გაითიშა ან მაგალითად, როუტერმა გაჭედა, მთელი სახლის პარალიზება არ მოხდება... თანაც, ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, რომ პლატები, რომლებსაც ვაპროექტებთ, საქართველოში არ მზადდება, ამიტომ ვიწერთ ჩინეთიდან. შემდეგ მას ემატება სხვადასხვა ელემენტები და იქცევა უკვე მზა კონტროლერად, რომელიც მონტაჟდება სახლებში და ჩვენს მიერვე სპეციალურად შექმნილი მობილური პროგრამით, ან ხმოვანი ამომცნობითა და მიკროფონების მეშვეობით, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. რადგან ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია, პლატაც კი საკუთარი ხელით გვაქვს აწყობილი, თვითღირებულება ძალიან ძვირი არ არის,“ - ამბობს ნიკოლოზი.




პირველად საცდელი კონტროლერი ტექნოპარკში ააწყვეს. პროტოტიპის შექმნაში სწორედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარათ. ამ ეტაპზე მეგობრებს ჭკვიანი სახლის 10 კომპლექტი აქვთ დასრულებული და მოლაპარაკებები  მის რეალიზაციაზე მიმდინარეობს. პროეტის ავტორთა შეფასებით, მზად არიან, რომ რომელიმე დეველოპერს უფასოდ შესთავაზონ, რადგან მათი თქმით, ქართული ბაზარი სიახლეების მიმართ  სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა მას მიმბაძველობა ახასიათებს და ეს საჩუქარი საშუალებას მისცემთ, სამომავლოდ დამკვეთები მოიზიდონ და უფრო მეტი კლიენტი შეიძინონ.

„პროტოტიპი ნოემბერში დავასრულეთ, იანვარში უკვე პლატაზე დავდეთ კომპონენტები და ავაწყვეთ, რომ სახლებში დაგვეტესტა. 6 თვეა სისტემა ორ სახლში მუშაობს, ამ პერიოდში რაღაცეები გავაუმჯობესეთ, გეგმაში გვაქვს ტექნიკურად კიდევ უფრო დახვეწილი, 64 წერტილიანი პროექტი. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენს დამზადებულ  10  პროექტს რა გამოხმაურება  ექნება,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ  იჩქიტიძე.